დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას მოუწოდებს, დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებულ სანქციებს შეუერთდეს
ავტორი:
2014/აგვისტო/08 16:30:02
გუშინ, საჯაროდ, ღია გზავნილის დონეზე დაფიქსირდა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ქვეყნის მთავარი პარტნიორების – აშშ-სა და ევროკავშირის პოზიციას ეწინააღმდეგება, - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებას, რომლის მიხედვით, რუსეთის მიმართ დასავლეთის სანქციები გამოსავალი არ არის და საჭიროა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებულ სანქციებს შეუერთდეს. როგორც ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ გზით დაესმევა წერტილი გაუგებრობას, თუ სად დგას საქართველო.
"ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოს მთავრობის რეაქციას უკრაინაში და უკრაინის გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. თუმცა, განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადება, რომლის მიხედვით, რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციები არის კონტრპროდუქტიული, უშედეგო და საჭიროა სხვა გზების მოძებნა უკრაინის პრობლემის გადასაწყვეტად. სიმბოლურია, რომ ეს დაემთხვა აშშ-ს პრეზიდენტის ბარაქ ობამას განცხადებას, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მუშაობს წარმატებით და დაემთხვა ნატო-ს გენერალური მდივნის ანდრეს ფოგ რასმუსენის განცხადებას, რომ ნატო წყვეტს ურთიერთობას რუსეთთან. აქამდეც გვქონდა კითხვის ნიშნები, რამდენად შესაბამისობაში იყო საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ჩვენი მთავარი პარტნიორების გზავნილებთან, მაგრამ გუშინ საჯაროდ, ღია გზავნილის დონეზე დაფიქსირდა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ჩვენი მთავარი პარტნიორების – აშშ-ს და ევროკავშირის პოზიციას ეწინააღმდეგება. კარგად უნდა გვესმოდეს, რამხელა ხიფათის მატარებელია ეს ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის – საქართველოს უსაფრთხოება, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, საქართველოს ევროპული მომავალი, ეკონომიკური განვითარება დამოკიდებულია ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების თანამშრომლობასა და თანადგომაზე", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისივე თქმით, შექმნილ სიტუაციაში საქართველოს ხელისუფლებამ სრულიად მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს, წყალგამყოფის რომელ მხარეს დგას – დგას სტრატეგიულ პარტნიორებთან, თუ დგას პუტინის რუსეთის გვერდით და მიიჩნევს, რომ დასავლეთის მიერ გატარებული სანქციები უშედეგოა.
"მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მკაფიოდ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და გააკეთოს ის, რაც დღემდე არ გაუკეთებია – საქართველო შეუერთდეს დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებულ სანქციებს, ან ამ სანქციების ნაწილს. სანქციებთან მიერთება იქნება მკაფიო სიგნალი, რომ საქართველო დგას აშშ-ს და ევროკავშირის გვერდით და საქართველო წარმოადგენს დასავლური ცივილიზაციის ნაწილს. ასეთი სიგნალის გარეშე ჩვენი დასავლური მომავლი წარმოუდენელია. ასეთი სიგნალის გარეშე ჩვენი ევროპული ინტეგრაცია აუსრულებელ ოცნებად დარჩება", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 950
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია