დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" ქვეყნის საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადასვლის ერთწლიან პერიოდს აფასებს
ავტორი:
2014/ოქტომბერი/01 16:00:02
,,საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" ქვეყნის საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადასვლის 1 წლიან პერიოდს აფასებს.
როგორც "ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციაციის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს კონსტიტუციის ძალაში შესვლიდან ქართულ საკონსტიტუციო-სამართლებრივ რეალობაში ორი მასშტაბური რეფორმა განხორციელდა: პირველი - 2004 წლის 6 თებერვლის, ხოლო მეორე - 2010 წლის 15 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონის საფუძველზე. ამ უკანასკნელის პროექტის შემმუშავებელი საკონსტიტუციო კომისიის მიზნად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, ,,ქვეყნის თანამედროვე, მდგრადი და სტაბილური განვითარების, სამართლის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის ცივილური ურთიერთობების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი შინაარსის კონსტიტუციური კანონის პროექტის შემუშავება" განისაზღვრა.
"აღნიშნული მიზნის მიღწევის აუცილებელი წინაპირობა სახელისუფლებო შტოებს შორის გონივრული ბალანსის დამდგენი მექანიზმების ჩამოყალიბებაა, რასაც ნამდვილად ვერ უზრუნველყოფდა 2010 წლის 15 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონის პირვანდელი რედაქცია (ძალაში შესვლამდე მისი ტექსტი ორჯერ შეიცვალა). ამის თქმის საფუძველს ის იძლევა, რომ, რეფორმის შედეგად, პარლამენტის მიერ მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების პრაქტიკული შესაძლებლობა, არაგონივრულად, ხელოვნურად გართულებული პროცედურისა და პრეზიდენტის ე.წ. უნდობლობის გამოცხადების პროცედურის შემაყოვნებელი ბერკეტის გამო, მინიმუმამდე შემცირდა. თუმცა, პარლამენტს უნდობლობის გამოცხადების გზით მთავრობის ადვილად გადაყენება არც რეფორმამდე შეეძლო, ამ საკითხთან მიმართებით პრეზიდენტის მძლავრი უფლებამოსილების გამო.
2010 წლის 15 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონის კიდევ ერთი დებულება, რომელიც საკანონმდებლო და აღმასრულებელ სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსს არღვევდა, შეეხებოდა პრემიერ-მინისტრის უფლებას მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, პარლამენტის წინაშე მთავრობის ნდობის საკითხი დაესვა. აღნიშნული კანონპროექტი ერთი მოსმენით მიიღებოდა, რაც გამორიცხავდა საკითხის საფუძვლიანის განხილვის შესაძლებლობას; თუ პარლამენტი მხარს არ დაუჭერდა მის მიღებას, დაიწყებოდა მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების ხანგრძლივი პროცედურა, რომლის ბოლომდე მიუყვანლობის შემთხვევაში (რისი ალბათობის ხარისხიც ძალიან მაღალი იყო), კანონი მიღებულად ჩაითვლებოდა. ამგვარი რეგულაცია საკანონმდებლო სფეროში პარლამენტის პრეროგატივას არღვევდა და მთავრობის მიერ პარლამენტის ადვილად მართვისათვის ნოყიერ ნიადაგს ქმნიდა.
საბედნიეროდ, ეს ნორმა არ ამოქმედდა, 2013 წლის 4 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონის მიღების შედეგად, რომლითაც 2010 წლის 15 ოქტომბრის კონსტიტუციურ კანონში ცვლილება შევიდა და კონსტიტუციის 81 პრიმა მუხლის რეფორმამდელი რედაქცია შენარჩუნდა.
რაც შეეხება 2010 წლის 15 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონის შედეგად რეფორმირებული სახელმწიფო მმართველობის მოდელის დადებით მხარეებს, პირველ რიგში, მთავრობის ფორმირების პროცესში პრეზიდენტის როლის ფორმალიზება და მხოლოდ საპარლამენტო საფუძველზე მთავრობის ფორმირების ინსტიტუტის შემოღება უნდა დასახელდეს. ამ სიახლით, მთავრობის ჩამოყალიბების საკითხთან მიმართებით პარლამენტის მნიშვნელობა გაიზარდა, რასაც ვერ ვიტყოდით კონსტიტუციის 2004 წლიდან 2013 წლის 25 მარტამდე მოქმედი რედაქციის საფუძველზე, ამ სფეროში პრეზიდენტის მძლავრი ბერკეტების გამო.
2010 წლის რეფორმის კიდევ ერთ დადებით მხარედ შეიძლება, მთავრობის, როგორც დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანოს, სტატუსის მკაფიოდ განსაზღვრა აღინიშნოს. თუკი რეფორმამდე, იგი, ფუნქციურად, აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელების საქმეში პრეზიდენტის დამხმარე ორგანოდ შეგვეძლო, მიგვეჩნია, დღეს იგი აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოა, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საშინაო და საგარეო პოლიტიკას. პრეზიდენტი კი ჩამოშორებულია აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან. სწორედ ამ ნიშნით, საქართველო საპარლამენტო სისტემაზე ორიენტირებულ რესპუბლიკად მიიჩნევა.
რეფორმის შედეგად განისაზღვრა კონტრასიგნაციისა და პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კოორდინაციის სხვა მექანიზმები - მთავრობის წარდგინების, წინასწარი თანმობისა და მთავრობასთან შეთანხმების სახით. მათი დამდგენი ნორმები არაერთ ხარვეზს შეიცავს, რის გამოც, უმჯობესი იქნება ამ ნორმების დახვეწა და მკაფიოდ ჩამოყალიბება, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი გაუგებრობა და ნორმატიული ჩიხი.
მიუხედავად იმისა, რომ, კონსტიტუციის სისტემური განმარტების შედეგად, საერთაშორისო ხელშეკურლებებსა და შეთანხმებებზე ხელმოწერისას, ასევე საერთაშორისო დონეზე მოლაპარაკებების წარმოებისას აშკარაა პრემიერ-მინისტრის უპირატესობა, უმჯობესი იქნება, კიდევ უფრო ნათლად ჩამოყალიბდეს აღნიშნული საკითხების მარეგულირებელი ნორმები, რათა ამ მიმართულებითაც გამოირიცხოს ბუნდოვანება.
კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პოზიტიური სიახლე, რომელიც 2010 წლის 15 ოქტომბრის რეფორმას უკავშირდება, პრეზიდენტისათვის ადმინისტრაციული და საკონსტიტუციო იუსტიციის განხორციელების უფლებამოსილების ჩამორთმევაა. თუკი 2013 წლის 17 ნოემბრამდე (2010 წლის რეფორმის ამოქმედებამდე) პრეზიდენტი უფლებამოსილი იყო, შეეჩერებინა ან გაეუქმებინა მთავრობისა და აღასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა აქტები, თუ ისინი ეწინააღმდეგებოდნენ კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, კანონებსა და პრეზიდენტის ნორმატიულ აქტებს, რეფორმის ამოქმედების შემდეგ, პრეზიდენტს ეს უფლებამოსილება (რომელიც სასამართლო ხასიათისაა) აღარ გააჩნია. თუმცა, დასახელებული პოზიტიური მიდგომა არ გახლდათ სრულმასშტაბიანი, რადგან პრეზიდენტს, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის (რომელიც კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია) თანახმად, კვლავ აქვს შენარჩუნებული აჭარის მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების იმავე მოტივით შეჩერების ან გაუქმების უფლება, რაც არღვევს სასამართლო ხელისუფლების კომპეტენციას.
მიუხედავად დადებითი მხარეებისა, დღევანდელი სახელმწიფო მმართველობის მოდელის უარყოფით მახასიათებლად კვლავ რჩება პარლამენტის მიერ მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების გაუმართლებლად გართულებული პროცედურა. პრაქტიკულად, ეს საკითხი აქტუალური ჯერ არ გამხდარა, მაგრამ აუცილებელია, რომ მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში მთავრობასა და პარლამენტს შორის ურთიერთობის გონივრულად დამაბალანსებელი მექანიზმები შემუშავდეს", -ნათქვამია განცხადებაში.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 864
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია