
კვლევა თემაზე „სამოქალაქო საზოგადოება და გენდერული პოლიტიკა საქართველოში“ , მეწარმე ქალთა ფონდის მიერ, ვიშეგრადის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „გენდერული პოლიტიკა და ევროინტერგაცია - ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის“ ფარგლებში განხორციელდა.
პროექტი ითვალისწინებს ჩეხეთის, უნგრეთის, სლოვაკეთისა და პოლონეთის გამოცდილების გაზიარებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ორი ქვეყნის - საქართველოსა და უკრაინისთვის.
პროექტის ერთ-ერთი ეტაპი იყო კვლევა თემაზე „სამოქალაქო საზოგადოება და გენდერული პოლიტიკა საქართველოში“.
„მეწარმე ქალთა ფონდი“ არის ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც თავისი საწყისი ეტაპიდან (2003 წლიდან) მიზანმიმართულად მუშაობს საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის დამკვიდრებისათვის.
ორგანიზაცია არაერთი წელია მოღვაწეობს ქალთა მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად და მათი თვითშეფასების ამაღლებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად; ხელს უწყობს ქალებს, მათი მოტივაციის გაძლიერებით, გაუჩნდეთ ამბიცია (ამ სიტყვის კარგი მნიშვნელობით), გახდნენ სრულფასოვანი მონაწილენი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
სიტყვა „გენდერი“, არც თუ დიდი ხნის წინ, საზოგადოებაში აღშფოთებას თუ არა, ირონიას მაინც იწვევდა და, სამწუხაროდ, არა მარტო მამაკაცებში. დღეს ასეთი ადამიანები სულ უფრო მცირე რაოდენობით გვხდებიან და ამას, უნდა ითქვას, სახელმწიფო პოლიტიკამაც შეუწყო ხელი.
გენდერული თანასწორობა ბოლო პერიოდში სახელმწიფო პოლიტიკის არეალში მოხვდა და ამან, რასაკვირველია, იქონია ზეგავლენა საზოგადოებაზეც და განსაკუთრებით პოლიტიკურ პარტიებზე, რადგანაც სულ ახლო წარსულში პოლიტიკური პარტიები, მათი ლიდერები, ნაკლებად აღიარებდნენ პრობლემებს საქართველოში გენდერული თანასწორობის პროცესში და ხელს იშვერდნენ ქალების სოციალური პრობლემებისკენ.
არ შეიძლება აქვე არ ავღნიშნოთ არასამთავრობო ორგანიზაციების ღვაწლი გენდერული საკითხების წინწამოწევაში და საზოგადოების გათვითცნობიერებაში, რომ დემოკრატია გენდერული თანასწორობის გარეშე არ არსებობს და საჭიროა ქალი განხლული იქნეს არა მხოლოდ როგორც სოციალური პოლიტიკის საგანი, არამედ როგორც სრულფასოვანი მონაწილე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესებისა.
განსაკუთრებით უნდა გაესვას ხაზი „გენდერული თანასწორობის ქსელის“ მუშაობას, რომელიც მოიცავს როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონს (ქსელი დააფუძნა მანანა მებუკემ). ქსელი ინტესიურად მუშაობს იმისათვის, რომ მეტი ქალი მოვიდეს პოლიტიკაში და ამაში მას ხელს უწყობს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია IFES.
კვლევის - „სამოქალაქო საზოგადოება და გენდერული პოლიტიკა საქართველოში“ - მთავარ მიზნად მიჩნეულია საზოგადოების ინფორმირება გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული ეროვნული კანონმდებლობისა და აღებული საერთაშორისო ვალდებულებების და იმ შესაძლებლობების თაობაზე, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის წინსვლას პრობლემის გადაწყვეტის გზაზე.
კვლევა ეხება როგორც წარსულის გაკვეთილებს, ასევე იმ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს დღეს საქართველოში; სამოქალაქო საზოგადოების განვითარების შემდგომ ეტაპებს; ასევე, პარალელურად, გენდერული პოლიტიკის მიახლოების იმ სტანდარტებთან, რომელიც არის მიღებული ევროპის ქვეყნებში და რისი ვალდებულებაც აქვს საქართველოს აღებული.
კვლევაში განიხილება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუციონალიზაცია 1990-ანი წლების პოლიტიკური სისტემის თავისებურების კონტექსტში, ანუ საქართველოში საბჭოთა წყობის გაუქმების შემდგომ.
სამწუხაროდ, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, საზოგადოებაში ძირითადად დომინირებდა განწყობა - ეროვნული სახელმწიფოს „აღდგენა“ და მთავარი ლოზუნგიც იყო „ჯერ - დამოუკიდებლობა, შემდგომ - დემოკრატია“. ამან დიდი განსაცდელი მოუტანა ქვეყანას შიდა კონფლიქტების სახით და სწორედ ამან, თავისთავად, შეაჩერა სამოქალაქო საზოგადოების განვითარება. ამ პერიოდისთვის საზოგადოებრივი ცხოვრების ჩანასახშიც კი არ იყო ფორმალიზებული ისეთი მნიშვნელოვანი რგოლი საზოგადოებისა, როგორიც არის არასამთავრობო ორგანიზაციები. მხოლოდ 90-ანი წლების შუა ხანში შეიცვალა მდგომარეობა საგრძნობლად. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება სამოქალაქო აქტივობების ინსტიტუციური გარემოს შექმნის წინაპირობა და ამ პერიოდიდან იწყება ადამიანების თავისუფალი გაერთიანების ეპოქა სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებში. ამან კი შეუწყო ხელი, უფრო ადვილად მიეღწიათ მიზნებისთვის, რომელიც ემსახურება არა მარტო გარკვეულ ჯგუფებს, არამედ მოაქვთ სარგებელი ყველასთვის და რომლითაც შეუძლია ისარგებლოს ყველამ, ამა თუ იმ სახით.
მიუხედავად საყოველთაოდ დეკლარირებული პოლიტიკური ნებისა, არსებული საკანონმდებლო ბაზისა, საქართველოში რეალურად არსებობს გენდერული დისბალანსი, განსაკუთრებით გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე.
საინტერესო პრეცენდენტს ქმნის ადგილობრივი „სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოები“, კიდევ უფრო - გენდერული საბჭოების პოზიტიური მაგალითებიც, რომელიც ამ რგოლის ინსტიტუციონალიზაციის მცდელობაა, და რაც მთავარია, „ქვემოდანაა ინიცირებული“, მათ შორის ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.
ასეთი ინიციატივები ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა სახელმწიფოს კურსი ევროინეგრაციისაკენ აქვს აღებული.
ეს ის დროა და ის შემთხვევა, როდესაც საზოგადოებრივმა სექტორმა უნდა მოახდინოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსის მობილიზება ამ ახალი სტრუქტურების გასაძლიერებლად, რაც გააჩენს გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივებს.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში გენდერულ საკითხებს დიდი ყურადღება ეთმობა, სრული გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიერ თავიანთი უფლებებისა და თავისუფლების მსოფლიო სტანდარტებით შეუზღუდავი რეალიზაციისათვის ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.
ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფოს ერთიანი ძალისხმევით და ერთმანეთზე ზემოქმედებით, როცა სამოქალაქო საზოგადოება ეხმარება სახელმწიფოს დემოკრატიული ინსტიტუციაბის დამკვიდრებაში, ხოლო სახელმწიფო თავისი მოქმედებით ცდილობს განავითაროს სამოქალაქო საზოგადოება, გააძლიეროს სხვადასხვა (განსაკუთრებით ქალთა) სამოქალაქო ჯგუფები, და დაგეგმოს მათთან თანამშრომლობის გრძელვადიანი პერსპექტივები.
მერი გელაშვილი
მეწარმე ქალთა ფონდის თავმჯდომარე, პროექტის დირექტორი