დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თინა ხიდაშელი - მადლობა გამსახურდიას, შევარდნაძეს, სააკაშვილს, "ქართული ოცნების" მთავრობას, მაგრამ ეს დღე ქართველ ხალხს ეკუთვნის
ავტორი:
2014/ივლისი/18 16:30:09
მადლობა გამსახურდიას, შევარდნაძეს, სააკაშვილს, "ქართული ოცნების" მთავრობას, მაგრამ დღევანდელი დღე ქართველ ხალხს ეკუთვნის , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე განაცხადა. მისი თქმით, ქართველმა ხალხმა ბევრჯერ დაადასტურა თავისი არჩევანი, რომ მომხრეა ევროპისკენ სვლის და დემოკრატიის.
"მინდა ბევრ ადამიანს გადავუხადო მადლობა. პირველ რიგში, ეს ქართველ დისიდენტებს ეხებათ, რომლებიც საუბრობდნენ და ოცნებობდნენ თავისუფალ და ევროპულ საქართველოზე და ბევრი ამის გამო ალბათ გიჟად თვლიდა მათ. საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას და მის ხელისყუფლებას ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა. ასევე მადლობა ეკუთვნით ეროვნული მოძრაობის გმირებს, რომლებიც დამოუკიდებლობის გამოცხადებით საქართველოს ევროპაში უმკვიდრებდნენ ადგილს. მადლობა პოლიტპატიმრებს, რომლებიც საქართველოს მაშინ მრავლად ყავდათ, რომლებიც დაუპირისპირდნენ კომუნისტურ-ბოლშევიკურ რევანშს და ამის გამო ციხეებში აღმოჩნდნენ. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს და მის ხელისუფლებას საქართველოს ევროპული არჩევანის ოფიციალური გაცხადებისთვის, ღია და ცალსახა საგარეო პოლიტიკისთვის, რომელმაც დღევანდელ დღეს ჩაუყარა საფუძველი. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას დაუღალავი შრომისთვის საერთაშორისო ასპარეზზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის კიდევ უფრო გამტკიცებისთვის, თვისობრივად უფრო მაღალ ხარისხში აყვანის და დღევანდელი დღის მომზადებისთვის. მაგრამ ეს დღე არ ეკუთვნის არც პრეზიდენტ გამსახურდიას, არც პრეზიდენტ შევარდნაძეს და არც პრეზიდენტ სააკაშვილს. ეს დღე ქართველ ხალხს ეკუთვნის. ხალხს, რომელმაც 1921 წელს იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, შემდეგ 1989 წლის 9 აპრილს იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის, შემდეგ 90-იან წლებში იბრძოდა, "ვარდების რევოლუციის" დროს იბრძოდა თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის. ხალხს, რომელმაც 1 ოქტომბერს მოქმედებით დაადასტურა, რომ ქართველები ერთგულები არიან დემოკრატიის, სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის იდეალებისადმი. მადლობა მინდა ვუთხრა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას დღევანდელი დღისთვის, თუმცა ჩვენს მთავრობას მადლობა შემდეგმა თაობებმა უნდა უთხრან იმის მიხედვით თუ რამდენად სწრაფად მოვახერხებთ ვილნიუსის და ბრიუსელის სამიტების მონაპოვარის ჩვენი სახელმწიფოს ყოველდღიურობად ქცევას", - განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, წინ რთული და წინააღმდეგობებით სავსე გზაა გასასვლელი.
"თუმცა, როგორც ჩერჩილი ამბობდა: "გამბედაობა არის ადამიანის თვისაბათაგან უპირველესი, ვინაიდან, ის განაპირობებს ყველა სხვა თვისებას".
სწორედ გამბედაობა და სითამამე, შეუვალობა და სირთხილე ჭირდება ჩვენს ხელისუფლებას საქართველოში ევროპული იდეალებისა და ღირებულებების ცხოვრების წესად ქცევისთვის. ყველას თანასწორობის უზრუნველსაყოფად, არა კანონით და პოლიციით, არამედ ცხოვრების წესით; ეს ნიშნავს, რომ არავინ უნდა დავჩაგროთ არა იმიტომ, რომ კანონში წერია ასე, არამედ იმიტომ, რომ ამ ღირებულების მატარებელი ვართ და სწორედ ამიტომ ჩავწერეთ კანონში; არასოდეს უნდა ვიმართლოთ თავი იმით, რომ გავაკეთეთ რასაც ითხოვდნენ, უნდა ვაკეთოთ ის, რაც აუცილებელია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მოდერნიზაციისათვის; საქართველო იმ დღეს გახდება ევროპის კავშირის წევრი ქვეყანა, როდესაც ევროპული ცხოვრების წესი ჩვენთვის ჩვეულებრივი ამბავი გახდება, როდესაც გულით და გონებით ევროპელები ვიქნებით, როდესაც სულ მცირე მშვენიერი საღამოს შემდეგ, ნაგავს ტყეში არ მოვაბნევთ, ხოლო სასამართლოში მისულ ადამიანს სრული რწმენა ექნება, რომ იქ თავისუფალი, პროფესიონალი მოსამართლე დახვდება, რომელიც კანონისა და საკუთარი შინაგანი რწმენის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას. 27 ივნისს, ბრიუსელში, ჩვენ ევროპულ პერსპექტივას, საქართველოს თავისუფლებისა და კეთლდღეობის შანსს ვზეიმობდით. და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იმავე ქალაქში ძალიან მალე ჩვენ ასევე ვიზეიმებთ უსაფრთხოების შანსს. საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა და შორს არ არის ის დღე, როდესაც ევროატლანტიკური პერსპექტივაც გამოჩნდება ჰორიზონტზე", - განაცხადა ხიდაშელმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 822
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია