რევანშისტული პაექრობა FACEBOOK-ით „ვარდების რევოლუციის“ ყოფილ თანამებრძოლებსა და დღევანდელ მტრებს შორის
რევანშისტული პაექრობა FACEBOOK-ით „ვარდების რევოლუციის“ ყოფილ თანამებრძოლებსა და დღევანდელ მტრებს შორის
ავტორი: ცოტნე პაატაშვილი
სულ ნანახია 2299
ავტორი:
ცოტნე პაატაშვილი
მსგავსი სიახლეები

გაკაპასებული ბურჯანაძე მერაბიშვილს სამარის გათხრას ჰპირდება

 

წინასაარჩევნო დებატები „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივანსა და „დემოკრატიული მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატს შორის სოციალური ქსელით დაიწყო. ნინო ბურჯანაძის განცხადებებს ვანო მერაბიშვილმა facebook-ით უპასუხა და „ელემენტარული სიცრუე“ უწოდა. ნინო ბურჯანაძე კი მერაბიშვილს ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებას და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ დასამარებას დაჰპირდა.


პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს და ყოფილ პრემიერ-მინისტრს შორის ურთიერთბრალდებების გაცვლა კი ნინო ბურჯანაძის განცხადებით დაიწყო. „დემოკრატიული მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, რომ მისი და ანზორ ბიწაძის საუბრის ამსახველი ფარული აუდიოჩანაწერი ფაბრიკაცია იყო, რაც შემდეგ მერაბიშვილმა და პრეზიდენტმა სააკაშვილმაც აღიარეს. ეს ფარული აუდიოჩანაწერი შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2011 წლის მაისის აქციების დროს გამოაქვეყნა.


„ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს მორალური უფლება საქართველოს საზოგადოების წინაშე წარსდგეს, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც დავინახეთ, რომ მათი სინანული მდგომარეობს იმაში, რომ თურმე ბოლომდე არ ამოგვხადეს სული. თან გვპირდებიან, რომ იმაზე მალე დაბრუნდებიან, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია და თუ ასე უსუსურად გააგრძელა „ქართულმა ოცნებამ“, გამორიცხული არაფერია, თუმცა, მე და ის ასიათასობით მხარდამჭერი, რომელიც მე მიჭერს მხარს, ამას არ დავუშვებთ,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში. მისივე თქმით, NDI-ის კვლევა საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგების თაობაზე არის მცდელობა ქართული საზოგადოება გაყალბებას შეაჩვიონ - „ესაა მცდელობა იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაათეთრონ და ხელისუფლებაში მოაბრუნონ, რასაც საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს.“


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნინო ბურჯანაძის განცხადებებს სოციალურ ქსელით facebook-ით გამოეხმაურა და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე სიცრუეში დაადანაშაულა.


„ნინო ბურჯანაძის საკუთარ შვილთან საუბრის ჩანაწერი არის ავთენტური და ეს ჩანაწერი სრული სახით დღემდე ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში. გარდა ამისა, არც მე და არც საქართველოს პრეზიდენტს არასოდეს არ გვითქვამს, რომ იგი არის გაყალბებული“ - აცხადებს პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილი, რომელიც მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.


„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მტკიცებით,  26 მაისის მოვლენები მიმართული იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და ამ მოვლენების შედეგად მიღებული მსხვერპლის და მანამდე ე.წ. „შეფიცულთა რაზმის“ ჩამოყალიბების გამო, ხელისუფლებას სრული კანონიერი უფლება ჰქონდა, პასუხისგებაში მიეცა ნინო ბურჯანაძე და მისი მეუღლე ბადრი ბიწაძე, ეს უკანასკნელი აღნიშნულ „შეფიცულთა რაზმს“ ხელმძღვანელობდა.


„თუმცა, ჩვენ თავი შევიკავეთ ამ ნაბიჯის გადადგმისგან, რათა ვინმეს არ ჩაეთვალა, რომ ადგილი ჰქონდა პოლიტიკური მოტივებით დევნას. 26 მაისის მოვლენებს ნამდვილად მოჰყვა შედეგი, როგორც ამას ქალბატონი ბურჯანაძე აცხადებს - ეს შედეგი იყო გარდაცვლილი ადამიანები, მათ შორის, ერთი პოლიციელი, რომლის მკვლელიც დღევანდელმა ხელისუფლებამ „პოლიტიკურ პატიმრად“ შერაცხა,“ - აცხადებს ვანო მერაბიშვილი.


ნინო ბურჯანაძე მერაბიშვილის განცხადების პასუხად კი ამბობს, რომ მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს 26 მაისის საქმეზე ბრალი სათანადოდ არ აქვს წაყენებული და ამიტომაც ბედავს ასეთი განცხადებების კეთებას.


„მერაბიშვილს 26 მაისთან დაკავშირებით ბრალი არ აქვს ისე წაყენებული, როგორც ეს საჭიროა და ამდენი ხნის განმავლობაში ძირითად ბრალად ლამის მხოლოდ სოციალური აგენტებისთვის ხელფასების გაცემა ედება ბრალად. ერთი წელია, გამოძიება მიდის და ბრალი წესიერად ვერ წაუყენეს, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მოწმე კი საერთოდ არ არის დაკითხული. ეს არის იმის მიზეზი, რომ ამდენს ბედავს ვანო მერაბიშვილი, მაგრამ ეს 27 ოქტომბერს აუცილებლად დამთავრდება და ამას დაამთავრებს არა მარგველაშვილი, არამედ ნინო ბურჯანაძე,“ - აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი.


წინასწარ პატიმრობაში მყოფი მერაბიშვილი სოციალური ქსელით იმასაც ირწმუნება, რომ არჩევნების მეორე დღეს რუსეთს 26 მაისის სცენარის განმეორება აქვს განზრახული, რასაც გაყალბების საბაბით, ნინო ბურჯანაძის ხელით განახორციელებს.


„კრემლი არ კმაყოფილდება დიცსა და დვანში მავთულხლართების გავლებით და სურს, ბარიკადები ამჯერად უკვე რუსთაველის გამზირზე აღმართოს. რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკა საქართველოს მიმართ არ იცვლება - მას დაგეგმილი აქვს შიდა არეულობის მოწყობის გზით შეაფერხოს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი. ვილნიუსის სამიტის წინ, რუსეთმა უკვე გამოუცხადა სავაჭრო ომი უკრაინას და მოლდოვას და დაიყოლია სომხეთი საბაჟო კავშირში გაწევრიანებაზე. საქართველოს ჯერი, როგორც ჩანს, 28 ოქტომბერს დადგება, როდესაც არჩევნების მეორე დღეს, გაყალბების საბაბით, ნინო ბურჯანაძის ხელით რუსეთს განზრახული აქვს თბილისში არეულობის მოწყობა, რაც, დაახლოებით, იქნება 26 მაისის სცენარის განმეორება. ამ მოვლენების გენერალური რეპეტიცია ნინო ბურჯანაძეს დაგეგმილი აქვს 24 ოქტომბერს,“ - ამტკიცებს ვანო მერაბიშვილი და მოუწოდებს პოლიციელებს, რომ არავის მისცენ ქვეყანაში არეულობის მოწყობის საშუალება.


„დემოკრატიული მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი კი ამას დეზინფორმაციას უწოდებს და მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ უუნარობის გამო გათავხედდა. ნინო ბურჯანაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ დასამარებას ჰპირდება.


ეს სრული დეზინფორმაციაა. ვანო მერაბიშვილს 26 მაისის ბრალდებები სრულად რომ არ დაუწყვეს ცხვირწინ, ამდენ ლაპარაკს ამიტომ ბედავს, მაგრამ, 27 ოქტომბერს, როცა ხელისუფლებაში მოვალ, მე მას ვპირდები, წარმოვადგენ ყველა იმ ობიექტურ მასალას, რომლის საფუძველზეც ვანო მერაბიშვილიც, მიხეილ სააკაშვილიც და მათი მეგობრებიც კარგა ხნით, მყარად ჩაჯდებიან ციხეში... ეს განცხადება ადასტურებს იმას, რომ ისევე როგორც კუზიანს სამარე არ გაასწორებს, „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური სამარის გარდა, არაფერი გაასწორებს. მე 27 ოქტომბერს აუცილებლად გავიმარჯვებ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ნამდვილად პოლიტიკურ სამარეში ჩავასვენებ, ოღონდ ისე, რომ იქედან ვერასოდეს ამოესვენებიან,“ - აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2026 საავტორო უფლებები დაცულია