დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ზვიად კვაჭანტირაძე - ევროსაბჭოს დოკუმენტში ბევრი პოზიტიური ჩანაწერია, თუმცა ოპონენტები მხოლოდ კრიტიკულ მომენტებზე აპელირებენ
ავტორი:
2014/ოქტომბერი/02 18:30:02
ჩვენ მაინც ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ რეზოლუციას და იმედი ვიქონიოთ, რომ კონკრეტულად ახალაიასთან მიმართებაში სამართლებრივი პროცესი დროში არ გაიწელება , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა.
"PACE-ს ნებისმიერი რეზოლუცია არის ძირითადად პოლიტიკური პარტიების მიერ გამოხატული პოზიცია, სადაც დელეგატები უპირველესად, პარტიულ და ასევე ხშირ შემთხვევაში საკუთარ, პირად პოზიციებს წარმოადგენენ. ამ დოკუმენტში ბევრი პოზიტიური ჩანაწერია, თუმცა ჩვენი ოპონენტები მხოლოდ კრიტიკულ მომენტებზე ამახვილებენ ყურადღებას და ხატავენ აპოკალიფსურ სურათს, რაც მეტი არაფერია, ვიდრე მცდელობა ჭიქაში ქარიშხალი დაატრიალონ. საბრალოდ ჩანს მათი მცდელობა, ქვეყნის გარეთ ეძებონ მხარდამჭერები, რადგანაც კარგად იციან, რომ როგორც მინიმუმ იმ საკითხებში, რაც მათი მცდელობით ჩაიწერა რეზოლუციაში, "ნაცმოძრაობას" საზოგადოებაში მინიმალური მხარდაჭერაც აღარ გააჩნია. იბადება კითხვა - რატომ უმალავენ ჩვენი ოპონენტები თავის მჭევრმეტყველურ კომენტარებში ხალხს, რომ რეზოლუციაში თვალნათლივ წერია, რომ მიუღებელია დამნაშავის დაუსჯელობა, მათ შორის განსაკუთრებით, თუ დანაშაული ჩადენილია ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების მიერ - იქნება ეს დღევანდელი თუ წინა ხელისუფლების წევრები. რეზოლუცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საპარლამენტო ასამბლეა ითვალისწინებს, რომ მოქალაქეების მიერ ათიათასობით სარჩელი შევიდა ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ციხეებში არასათანადო მოპყრობის, საკუთრების უფლების ხელყოფისა და ძალაუფლების გადამეტების თაობაზე. ასამბლეა ამ რეზოლუციით მოგვიწოდებს, ეს საქმეები სრულყოფილად იქნას გამოძიებული ქვეყანაში ძალაუფლების დანაწილებისა (იგულისხმება, რომ პროკურატურისა და სასამართლოს კომპეტენციაში ჩარევა არ უნდა მოხდეს) და დამოუკიდებელი სასამართლოს პრინციპის სრული დაცვით", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
დეპუტატი ხაზს უსვამს, ასევე, რეზოლუციაში შემდეგ ჩანაწერს: "2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებით ქვეყნის ისტორიაში პირველად დაფიქსირდა პოლიტიკური ძალაუფლების მშვიდობიანი, არჩევნების გზით გადაცემა. კარგად ორგანიზებული მმართველი კოალიცია, რომელმაც ძლიერ ოპოზიციასთან ერთად გააძლიერა პარლამენტისა და პარლამენტარიზმის როლი საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში. ევროპის საბჭო მიესალმება ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ფართომასშტაბიან რეფორმებს, მათ შორის საკონსტიტუციო რეფორმას, წინგადადგმულ ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის და სასამართლო სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლების მიერ მედიის სფეროში განხორციელებული რეფორმები წინგადადგმული ნაბიჯია, მედიასთან დაკავშირებული კანონმდებლობა გაუმჯობესდა და თანხვდება საერთაშორისო სტანდარტებს. პოზიტიურად არის შეფასებული თვითმმართველობის შესახებ კანონში ცვლილებები და მერებისა და გამგებლების პირდაპირი არჩევის წესი".
რაც შეეხება კრიტიკას, ზვიად კვაჭანტირაძის აზრით, რეზოლუციაში გარკვეული პუნქტების ჩამატებით და კონკრეტულად ყოფილი მაღალჩინოსნების გვარების ხსენებით კარგად გამოჩნდა, რომ ძირითადად EPP-ს წარმომადგენლებმა გამოხატეს სოლიდარობა პარტნიორი პარტიის – "ნაციონალური მოძრაობის" პოზიციების მიმართ და შეეცადნენ სოლიდარობა გამოეხატათ თანაპარტიელებისთვის, რომლებიც ისევ ბევრი მათგანისთვის გასაკვირად, მსჯავრდებულთა სკამებზე აღმოჩნდნენ.
"ვინმეს თუ ეს მხარდაჭერა უკვირს გასაკვირი სწორედ ეს იქნებოდა. თუმცა, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ამ შემთხვევაშიც ქვეყნის ინტერესებზე მაღლა საკუთარ პარტიულ და პირად ინტერესებს აყენებს და აგრძელებს "პარტიზანულ ბრძოლას" ხალხისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ. ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა რეზოლუციის საბოლოო ტექსტს, სწორედ აღნიშნული თავსმოხვეული ჩასწორებების გამო მხარი არ დაუჭირეს, ჩვენ მაინც ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ რეზოლუციას და იმედი ვიქონიოთ, რომ კონკრეტულად ახალაიასთან მიმართებაში სამართლებრივი პროცესი დროში არ გაიწელება. თავსმოხვეულს ამ ჩასწორებებს იმიტომ ვეძახი, რომ რეზოლუციის პირველადი პროექტი სხვაგვარად გამოიყურებოდა, რასაც ჩვენც მხარს ვუჭერდით. უპრეცედენტო ფაქტია ის, რომ რეზოლუციის საბოლოო პროექტს თავად საქართველოს საკითხებზე მომხსენებლებმაც კი არ დაუჭირეს მხარი, ისევე, როგორც რეზოლუციის საბოლოო ტექსტს მხარი მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარემაც არ დაუჭირა. არადა, ეს სწორედ ის ადამიანები არიან ვინც ასამბლეის დელეგატათა შორის ყველაზე კარგად არიან ინფორმირებულები საქართველოში მიმდინარე ყველა პროცესის შესახებ. ერთი სიტყვით, წავიკითხოთ, გავაანალიზოთ ყველა მომენტი და გავიზიაროთ ყველა ის რეკომენდაცია, რისი გაზიარებაც შეიძლება და რაც უპასუხებს საქართველოს ხალხის და სახელმწიფოს ინტერესებს და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, გავაძლიეროთ თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან და ჩვენი ქვეყნის მეგობრებთან, მიუხედავად მათი პოლიტიკური ინტერესებისა და კიდევ უფრო გამჭვირვალე გავხადოთ ყველა პროცესი, რომლის მიმართაც შეიძლება ნებისმიერი შეკითხვა გაჩნდეს", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 851
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია