დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ზაქარია ქუცნაშვილი - ადგილობრივ კადრებზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს
ავტორი:
2014/ივლისი/16 17:30:03
აყვანილი კადრების პატიოსნებასა და კვალიფიკაციაზე პასუხისმგებლობის ტვირთი თვითმმარველ ორგანოებზე უნდა იყოს და არა ცენტრალურ ხელისუფლებაზე, - აღნიშნული განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა, ადგილობრივი საჯარო მოხელეების ატესტაციებთან დაკავშირებით პარლამენტში წარდგენილი პროექტის განხილვისას გააკეთა.
ქუცნაშვილი წინააღმდეგია, კონკურსებისა და ატესტაციების ერთ-ერთი სავალდებულო ეტაპის – ტესტირების ჩატარება ადგილობრივი ორგანოების გარეთ მოხდეს და მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის ორგანოები მთელ ამ პროცესში სრულყოფილად უნდა იყოს ჩართული.
მისი მოსაზრება არ გაიზიარეს კომიტეტის დანარჩენმა წევრებმა. საკითხი საკომიტეტო განხილვისას კამათის საგანი გახდა.
"ადგილობრივი საჯარო მოხელის შერჩევაში, რომელიც ეტაპებისგან შედგება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები სრულყოფილად უნდა მონაწილეობდნენ. წარმოდგენილი პროექტით ჩვენ თვითმმართველ ორგანოებს ამის უფლებას ვართმევთ. მოხდეს უნიფიცირებული ტესტების დარიგება ადგილებზე და არა ამ ადამიანების თბილისში ჩამოყვანა, ან ადგილებზე, ტესტირების რომელიმე მონოპოლიზებული სტრუქტურის მიერ ჩატარება. თუკი პროცესის გამჭვირვალობა გვინდა, ვინ უშლის ხელს, რომ ადგილზე მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარდეს და დამკვირვებლები ჩაბრძანდნენ და დააკვირდბენ, თუ როგორ ტარდება ტესტირება. ისეთი კანონები უნდა მივიღოთ, რომ თვითმმარველობის ორგანოების მიმართ გავზარდოთ ნდობა. მათზე უნდა იყოს პასუხისმგებლობის ტვირთი, აყვანილი კადრების პატიოსნებასა და კვალიფიკაციაზე და არა ცენტრალურ ხელისუფლებაზე. ცენტრალურმა ხელისუფლებამ თავისი კადრების აყვანაზე უნდა იზრუნოს, ხოლო ადგილობრივმა ხელისუფლებამ - ადგილობრივ კადრებზე. რა, არ ვენდობით ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ ისინი ტესტირებას პატიოსნად ჩაატარებენ?! დამისახელეთ ერთი მიზეზი, რატომ არ შეიძლება ტესტირება ადგილზე ჩატარდეს? პროექტის განმარტებით ბარათში წერია - ნეპოტიზმი. ნეპოტიზმის საფრთზე თბილისშიც არსებობს", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
დეპუტატის მოსაზრებას არ დაეთანხმნენ მისი კოლეგები. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ვახტანგ ხმალაძემ ტესტირებების გარეთ გატანის კარგ პრაქტიკად და მაგალითად უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდების უნივერსტეტებს გარეთ გატანა დაასახელა.
"მისაღებ გამოცდებში ათეული წლების განმავლობაში მიმიღია მონაწილეობა. ვიცი, რაც ხდებოდა ზოგან, ყველგან - არა. ერთია, როდესაც ზოგადად, გაუპიროვნებლად საგარეჯოს, თელავის, ზესტაფონის, ქუთაისის თვითმმართველობების საჯარო მოხელეობის კანდიდატებს ერთ ადგილას, ერთ ცენტრში უტარდებათ ტესტირება და მეორეა, როდესაც კონკრეტული ადგილის მოხელეებს ტესტირება იქვე უტარდებათ და იგივე ხალხი ატარებს. პრობლემა არის მათ შორის ნეპოტიზმიც", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
"საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები, რომელთაც ატესტაცია არ გაუვლიათ, 2015 წლის 1-ელ ივლისამდე ატესტაციას დაექვემდებარებიან. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ატესტაციის და ასევე კონკურსების სავალდებულო ეტაპი კი ტესტირება იქნება, რომელთა ჩატარებაც მუნიციპალიტეტების გარეთ იგეგმება. პროექტის მიხედვით, ატესტაციისა და კონკურსებისთვის გათვალისწინებული ტესტირებისთვის სატესტო მეთოდიკებსა და თემატიკას, ასევე ტესტირების შეფასების კრიტერიუმებს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, საჯარო სამსახურის ბიურო შეიმუშავებს და დაამტკიცებს.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 915
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია