დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი სესიაშვილი - აჟიოტაჟი, თითქოს პრეზიდენტს გარკვეული ფუნქცია უმცირდება, არის აბსურდული
ავტორი:
2014/აგვისტო/19 17:00:02
უშიშროების საბჭო არის მრჩეველი ორგანო და თავისთავად, პრეზიდენტის პროცესში ჩართულობაც შემოიფარგლება მხოლოდ შენიშვნებით , წინადადებებითა და რეკომენდაციებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა დეპუტატებს, ექსპერტებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისივე განმარტებით, კონსტიტუცია სხვა მექანიზმს არ იძლევა.
"კონსტიტუციის დღევანდელი მოდელი გვაძლევს გარკვეულ ჩარჩოს. ჩვენ ამ ჩარჩოში უნდა ჩავჯდეთ. მთავრობა არის კოლეგიალური ორგანო, ის იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, სადაც ჩართულია სხვადასხვა სამინისტრო და განსაზღვრავს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფუნქციებს და საკითხებს. აქედან გამომდინარე, იმ საკითხების განხილვაში, რომელიც კოლეგიალურად გადასაწყვეტია, თავისთავად ცხადია, მთავრობამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ ეს ავტომატურად არ გამორიცხავს და პირიქით, ითხოვს პრეზიდენტის ჩართულობას. პრეზიდენტს ამისთვის აქვს უშიშროების საბჭო, ეს საბჭო არის მრჩეველი ორგანო, რომელიც პრეზიდენტს აძლევს რჩევებს. თავისთავად, პრეზიდენტის ჩართულობა პროცესში შემდგომში შემოიფარგლება შენიშვნებით, წინადადებებით და რეკომენდაციებით. კონსტიტუცია სხვა მექანიზმს არ გვაძლევს", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
აღნიშნულ კონტექსტში დეპუტატი მიიჩნევს, რომ ჩვენ გარკვეული დილემის წინაშე ვდგევართ.
"დილემა წარმოიქმნა 2010 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, ვინაიდან ის მოდელი, რომელიც დღეს არსებობს, არის ძალიან ბუნდოვანი და თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით პრეზიდენტისა და მთავრობის ფუნქციებს მკაფიოდ არ განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ გვიწევს ახლა ამაზე მსჯელობა. რაც შეეხება უთანხმოებას, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის რაიმე უთანხმოებას მე ვერ ვხედავ და ის აჟიოტაჟი, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო დღეების განმავლობაში, თითქოს პრეზიდენტს გარკვეული ფუნქცია უმცირდება, არის აბსურდული. მიმდინარეობს მუშა პროცესი იმისთვის, რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოვიდეს კანონები", - აღნიშნა დეპუტატმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 950
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია