
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელიც 8 ოქტომბერს უნდა გაიმართოს სულ ცოტა დრო რჩება, თუმცა კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა ამ დრომდე არ იციან ვისი არჩევა მოუწევთ. მათი თქმით, ერთ–ერთი მთავარი პრობლემა სახელმწიფო ენის არცოდნაა.
ალმით იაგუბოვი (საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს მკვიდრი): ,,არ ვიცი, რა არჩევნები ტარდება, რადგან ჩვენთან არ მოდის ინფორმაცია, არც არავინ მოსულა, რომ ეთქვა. მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის, ვინ უნდა აირჩიოს. ეს იმის ბრალია, რომ არ ვიცით ქართული ენა და ეს გვიქმნის დიდ პრობლემას.’’
მედიევ მამედოვი (იორმუღანლოს მკვიდრი): ,,არავისი იმედი აღარ გვაქვს. ბევრი კანდიდატი მოვიდა, დაგვპირდა პრობლემებს მოგიგვარებთ, გზებს დაგიგებთო, ჩვენც მხარს ვუჭერდით, მაგრამ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჩვენთან აღარავინ მოსულა. არავისი იმედი აღარ გვაქვს. არ ვიცი რა არჩევნები ტარდება, მაგრამ თუ მოვლენ და გაგვესაუბრებიან, ხმას იმას მივცემ, ვისაც მართლა უნდა ჩვენი პრობლემების მოგვარება და დახმარება.’’
ელვინ კარიმოვი (იორმუღანლოს თემის სოფელ დუზაგრამას მკვიდრი, სტუდენტი): “ვიცი, რომ საპარლამენტო არჩევნები მოდის და მუნიციპალიტეტიდან პარლამენტის დეპუტატი უნდა ავირჩიოთ. ჩემი აზრით, ის უნდა გახდეს დეპუტატი და იმ კანდიდატმა უნდა გაიმარჯვოს, რომელიც ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციაზე და მათი პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებს.’’
როვლან ქელენდაროვი (სოფელ დუზაგრამას მკვიდრი): ,,ვიცი რომ მალე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება და მუნიციპალიტეტის დეპუტატის არჩევა მოგვიწევს. ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი, ვის ავირჩევ, ალბათ, იმას, ვინც პრობლემების მოგვარებას დაგვპირდება.’’
მაკა ხაზიური