საქართველოში არსებული მაჟორიტარული სისტემა არაკონსტიტუციურია
საქართველოში არსებული მაჟორიტარული სისტემა არაკონსტიტუციურია
სულ ნანახია 1622
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

საქართველოში არსებული საარჩევნო სისტემა  არაერთხელ გამხდარა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების კრიტიკის ობიექტი. 2015 წლის 28 მაისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, უჩა ნანუაშვილის და მიხეილ შარაშიძის სარჩელის საფუძველზე, არაკონსტიტუციურად გამოაცხადა საარჩევნო კოდექსის ის დანაწესი, რომელიც ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების შექმნას შეეხებოდა.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დღეს არსებული მაჟორიტარული სისტემა ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ხმების პროპორციულად ასახვას მანდატებში, დიდია დაკარგული ხმების რაოდენობა, არ არის დაცული ერთი ხმის თანაბრობის პრინციპი.

 

საქართველოში ამჟამად შერეული სისტემა მოქმედებს, სადაც 73 დეპუტატი 150-წევრიან პარლამენტში მაჟორიტარულ ერთმანდატიან ოლქში ირჩევა, ხოლო დანარჩენი 77 ადგილი პროპორციული სისტემით ნაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომლებიც 5:-იან ბარიერს გადალახავენ.

 

საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 110-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების (2011 წლის 27 დეკემბრის რედაქცია) თანახმად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის იქმნება 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, მათ შორის, თბილისში განსაზღვრულია 10 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, დანარჩენ შემთხვევებში კი ოლქები ემთხვევა თვითმმართველ ერთეულებს - მუნიციპალიტეტებს.

 

შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, შეამოწმა და დაადგინა, გულისხმობს თუ არა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა თავის თავში ტერიტორიულ წარმომადგენლობას და მოიაზრება თუ არა ამ წარმომადგენლობაში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობა.

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი. ამავე დროს, საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს ტერიტორიულ წარმომადგენლობას. გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ტერიტორიული წარმომადგენლობის პრინციპზე დაფუძნებული სისტემა მხოლოდ “საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნის შემდეგ” უნდა ამოქმდედდეს. შესაბამისად, საარჩევნო ოლქების შექმნაზე არ შეიძლება ტერიტორიულმა პრინციპმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს.

 

მცირე სტატისტიკა

 

მოსარჩელენი მიუთითებდნენ, რომ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა ინფორმაცია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში  მონაწილეობის უფლების მქონე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის შესახებ,  რომლის მიხედვითაც, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვაკის N2 საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული იყო 99241 ამომრჩეველი, საბურთალოს N3 საარჩევნო ოლქში - 128 545 ამომრჩეველი, ხოლო ყაზბეგის N29 საარჩევნო ოლქში - 5810 ამომრჩეველი.

ამგვარად, ყაზბეგის საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა 17-ჯერ ნაკლებია ვაკის საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობაზე და 22-ჯერ ნაკლები - საბურთალოს საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობაზე. ანალოგიურად,  გლდანის საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულია 154898 ამომრჩეველი, ხოლო კრწანისის საარჩევნო ოლქში - 47039, აბაშის საარჩევნო ოლქში კი - 22024. გლდანის საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლები დაახლოებით 3-ჯერ აღემატება კრწანისის საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩევლებს და 7-ჯერ აბაშის საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩევლებს.

 

მაჟორიტარული სისტემა დღევანდელი სახით არ შეესაბამება კონსტიტუციას

 

მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ სადავო ნორმების საფუძველზე საარჩევნო ოლქები არასწორად იყო განსაზღვრული და საპარლამენტო მანდატები დისპროპორციულად იყო განაწილებული. მისივე  არგუმენტაციით, ოლქებში მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვნად განსხვავებულია და მანდატები არათანაბრად არის გადანაწილებული, რაც მოქალაქეთა საარჩევნო ხმის “წონის” შემცირებას იწვევს. ცალკეულ შემთხვევებში დისპროპორცია იმდენად მაღალია, რომ ზოგიერთ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა  22-ჯერ უფრო მეტია.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმებით შექმნილი საარჩევნო ოლქები, რომლებზეც ნაწილდება საპარლამენტო მანდატები, მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით და არსებული გადახრა იმდენად მაღალია, რომ იწვევს არაპროპორციულ წარმომადგენლობას და არაადეკვატურად ასახავს საქართველოს მოქალაქეების წარმომადგენლობას უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში.

 

როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, საარჩევნო კანონმდებლობა უნდა იყოს მოწოდებული, რომ საარჩევნო ოლქების საზღვრები განისაზღვროს იმგვარად, რომ მიღწეულ იქნეს ხმათა თანასწორობა და ადეკვატური წარმომადგენლობა. ეს გულისხმობს, რომ საარჩევნო ოლქებში ამომრჩევლების რაოდენობა შეძლებისდაგვარად თანასწორი იყოს, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოფილ იქნეს ხმათა თანაბარი „წონა“.

 

ამრიგად, საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი სიტყვა უკვე თქვა და ფაქტიურად, დღეს არსებულ მაჟორიტარული სისტემა არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. ჯერი უკვე საკანონმდებლო ორგანოზეა, რომ კანომდებლობა კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოიყვანოს. თუმცა, ხელისუფლება მაინცდამაინც არ ჩქარობს და ამ საკითხის მოგვარება 2020 წლის არჩევნებამდე გადადო, რაც ნიშნავს იმას, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები კვლავ კონსტიტუციის საწინააღმდეგო კანონის საფუძველზე ჩატარდება.

 

 

პაატა ცნობილაძე

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2026 საავტორო უფლებები დაცულია