დაისვენე კურორტ ახალდაბაში
აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით საგარეო უწყებაში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება
ავტორი:
2014/ოქტომბერი/18 15:00:02
20 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება.
როგორც უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა, შეხვედრაზე დიპლომატებს რუსეთ-აფხაზეთს შორის გასაფორმებელ, "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის"' შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მიაწვდიან ინფორმაციას.
"ორშაბათს დაგეგმილია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა, რომელსაც გამართავს ჩემი პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან ერთად. შეხვედრის მიზანია დიპლომატების ინფორმირება", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მინისტრის განმარტებით, აღნიშნული ხელშეკრულების შესახებ საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაციისა და ინფორმირების მიზნით მომავალ კვირას თავადაც არაერთ შეხვედრას გამართავს.
"უსაფრთხოების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც იყო ვრცელი და შინაარსიანი, სწორედ ის დოკუმენტი განვიხილეთ, რომელიც რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მიაწოდა. ეს პროექტი დეტალურად განვიხილეთ და დავსახეთ ჩვენი სამოქმედო გეგმა, რომელიც პირველ რიგში, ამ მიმართულებით საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაციას გულისხმობს. პირადად მე, ორშაბათს ლუქსემბურგში მივემგზავრები, სადაც ევროკავშირის 28 ქვეყნის მინისტრებთან მექნება შეხვედრა. ლუქსემბურგის შემდეგ დაგეგმილია ვიზიტი ბერლინში - ძირითადი თემა ეს ხელშეკრულება იქნება. ამ კუთხით მუშაობა გაგრძელდება აშშ-სა და სხვა ქვეყნებთან. თავის მხრივ, პარტნიორი პარლამენტების ინფორმირების მიმართულებით იმუშავებს საქართველოს პარლამენტიც", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1021
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია