დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - ღვინო, მინერალური წყალი რუსულ ბაზრებზე გადის, მაგრამ პარალელურად გრძელდება მავთულხლართების მშენებლობა
ავტორი:
2014/სექტემბერი/03 22:00:01
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლონდონში, საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტში საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე ისაუბრა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, არსებობს პროგრესი - ღვინო, მინერალური წყალი რუსულ ბაზრებზე გადის, მაგრამ პარალელურად, გრძელდება მავთულხლართების მშენებლობა, ე.წ. საზღვრებზე ადამიანების გატაცება.
"ჩვენ გვაქვს პოზიტიური სიტუაცია ვაჭრობის კუთხით. შევქმენით სპეციალური ფორმატი, როდესაც პრაღაში ჩვენი წარმომადგენელი ესაუბრება რუსებს. ისინი საუბრობენ ვაჭრობაზე, თუმცა ამან შესაძლოა შეამციროს დაძაბულობა ჩვენს შორის. შექმნას უფრო ხელსაყრელი ფორმატი სხვა, უფრო რთული საკითხების განსახილველად. აქვე გვაქვს პროგრესი, ღვინო, მინერალური წყალი გადის რუსულ ბაზრებზე, მაგრამ პარალელურად გრძელდება მავთულხლართების მშენებლობა, ე.წ. საზღვრებზე ადამიანების გატაცება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის კომენტარს ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი ლონდონში ვიზიტის ფარგლებში დღეს საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტს ესტუმრა, სადაც დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა სიტყვით, თემაზე - "საქართველო და ევროპის უსაფრთხოება უკრაინის კრიზისის გათვალისწინებით".
ქვეყნის პირველმა პირმა მათ საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა რუსეთთან ურთიერთობისა და დასავლეთთან ინტეგრაციის სირთულეების შესახებ. როგორც მან აღნიშნა, უკრაინაში შექმნილმა კრიზისმა სულ უფრო მეტი კითხვა წარმოშვა რუსეთსა და დასავლეთს შორის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოსთვის უცხო არ არის სხვა ქვეყნის ზეგავლენა და ანექსია და როგორც რუსეთის მეზობელი ქვეყანა, ის კიდევ ერთი პოტენციური მესაზღვრეა ამ ომში. მისი განცხადებით, ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, 2008 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების გაგრძელებაა - შედეგად კი, უკრაინის ტერიტორიები ისევე ოკუპირებულია, როგორც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი.
სიტყვით გამოსვლის დროს, საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთო უელსში დაგეგმილ სამიტს და იმ მოლოდინს, რომელიც ქვეყანას ამ სამიტიდან აქვს. სახელმწიფოს მეთაურმა საზოგადოების წინაშე იმ წვლილზეც ისაუბრა, რომელიც საქართველო ნატოს მისიებში შეიტანა. მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ IშAF-ის მისიაში საქართველო ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ქვეყანაა ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის და ევროკავშირის მისიასაც შეეხო, რომლის ფარგლებში ქართველი სამხედროები ცენტრალურ აფრიკაში მსახურობენ. მისი განცხადებით, საქართველო არის პრინციპული, პასუხისმგებლიანი მოთამაშე საერთაშორისო არენაზე საერთო უსაფრთხოების დამკვიდრების საკითხში.
საუბარი შეეხო საქართველო-რუსეთის ურთიერთობასაც. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ეკონომიკურად და პოლიტიკურად სტაბილური საქართველო, ეკონომიკურად და პოლიტიკურად სტაბილური უკრაინა არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის. პირიქით, სტაბილური საქართველო, სტაბილური უკრაინა არის კავკასიის ნათელი მომავლის საწინდარი, რაც ასევე სიკეთის მომტანია რუსი ხალხისთვის, მათ შორის ბიზნენსის წარმომადგენლებისთვის.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა. გიორგი მარგველაშვილმა როგორც დამსწრე საზოგადოების, ისე ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 876
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია