დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კოტე კუბლაშვილი - მოსამართლეთა 3 წლის ვადით დანიშვნა დიდ რისკს შეიცავს
ავტორი:
2014/ივლისი/24 13:30:02
სამი წლის ვადით დანიშვნა მოსამართლის დამოუკიდებლობას ძირს უთხრის, - ასე აფასებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
კუბლაშვილის შეფასებით, არსებობს რისკი, რომ ამ 3 წლის განმავლობაში მოსამართლეებმა პოლიტიკური მოტივაციის გადაწყვეტილებები მიიღონ და არა სამართლებრივი არგუმენტებით დასაბუთებული.
"მე ხშირად გამომითქვამს ამასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია. ახლაც იგივე მოსაზრება მაქვს. იცით, რომ ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა და ესაა ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი მიღწევა. მასში განსაკუთრებული ყურადღება სწორედ მოსამართლეებს ეთმობა და იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი გადამზადება იმისთვის, რომ მთლიანი სისტემა ევროპული სტანდარტისკენ სწრაფად წავიდეს. ერთს ვიტყვი, როგორადაც არ უნდა გადავამზადოთ მოსამართლეები და ამის პრობლემა დიდი ხანია არ გვაქვს, როგორი მაღალი კვალიფიკაციის ტრენერებიც არ უნდა მოვიწვიოთ, აბსოლუტურად არაფერს არ ექნება აზრი, თუკი მოსამართლეები დავნიშნეთ მხოლოდ 3 წლის ვადით. ეს არის არა მარტო ჩემი მოსაზრება, ეს არის, პირველ რიგში, ვენეციის კომისიის მოსაზრება, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის მოსაზრება, რომლებიც ყოველთვის აფიქსირებენ, რომ მოსამართლეთა 3 წლის ვადით დანიშვნა შეიცავს ძალიან დიდ რისკს, საფრთხეს მათი დამოუკიდებლობისთვის - ამ 3 წლის განმავლობაში შესაძლებელია მოსამართლეებმა პოლიტიკური მოტივაციის გადაწყვეტილებები მიიღონ და არა სამართლებრივი არგუმენტებით დასაბუთებული. ამიტომაც კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ პოზიციას და ჩვენი მიდგომა, რაც ერთსულოვანია, ასეთია – სამწლიანი დანიშვნა მოსამართლის დამოუკიდებლობას ძირს უთხრის", - განუცხადა კუბლაშვილმა შესაბამის საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს.
"საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიზანია თანამდებობაზე სამი წლის ვადით დანიშნული მოსამართლეების საქმიანობის შეფასება. პროექტის მიხედვით, მოსამართლის საქმიანობის შეფასება ორი ძირითადი კრიტერიუმის: კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის საფუძველზე განხორციელდება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1010
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია