დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"თავდაცვის შესახებ" კანონში ცვლილებების განხილვა ამ ეტაპზე შეჩერებულია
ავტორი:
2014/აგვისტო/18 17:30:02
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით მომზადებულ კანონპროექტზე მუშაობა შეჩერებულია.
როგორც ირაკლი სესიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "თავდაცვის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებების განხილვას საკანონმდებლო ორგანო "ეროვნული უშიშროების საბჭოს" შესახებ ორგანულ კანონზე მუშაობის დასრულების შემდეგ დაიწყებს.
"კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებასთან ერთად, პარლამენტმა მთელი რიგი ცვლილებები განახორციელა კანონმდებლობის კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციის მიმართულებით - გადანაწილდა ფუნქციები პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის, მათ შორის დავიწყეთ მუშაობა "ეროვნული უშიშროების საბჭოს" შესახებ ორგანული კანონის შესახებ. ვიდრე ამ კანონში ცვლილებებს არ შევიტანთ, "თავდაცვის შესახებ" კანონპროექტზე მუშაობა შეჩერებულია. ჯერ ზემდგომი კანონი – ორგანული კანონის პროექტი უნდა დამტკიცდეს, რომელიც ნაწილობრივ განსაზღვრავს და მიჯნავს ფუნქციებს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყება "თავდაცვის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე საკომიტეტო მოსმენები და მერე ვიმსჯელებთ, ვინ რა დოკუმენტს ამტკიცებს. "ეროვნული უშიშროების საბჭოს" შესახებ ორგანულ კანონს უნდა ესადაგებოდეს "თავდაცვის შესახებ" კანონი", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
კომიტეტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ თუ "თავდაცვის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები ორგანულ კანონთან თავსებადი არ იქნება, თავდაცვის სამინისტრომ ის პარლამენტიდან გაითხოვოს.
"ვიდრე ორგანულ კანონზე მუშაობა არ დასრულდება, თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. შემდგომში შესაძლებელია, თავდაცვის სამინისტრომ გაიწვიოს კიდეც ეს კანონპროექტი, თუ თავსებადი არ იქნება ორგანულ კანონთან და თავიდან წარმოადგინოს. ზოგადად, მას შემდეგ, რაც კონსტიტუციის ახალი რედაქცია ამოქმედდა, თავისთავად ცხადია, მთავრობას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის მართვაში და პრეზიდენტს, მე ვიტყოდი, გარკვეული მნიშვნელოვანი ფუნქციები შეეზღუდა, მაგრამ სად და რა დოზით, რომელ დოკუმენტს ვინ ამტკიცებს, ეს არის საკმაოდ სერიოზული მსჯელობის საგანი. სანამ არ დავიწყებთ საკომიტეტო მოსმენებს, არ მოვისმენთ თავდაცვის სამინისტროს პოზიციას, არ მოვისმენთ, თუ ასეთი იქნება, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას და არ გავეცნობით შენიშვნებს, იქამდე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ნაადრევია შექმნილი აჟიოტაჟიც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჯერ ორგანული კანონი არ დამტკიცებულა", - აღნიშნა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.
სესიაშვილის მტკიცებით, ამ ეტაპზე დანამდვილებით შეუძლია მხოლოდ ის თქვას, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით საქართველოს პრეზიდენტს გენერალური შტაბის უფროსის დანიშვნის კომპეტენცია არ ეზღუდება.
"რადგან ასეთი ინტერესი გაჩნდა, გეტყვით, რომ კანონპროექტში ასეთი ჩანაწერი არ არის და როგორც მახსოვს, გენერალური შტაბის უფროსს ამტკიცებს ჩვეულებრივ პრეზიდენტი", - განმარტა ირაკლი სესიაშვილმა.
"თავდაცვის შესახებ" კანონით, სხვა საკითხებთან ერთად, თავდაცვის სფეროში პრემიერისა და პრეზიდენტის ფუნქციებიც უნდა გაიმიჯნოს.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 844
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია