დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ხათუნა გოგორიშვილი - სახელმწიფო ბიუროკრატიის ხელფასებისთვის წელს 54-მილიონ 130 ათასი ლარით მეტი გამოიყოფა
ავტორი:
2014/ოქტომბერი/16 14:00:02
2014 წელთან შედარებით, სახელმწიფო ბიუროკრატიის ხელფასებისთვის 54-მილიონ 130 ათასი ლარით მეტი გამოიყოფა. ბოლო ორი წლის განმავლობაში 8 321 ადამიანით მეტი მუშაობს სახელმწიფო სამსახურში, - აღნიშნული განცხადება დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა ფინანსთა მინისტრის უმცირესობასთან შეხვედრისას გააკეთა. სხდომაზე 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილება.
გოგორიშვილმა ნოდარ ხადურს განმარტებების გაკეთება საჯარო სექტორში სახელფასო პოლიტიკის და პრემიების საკითხზე სთხოვა და დაინტერესდა, "როდემდე უნდა იხარჯებოდეს ასობით მილიონი ჩინოვნიკების შესანახად, როცა ბიუჯეტი გარღეულია და უცნობია, იზრდება თუ არა პენსია".
"2012 წლის 13 დეკემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ჩემს მიერ დასმულ კითხვაზე, თუ როდის და როგორ დარეგულირდებოდა ხელფასების და პრემიების საკითხი, რაც 2013 წლის ბიუჯეტში ბუნდოვანი და გაუგებარი იყო, თქვენ მიპასუხეთ: "ეს არის ბოლო ბიუჯეტი, სადაც სახელფასო საკითხები მოწესრიგებული არ არის. ფინანსთა სამინისტრომ უკვე დაიწყო მუშაობა დასარეგულირებელი ნორმატიული ბაზის შესაქმნელად და მომავალი წლის ბიუჯეტში ნახავთ, ეს პრობლემა როგორ აღარ იქნება". ახლა გეტყვით, რა მდგომარეობაა ორი წლის შემდეგ. ყველამ ვიცით, რომ 2014 წლის ბიუჯეტით აღნიშნული საკითხი არ დარეგულირდა. საზოგადოებისთვის ფართოდ არის ცნობილი თქვენი ხელისუფლების სახელფასო პოლიტიკა, პრემიები, რამდენი მილიონი გაიცა და რომელ სტრუქტურებში... გეტყვით, რას გეგმავთ 2015 წელს ხელფასებთან დაკავშირებით: 2014 წელთან შედარებით, სახელმწიფო ბიუროკრატიის ხელფასებისთვის ბიუჯეტში გამოყოფილია 54-მილიონ 130 ათასით მეტი ლარი. ეს იმ ფონზე, როცა საშტატო ერთეულების რიცხოვნობა მნიშვნელოვნად არ იზრდება. ხოლო თუ ვნახავთ, სად მცირდება და სად იზრდება, სურათი აბსოლუტურად განსხავევებულია. 2012 წელს სახელმწიფო სამსახურში 101 017 საშტატო ერთეული იყო, ხოლო 2015 წელს - 109 338 იმუშავებს. შესაბამისად, ამ ორი წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუროკრატიაში 8 321 ადამიანით მეტი მუშაობს. ეს მაშინ, როცა თქვენმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" ერთ-ერთი პრიორიტეტი მცირე მთავრობა იყო. ახლა კი, როცა ხელისუფლებაში მოხვედით, ძალიან ბევრი ნათესავ-მეგობარი აღმოგაჩნდათ დასასაქმებელი და მოგიწიათ შტატების გაზრდა. კიდევ ერთი რამ - 2012 წელთან შედარებით, 323-მილიონით მეტია იმ თქვენი დაპირებული მცირე მთავრობის შრომის ანაზღაურება", - მიმართა ხადურს გოგორიშვილმა.
დეპუტატის განცხადებით, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ხელფასების შემცირება დაგეგმილია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ფინანსთა სამინისტროში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, ეკონომიკის სამინისტროში. ხელფასები არ იცვლება: შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე არ იცვლება მასწავლებელთა ხელფასები, სამხედრო პირების ხელფასები. ხელფასები კი, გოგორიშვილის თქმით, მთავრობის კანცელარიაში ეზრდებათ.
"ყოველ წელს, ყველაზე მაღალი შრომითი ანაზღაურება მთავრობის კანცელარიას აქვს და არც 2015 წელი არის გამონაკლისი, იზრდება საშტატო ერთეულებიც. ასევე, როგორც ჩანს, მას შემდეგ რაც გარემოს დაცვის მინისტრი შეიცვალა, გარემოს დაცვა პრიორიტეტული გახდა - ეტყობა დღევანდელი მინისტრი კარგ ურთიერთობაშია პრემიერ-მინისტრთან და მის პატრონთან. ხელფასები ეზდება: გარემოს დაცვას, მოსამართლეებს, რაზეც არაფერს ვიტყვი. ხელფასები იზრდება ევროინტეგრაციის სამინისტროში, ინფრასტრუქტურის სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროში და პროკურატურაში. შრომის ანაზღაურების ნაწილი მნიშვნელოვან იზრდება კულტურის სამინისტროში და სპორტის სამინისტროში, ოღონდ ეს არის ხელოვნების დარგების ხელშეწყობა და სპორტული მიმართულებების ხელშეწყობა – როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ 2015 წელს ხელოვნების მუშაკებს და სპორტსმენებს ფული აღარ დაურიგოს და ეს მთლიანად თავის თავზე სახელმწიფო ბიუჯეტმა აიღო. ხელფასები იზრდება სახელწიფოს დაცვის სამსახურში, რადგან სრულიად ახალი ტენდენციაა, რომ ყველა თანამდებობის პირი დაცვით დადის და მთავრობის ყველა წევრს ჰყავს დაცვა", - განაცხადა გოგორიშვილმა.
თავის მხრივ, გოგორიშვილის მიერ მოყვანილი ინფორმაცია ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა არ დაადასტურა და საჯარო სექტორში ხელფასების და შტატების გაზრდა და ბიუჯეტში ასახული რიცხვები ახალი სამსახურების შექმნას დაუკავშირა.
"მთავრობის ყველა წევრს დაცვა არ ჰყავს. უშიშროების საბჭოს წევრების გარდა, დაცვა არ ჰყავს არავის. 138 მილიონით იყო გაზრდილი შრომის ანაზღაურება, აქედან პრემიები შემცირებულია 14 მილიონი ლარით, შრომის ანაზღაურება გაზრდილია თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროში. თანამშრომელთა რაოდენობა 8-ათასი შტატით იზრდება. ძირითადად ეს არის ახლად შექმნილი სამსახურების შტატები და მათი შექმნა გათვალისწინებული იყო ჩვენი ევროპული არჩევანით. აღებულია ვალდებულება, რომ უნდა შეიქმნას ანტიმონოპოლიური და სხვა სამსახურები. გარდა ამისა, ბევრი მიმართულებაა, როცა შტატგარეშე თანამშრომლები შტატში გადმოდიან. არის არა ხელფასების, არამედ შრომის ანაზღაურების ზრდა. შემცირებულია პრემიები, განსაკუთრებით მინისტრების – არც ერთი მინისტრი მაღალ პრემიას აღარ იღებს. მინისტრების შრომის ანაზღაურება ხელზე შეადგენს თვეში 5-ათასს ლარს. რაც შეეხება გარემოს დაცვის სამინისტროს, აღდგა გარემოს დაცვის ინსპექცია, რომელიც გაუქმებული იყო და თავისთავად ცხადია, რომ შრომის ანაზღაურება ემატება, რადგან შტატები ემატება. ხელფასები არ უმცირდებათ არც ფინანსთა სამინისტროში და არც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ზოგიერთ შემთხვევაში, შტატები მცირდება, მაგრამ არა ხელფასები. მთავრობის კანცელარიას დაემატა ფუნქციები, მათ შორის ორი საბჭო - ეკონომიკური და უსაფრთხოების საბჭოები და ხდება მათი დაფინანსება", - აღნიშნული განმარტებები ხადურმა გოგორიშვილის პასუხად გააკეთა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 974
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია