დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - მინისტრები, რომლებიც მთავრობას დაემშვიდობებიან, არ იყვნენ ისეთი ეფექტურები, როგორც კაბინეტის სხვა წევრები
ავტორი:
2014/ივლისი/23 21:30:02
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ის მინისტრები, რომლებიც მთავრობის შემადგენლობას დაემშვიდობებიან, არ იყვნენ ისეთი ეფექტურები , როგორც კაბინეტის სხვა წევრები, - ამის შესახებ პრემიერმა "ტელეიმედის" გადაცემა "პოლიტიკის დროში" განაცხადა და აღნიშნა, რომ საკადრო ცვლილებებზე დიდი ხანი ფიქრობდა.
"მე ამ გადაწყვეტილებაზე დიდი ხანი ვფიქრობდი და ის არ მიმიღია ბოლო ორი დღის განმავლობაში. მანამდე აქტიურად ვაკვირდებოდი მინისტრებს, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობდნენ ისინი. მათ ჰქონდათ თავისუფლება, რომ სრულად წარმოეჩინათ თავიანთი თავი და მოეხდინათ მათი პოტენციალის რეალიზება. ის მინისტრები, რომლებიც არ დარჩებიან მინისტრთა კაბინეტში, არ აღმოჩნდნენ ისეთი ეფექტურები, როგორიც სხვები არიან და ამიტომ გადავწყვიტე, რომ საჭირო იყო მათი ჩანაცვლება უკეთესით. ესაა ჯანმრთელი პროცესი. მთავრობა ესაა, როგორც ცოცხალი ორგანიზმი. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ თუნდაც ერთი წამით მოვდუნდეთ და მოსახლეობას ყურადღება მოვაკლოთ. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ზოგიერთი მინისტრის ადგილზე დამენიშნა უფრო მოტივირებულები, უფრო ენერგიული ადამიანები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, პრობლემას წარმოადგენდა ისიც, რომ ზოგიერთ მინისტრს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება უჭირდა და ნებისმიერ საკითხზე პრემიერ-მინისტრის პოზიციას ელოდებოდა. "სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში გარკვეული დამღა დაესვა ინსტიტუტების დამოუკიდებლობას და ხშირ შემთხვევაში მინისტრები დამოკიდებულნი იყვნენ პრემიერ-მინისტრზე, პრეზიდენტზე, მათ დავალებებს ელოდებოდნენ. ასე იყო და, სამწუხაროდ, რიგ შემთხვევაში ჯერ კიდევ არის ჩემს მთავრობაშიც. ზოგიერთ უწყებაში უჭირდათ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება და ვერ ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება დროულად. მე ამაზე ყოველთვის ვსაყვედურობდი და ვსაყვედურობ მინისტრებს, რომ დროულად მიიღონ გადაწყვეტილებები, იყვნენ უფრო გაბედულები, რისკიანები, რადგან ჩვენი მთავარი მოტივაციაა, რომ ჩვენს ხალხს გავუკეთოთ მეტი და არ გვაქვს დრო, ბევრი ვიფიქროთ. შეიძლება შეცდომები დავუშვათ, შეცდომებს ვუშვებთ ყველა, მაგრამ როცა ადამიანს აქვს რწმენა, რომ ის სწორ საქმეს აკეთებს, ის შეცდომა მარტივად იქნება გამოსწორებული", - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, არის საკითხები, რომლებიც პრემიერთან შეთანხმებას მოითხოვს, მაგრამ უშუალოდ იმ თემებთან მიმართებაში, რომელიც სამინისტროს შიდა საქმეს წარმოადგენს, მინისტრი მთავრობის თავმჯდომარისგან მწვანე შუქს არ უნდა ელოდებოდეს.
"მე არ უარვყოფ, რომ არის ისეთი საკითხები, რომლებიც მოითხოვს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და იმას, რომ განხილული იყოს ჩემთან, მთავრობის წევრებთან ერთად, მაგრამ ის საკითხები, რომლებიც უშუალოდ ეხება სამინისტროების შიდა საქმიანობას, რა თქმა უნდა, უნდა გადაწყვიტოს უშუალოდ მინისტრმა. ის არ უნდა ელოდებოდეს პრემიერ-მინისტრისგან მწვანე შუქის მიღებას", - დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 860
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია