დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ნინო ბურჯანაძე - მთავრობა, რომელიც კოჰაბიტაციაშია "ნაცმოძრაობასთან", საკუთარი გუნდის პრეზიდენტთან თანამშრომლობას ვერ ახერხებს
ავტორი:
2014/სექტემბერი/11 19:00:01
"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში მოვლენები ისე ვითარდება, როგორც იგი საპარლამენტო არჩევნებამდე პროგნოზირებდა. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მთელ სახელმწიფოს ერთი ადამიანი აკონტროლებს. "ბუნებრივია, სრულიად მოსალოდნელი იყო მოვლენების ამგვარი განვითარება. ვწუხვარ, რომ კიდევ ერთხელ, ისევე, როგორც არაერთგზის, ჩემი პროგნოზი გამართლდა. ქვეყანა არის ურთულეს მდგომარეობაში. ძალიან მძიმე ვითარებაა როგორც საერთაშორისო არენაზე, ასევე ქვეყნის შიგნით. ეს არის სამარცხვინო, რაც ქვეყანაში ხდება, როცა მთავრობა, რომელიც კოჰაბიტაციურ რეჟიმშია "ნაციონალურ მოძრაობასთან", დღეს ვერ ახერხებს ელემენტარულ კოჰაბიტაციას და თანამშრომლობას საკუთარი გუნდის წევრებთან იმ დონეზე მაინც, რომ ეს არ იქცეს საერთაშორისო სკანდალად. მე, როგორც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტს და პოლიტიკოსს, შემიძლია გითხრათ, რომ არ მახსენდება მსგავსი პრეცედენტი, რომ ქვეყანაში იყოს დავა და კამათი, ვინ უნდა წავიდეს ვიზიტით ასეთი უმაღლესი დონის შეხვედრაზე. კიდევ უფრო სამარცხვინოა, როდესაც აღმოჩნდა, რომ მთელი მთავრობა და საგარეო უწყება დაკავებულია იმით, რომ პრეზიდენტის ვიზიტი ჩაშალოს, ნაცვლად იმისა, რომ ემზადებოდეს ვიზიტისთვის. ვერაფერს სასიკეთოს ეს მთავრობა ჩვენს ქვეყანას ვეღარ მოუტანს და ნამდვილად დროა, რიგგარეშე არჩევნებზე სერიოზულად ვიფიქროთ", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, სამწუხაროდ, საქართველო აღარ არის ნორმალური სახელმწიფოების რიგში. "ჩვენთან პოლიტიკური პროცესები ვითარდება არანორმალურად. ასე რომ, პროგნოზების გაკეთება ნამდვილად რთულია. მაგრამ ის, რომ ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ასეთი კრიზისის განსამუხტად დაინიშნებოდა ვადამდელი არჩევნები, ეს პოლიტიკის ანაბანაა. კარგი იქნება თუ ჩვენი საზოგადოება ამას ადეკვატურ შეფასებას მისცემს", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ნინო ბურჯანაძის კომენტარს პარტია "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 947
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია