დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ადამიანის უფლებათა ცენტრი ხელისუფლებას უცხოეთის მოქალაქეების სამართლებრივი პრობლემების შესახებ მიმართავს
ავტორი:
2014/ოქტომბერი/07 11:00:02
ადამიანის უფლებათა ცენტრი საქართველოს ხელისუფლებას უცხოელთა უფლებების შელახვისა და დისკრიმინაციის ფაქტების აღმოფხვრის მიზნით როგორც პრაქტიკის, ისე კანონმდებლობის შეცვლისკენ მოუწოდებს.
მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან, მას შემდეგ რაც ძალაში შევიდა ახალი კანონი "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ", ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართა ათეულობით უცხოელმა, რომელთაც ბოლო პერიოდში საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი ეთქვა. უარის თქმის საფუძველს უმეტესად წარმოადგენს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად ადამიანის საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ. ასეთ უფლებამოსილ ორგანის საქართველოში წარმოადგენს შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რომლის "დასკვნა", ადამიანიც უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, სულ რამდენიმე წინადადებისაგან შედგება და მთავრდება ვერდიქტით: "კონტრდაზვერვის დეპარტამენტს საქმეში მითითებული პირისთვის მუდმივი ბინადრობის მინიჭების უფლება მიზანშეუწონლად მიაჩნია".
"არც ერთ საქმეში მხარისათვის არაფერია ცნობილი იმ "არგუმენტების" შესახებ, რაც აღნიშნულია კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნაში, თუმცა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ამ ფაქტს არავითარ ყურადღებას არ აქცევს და უცხოელ მოქალაქეებს საქართველოში დროებით ცხოვრებაზე უარს ეუბნება. პრობლემას კიდევ უფრო ართულებს ის, რომ არგუმენტებით არც სასამართლო ინტერესდება. სასამართლო ხელმძღვანელობს კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით, რომლის შესაბამისადაც კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს და არ შეიძლება გამოყენებული იქნას სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა", - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებაში.
ორგანიზაციას დახმარებისთვის ასევე მიმართა რამდენიმე უცხოელმა მოქალაქემ, რომლებიც დაქორწინებული არიან საქართველოს მოქალაქეებზე, ჰყავთ შვილები, რომლებიც ქართულ სკოლაში დადიან და სურვილი აქვთ, ცხოვრობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე.
"შესაბამისად, როცა იუსტიციის სამინისტრო მათ ბინადრობის ნებართვაზე უარს ეუბნება, ოჯახი დგება არჩევანის წინაშე - ან ოჯახი ინგრევა ან მიემგზავრება სხვა ქვეყანაში. ფაქტობრივად, სახელმწიფო აიძულებს თავის მოქალაქეს, დაანგრიოს ოჯახი, ანუ მამას წავიდეს თავის ქვეყანაში და დედა და შვილი დატოვოს საქართველოში. ეს კი უკვე არის ოჯახის ერთიანობის დანგრევა და არავის აქვს უფლება, ასე უხეშად ჩაერიოს ადამიანის პირად ცხოვრებაში. მით უმეტეს, ასეთ შემთხვევებზე უკვე არსებობს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებები ევროპის სხვადასხვა ქვეყნების წინააღმდეგ მოქალაქეთა სასარგებლოდ", - აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს: იუსტიციის სამინისტროს - გადახედოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მუშაობის პრაქტიკას და საქართველოში ბინადრობის ნებართვის განხილვისას გასცეს მხოლოდ დასაბუთებული უარი; შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს - მიაწოდოს რეალური ინფორმაცია და უცხოელ მოქალაქეთა საქართველოში ბინადრობაზე უარი გაამყაროს არგუმენტირებული დასკვნით; საქართველოს პარლამენტს და მთავრობას, დაინტერესდეს უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობით და შეცვალოს როგორც კანონმდებლობა, ისე პრაქტიკა, რათა ქვეყანაში აღმოიფხვრას უცხოელთა უფლებების შელახვისა და დისკრიმინაციის ფაქტები.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 909
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია