დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეკატერინე ქარდავა - კერძო სექტორში ხელფასები იზრდება, საჯარო სექტორმა კი მას კონკურენცია უნდა გაუწიოს
ავტორი:
2014/ივლისი/30 19:00:02
კერძო სექტორში ხელფასები იზრდება, საჯარო სექტორმა კი მას კონკურენცია უნდა გაუწიოს, - ამის შესახებ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ განაცხადა.
ეკატერინე ქარდავას განცხადებას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.
"საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის #449 დადგენილებით განისაზღვრა საჯარო სამსახურში პრემიის გაცემის წესი და პირობები. დადგენილების შინაარსის ფორმირებისას გათვალისწინებულ იქნა როგორც საჯარო სამსახურში პროფესიონალი, მაღალი კონკურენციით გამორჩეულ კადრთა მოზიდვის და არსებულთა შენარჩუნების აუცილებლობა, ასევე სახელმწიფო ფინანსების ხარჯვისას საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
ნუ დაგავიწყდებათ, რომ კერძო სექტორში ხელფასები იზრდება, საჯარო სექტორმა კი კონკურენცია უნდა გაუწიოს ამ სექტორს კვალიფიცირებული კადრების მოზიდვაში. ეფექტური მართვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სახელფასო და საპრემიო სისტემების გამართულობა. მოტივირებული საჯარო მოხელე არის ქვეყნის ეფექტური მართვის და განვითარების გარანტი. ასეთი სისტემის არ არსებობა კორუფციის მაღალი რისკის შემცველია. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევიმუშავეთ ისეთი პროექტი, რომლის მიხედვითაც გამორიცხულია ყოველგვარი გადაცდომა და ის მავნე პრაქტიკა, რაც არსებობდა საჯარო სექტორში, მაგრამ ამავე დროს შენარჩუნებულია საჯარო მოხელის მოტივირებულობა და მაღალკვალიფიციურობა.
ამ მიზნით გაიწერა ისეთი რეგულაციები, რომლებიც არ გამოიწვევს საჯარო სექტორში დასაქმებული კვალიფიციური კადრების დემოტივაციას და ხელს შეუწყობს სახელმწიფო ფინანსების ხარჯვის გამჭვირვალობას. დადგენილების შინაარსზე მუშაობის მიზნით, საკონსულტაციოდ, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით, მოწვეულ იქნა გერმანელი ექსპერტი, რომელმაც იმუშავა ქართულ მხარესთან ერთად და ჩამოყალიბდა ე.წ. გარდამავალი პერიოდისთვის ერთიანი ხედვა, რომელიც მთავრობამ მოიწონა და დაამტკიცა დადგენილების სახით.
დადგენილების თანახმად, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში, მათ დაქვემდებარებაში მყოფ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დაწესდა პრემიის გაცემის ზღვრული ოდენობა და პერიოდულობა, ასევე პრემიის გაცემის წინაპირობები და შესაბამისი წერილობითი დასაბუთებულობის სავალდებულოობა. დადგენილების თანახმად, აიკრძალა თანამდებობის პირების მიერ საკუთარ თავზე პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული საკითხის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღებად განისაზღვრა ზემდგომი თანამდებობის პირი, კერძოდ, სამინისტროებისა და სამინისტროებს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში შესაბამისი მინისტრი, ხოლო დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში - პრემიერ-მინისტრი.
გარდა ამისა, ხელისუფლების სხვა შტოების წარმომადგენლებს და თვითმმართველობას ეთხოვა მათ სისტემაში დასაქმებულ მოხელეებზე პრემიის გაცემისას გაითვალისწინონ მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესი.
დღესდღეობით საჯარო სამსახურის ბიურო, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, მუშაობს საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციაზე. კონფეცფიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს საჯარო სამსახურში სახელფასო სისტემის რეფორმა წარმოადგენს, რომელიც ეტაპობრივად საჯარო სამსახურში სამუშაო აღწერილობების, რანგირების ერთიანი სისტემისა და შეფასების სისტემის დანერგვის კვალდაკვალ განხორციელდება. სწორედ აღნიშნული უწყვეტი რეფორმის პროცესის შედეგი იქნება მომავალში საქართველოს საჯარო სამსახურში შეფასებაზე ორიენტირებული საპრემიო სისტემის დანერგვა, რომელიც შეესატყვისება ევროპულ მოდელს", - ნათქვამია საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის განცხადებაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 909
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია