დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ადამიანი კანონი თავისუფლება" - საზოგადოებრივი მაუწყებელის სამეურვეო საბჭო პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო
ავტორი:
2014/ოქტომბერი/11 17:30:02
არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანი კანონი თავისუფლება" აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელის სამეურვეო საბჭო წლების განმავლობაში პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო.
როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, ეს მაუწყებლის გენერალური დირექტორის არაერთხელ დათხოვნაში აისახა. არასამთავრობო ორგანიზაციამ კვლევა ჩაატარა, რომელიც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინა.
"ახლად არჩეულმა გიორგი ბარათაშვილმა საინფორმაციო სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა, რასაც სამეურვეო საბჭოს მხრიდან მისი დათხოვნა მოჰყვა", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
"ადამიანი, კანონი, თავისუფლების" თავმჯდომარის, გიორგი ჭულუხაძის განცხადებით, სამეურვეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, ლევან გახელაძე თავის ინტერვიუებში ყოველთვის მიუთითებდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო ყველაზე დაბალანსებული ტელევიზია, რასაც მოწმობდა საერთაშორისო ორგანიზაციების მონიტორინგის შედეგები.
"აღსანიშნავია, რომ აქ საუბარია გაეროს მიერ დაფინანსებულ პროექტზე, რომელიც წინასაარჩევნოდ სატელევიზიო არხების საინფრომაციო მიუკერძოებლობის ხარისხის მონიტორინგს ახორციელებდა და ამ მონიტორინგის შემსრულებელი იყო "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი" (CRRC). ეს ის ორგანიზაცია, რომელიც NDI საქართველოსთვის ატარებდა და ატარებს საზოგადოებრივი აზრის კვლევებს და რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" დროს ლევან თარხნიშვილი ხელმძღვანელობდა. მოგეხსენებათ, რომ საზოგადოებაში NDI საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევების სანდოობა ძალიან დაბალია და მისი დაბალი სანდოობა პირდაპირ უკავშირდება CRRC-ს, როგორც შემსრულებელ ორგანიზაციას, შესაბამისად, მის მიერ ჩატარებული სატელევიზიო არხების დამოუკიდებლობის მტკიცებაც არადამაჯერებელია", - განაცხადა გიორგი ჭულუხაძემ.
მისივე თქმით, ამ პოზიციას ამყარებს ის გარემოებაც, რომ დღეს ლევან გახელაძე და ხათუნა ბერძენიშვილი ერთი ორგანიზაციის, "სამართლის თაობის" წევრები არიან, რომელშიც ასევე გაწევრიანებულია "თავისუფალი ზონის" წევრიც.
"გამომდინარე იქედან, რომ ქალბატონი ხათუნა ბერძენიშნვილი, ბატონები ლევან გახელაძე და ლევან თარხნიშვილი დღეს გაცხადებულად წარმოადგენენ "ნაციონალურ მოძრაობას" ადასტურებს იმას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებლობაზე საუბარი თავის დროზე იყო იმ სქემის ნაწილი, რომლითაც მოქმედებდა მთელი სისტემა" , - აღნიშნა გიორგი ჭულუხაძემ.
მისივე თქმით, სისტემატური ხასიათი მიიღო ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნამ, რომლებიც რეალურად ყოფილი ხელისუფლების "ზონდერ ჯგუფებით" არიან დაკომპლექტებულები და ეს პროცესი კვლავ გრძელდება.
გიორგი ჭულუხაძე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ "სამართლის თაობა" რამდენიმე დღის წინ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად აქცია გამართეს თბილისის მერიის წინ.
"ეს იყო მათი პირველი აქტივობა და ძალის დემონსტრირება. ჩვენ უახლოეს მომავალში კიდევ არაერთი ორგანიზაციის შექმნის მომსწრენი გავხდებით, რომელიც მსგავსი სახის აქციებში და დესტრუქციულ ქმედებებში იქნებიან ჩართულები. კატეგორიულად მიუღებელია არასამთავრობო სექტორის სახელით კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესების მიზნის მისაღწევად მსგავსი ქმედებები. ეს ნდობას უკარგავს არასამთავრობო სექტორს და ეწინააღმდეგება მის არსს დემოკრატიულ და თავისუფალ საზოგადოებაში. მსგავსი ქმედებები ხელს უშლის დასავლურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციის პროცესს", - აღნიშნა გიორგი ჭულუხაძემ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 833
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია