
საერთოდ, მისასალმებელი ფაქტია, რომ დღესდღეობით, ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) ბრძოლა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ, საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ქვეყანაში აქტიურად ხორციელდება ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილებასა და მის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობას, ამ დანაშაულის ეფექტურ გამოძიებას, სისხლის სამართლებრივ დევნას, მსხვერპლთა და დაზარალებულთათვის ეფექტიანი დახმარების აღმოჩენას, მათ საფუძვლიან რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში რეინტეგრაციას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დანაშაულის პრევენციის პროცესში მოსახლეობის ინფორმირება - საინფორმაციო კამპანია და საგანმანათლებლო კომპონენტები.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის პროექტი „რეგიონული მედია ტრეფიკინგის პრევენციისათვის იმერეთში“, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მიერაა დაფინანსებული. პროექტის ადმინისტრირებას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახდენს.
პროექტში ძირითადად ჩართულია ასოციაციის წევრი სამი გაზეთი და ოთხი ინტერნეტგამოცემა, რომლებიც იმერეთის რეგიონში საქმიანობენ. ესენი არიან: გაზეთები - „პოსტსკრიპტუმი“, „ახალი გაზეთი“, „ჩემი ხარაგაული“, მათი ვებპორტალები და ინტერნეტგამოცემა „ოკრიბანიუსი“.
პროექტის ყველა აქტივობას ძირითადად სწორედ ეს 7 მედიასაშუალება აშუქებდა.
ვფიქრობთ, რომ პროექტის განხორციელების შედეგად რეგიონული მედიის ასოციაციამ საინფორმაციო შეხვედრებისა და მასობრივი საინფორმაციო კამპანიის წარმოების გზით საკუთარი წვლილი შევიტანეთ ტრეფიკინგის თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში იმერეთის რეგიონში (ქალაქებსა და სოფლებში).
პროექტის ფარგლებში ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით, საინფორმაციო კამპანია ქუთაისიდან დავიწყეთ: 24 სექტემბერს გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა - „ვორქ-შოფი“ იმერეთის რეგიონის პრესის, ონლაინ და ტელე-რადიო ჟურნალისტებისათვის, რომელშიც მონაწილეობდნენ იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო მრჩეველი ქეთევან სარაჯიშვილი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ნათელა მჟავანაძე და პროექტის იურისტი პაატა ცნობილაძე. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო იმერეთის რეგიონის საინფორმაციო საშუალებების ჟურნალისტებმა. აღნიშნულ შეხვედრაზე გამოცხადდა კონკურსი მასმედიის წარმომადგენლებისათვის ტრეფიკინგის თემაზე.
იმავე დღეს საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ქუთაისის იუსტიციის სახლში ტრეფიკინგის პრევენციის თემაზე, სკოლის მოსწავლეებისთვის, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ჩვენი პროექტის ფარგლებში მობილიზებულმა მოსწავლეებმა.
მომზადდა და გამოიცა საინფორმაციო ბროშურა „ჯიბის წიგნი“ - ტრიპლეტის ფორმით „რა უნდა ვიცოდეთ ტრეფიკინგზე“, ქართულ და ინგლისურ ენებზე, (900 ც ქართული, 100 ც ინგლისური), რომელიც ტრეფიკინგის პრევენციის და უსაფრთხო მიგრაციის საკითხებს ეძღვნება.
25 სექტემბერს გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ტრეფიკინგის და უსაფრთხო მიგრაციის თემაზე წყალტუბოს საერო სკოლაში „ოცნება“. შეხვედრა წარმართეს ჩვენი ორგანიზაციის მოწვეულმა იურისტმა პაატა ცნობილაძემ და მიგრაციის საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელმა ნათელა მჟავანაძემ.
ტრეფიკინგის პრევენციის თემაზე საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ასევე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორისა და კიცხის სკოლის უფროსკლასელებთან და ტყიბულის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან. ამ შეხვედრებშიც ჩვენი ასოციაციის იურისტთან ერთად მონაწილეობდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი ნუგზარ კოხრეიძე.
შეხვედრებზე მოსწავლეებს ესაუბრნენ, რა უნდა ვიცოდეთ ტრეფიკინგის შესახებ და როგორ დავიცვათ თავი მასთან დაკავშირებული საფრთხეებისგან; რა არის ლეგალური და არალეგალური მიგრაცია, როგორია ლეგალური დასაქმებისა და სწავლის შესაძლებლობები საზღვარგარეთ, როგორ ებრძვის სახელმწიფო ტრეფიკინგს და რა დახმარებას სთავაზობს სახელმწიფო დანაშაულის მსხვერპლსა და დაზარალებულს.
ჩვენი პროექტის დასასრულს მომავალ კვირაში ჩატარდება დისკუსია-დიალოგი ტრეფიკინგის პრევენციის საკითხებზე და ასევე, მოხდება კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოვება.
მიგვაჩნია, რომ ამ ტიპის საინფორმაციო პრევენციული პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ტრეფიკინგის საკითხებზე.
რეგიონული მედიის ასოციაცია პროექტის დასრულების შემდგომაც აგრძელებს მუშაობას ტრეფიკინგის პრევენციის კუთხით და ძალაში რჩება ჩვენი ადგილობრივი მედიაცენტრების საკონსულტაციო სატელეფონო ნომრები, სადაც შესაძლებელია დარეკვა სამუშაო საათებში და ტრეფიკინგის საკითხებზე კონსულტაციების მიღება, ჩვენი ცენტრის წარმომადგენლები საჭიროებისამებრ დააკავშირებენ მოქალაქეებს შესაბამის უწყებებთან, პრობლემის გადასაჭრელად.
ნატო გუბელაძე
პროექტის დირექტორი