დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - მურმან დუმბაძის მცდელობა, საკუთარი გავლენის ქვეშ ჰყოლოდა აჭარის მთავრობა, უშედეგოდ დასრულდა
ავტორი:
2014/სექტემბერი/14 16:00:04
ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე აჭარის მთავრობის საქმიანობაში ჩარევასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც იყო გაფრთხილებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდრომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
პარტიის მხრიდან მურმან დუმბაძისადმი წაყენებულ ბრალდებებზე საუბრისას ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველოში ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის უფლებამოსილებები გამიჯნულია და პარლამენტს და მთავრობას, ისევე, როგორც აჭარის უმაღლეს საბჭოსა და აჭარის მთავრობას, აქვთ თავთავიანთი საქმე.
"პარტიის სამდივნომ გააანალიზა მურმან დუმბაძის ქმედებები ამ ორი წლის განმავლობაში. სამწუხაროდ, მურმან დუმბაძე უკვე მეორე წელია უხეშად ერეოდა აჭარის მთავრობის საქმიანობაში. ამის თაობაზე ჯერ კიდევ ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა საუბარი მურმან დუმბაძესთან. ის რამდენჯერმე სიტყვიერად იყო გაფრთხილებული, რომ არ უნდა ჩარეულიყო აჭარის მთავრობის მეთაურის საქმიანობაში. ჩვენი მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ არსებობს ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის გადანაწილება. მკაფიოდ არის გამიჯნული, რომ პარლამენტს აქვს თავისი საქმე, ხოლო მთავრობას თავისი საქმე, ასევე პრეზიდენტს, აჭარის მთავრობას და აჭარის უმაღლეს საბჭოს თავისი საქმე. ჩვენი დემოკრატიის მონაპოვარი არის ის, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის მოხდა გადანაწილება და დაყოფა. სამწუხაროდ, მურმან დუმბაძის საქმიანობა და მისი ქმედებები ძალიან სერიოზულ კითხვებს ბადებდა ჩვენში. მისი მცდელობა, რომ საკუთარ ხელში და გავლენის ქვეშ ჰყოლოდა აჭარის უმაღლესი საბჭო და აჭარის მთავრობა, უშედეგოდ დასრულდა", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილმა.
პარტიის გადაწყვეტილებით მურმან დუმბაძე პარტიის რიგებიდან გაირიცხა. ამასთან, როგორც დუმბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დატოვებს საპარლამენტო უმრავლესობის რიგებს და პარლამენტში როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი ისე გააგრძელებს საქმიანობას. დუმბაძემ ისიც აღნიშნა, რომ მას რამდენიმე დღის წინ თავად ჰქონდა მიღებული პარტიიდან გასვლის გადაწყვეტილება, თუკი პარტია მხარს არ დაუჭერდა აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დაწყებას.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1230
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია