
ნატო ქათამაძე ქუთაისის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარისგან სამუშაო პირობების შექმნას ითხოვს!
ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის „რესპუბლიკელი“ წევრი ნატო ქათამაძე ხელისუფლების უნიათობისადმი კვლავ შეურიგებელია. მას ადრე ამისათვის თავისივე კოალიციის წევრებისგან შენიშვნებიც მიუღია და „ოპოზიციაში ჩარჩენილის“ იარლიყიც, თუმცა, ქალბატონი დეპუტატი ყოველთვის სამართლიანობას და ობიექტურობას მიიჩნევს თავის მთავარ პრინციპად.
ამჯერად ნატო ქათამაძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოცემულ რეგლამენტს გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ 32.5 გრადუს ცელსიუსზე მუშაობა დაუშვებელია. მან საკუთარ ფეისბუქგვერდზე ის პრობლემები გაასაჯაროვა, რაც საკრებულოს წევრებს აქვთ შექმნილი ხელისუფლების პირველი პირებისგან. გთავაზობთ ნატო ქათამაძის მიმართვას ქუთაისის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მიმართ, რომელიც მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„მე რა ვქნა მე, შოთა მურღულია, დავით დვალი... 45-გრადუსიან ოთახში მიწევს მუშაობა ქუთაისის საკრებულოში, სადაც არ მუშაობს კონდიციონერი და ერთ კვირაზე მეტია, სუნთქვა ჭირს. ვის არ მივმართე, ვინ არ „შევაწუხე“ და დღეს მეუბნებიან, რომ „შესყიდვებს“ გამოაცხადებენ ახალი კონდიციონერის შესაძენად. არადა, ეს კონდიციონერი რომ შესაცვლელი იყო, უკვე 6 თვეა, იცოდნენ...
ასევე, უსარგებლოა პერსონალური კომპიუტერი, არ მაქვს ნორმალური პრინტერი (მე კიდევ არამიშავს, საკრებულოს ზოგიერთ წევრს ამ დრომდე (უკვე ერთი წელია) არ აქვს კომპიუტერი, პრინტერი და საერთოდ, მაგიდაც კი...). სულ პრობლემაა სასმელი წყალი. 2-კვირიანი „ხვეწნის“ შემდეგ ძლივს ამოიტანეს... და საერთოდ, ბატონებო, როცა საკრებულოში პრემიებსა და დანამატებს არიგებთ და ბიუჯეტის ფულით სხვადასხვა სასაჩუქრე ნაკრებებს ყიდულობთ (თქვენივე ოთახების „გასალამაზებლად“) და პირად კომფორტს იქმნით.
იქნებ გაიხსენოთ, რომ ჩვენ სამუშაო პირობები გვინდა...
არ დამიწყოთ ახლა, „აქ“ რატომ წერ და მათ პირადად არ ეუბნებიო... ვეუბნები, ვეუბნები, ვეუბნები... მაგრამ ესმის ვინმეს? - წერს საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ნატო ქათამაძე.
სოციალურ ქსელში, ბუნებრივია, ამ განცხადებას მრავალფეროვანი კომენტარები მოჰყვა, რომელთა შორის დაახლოებით ასეთი კონტექსტიც იყო: ახია თქვენზე, რატომ მეტს არ იზამენ, ხომ შეხვდით ზარ-ზეიმით, ხომ დაისვით ხელის გულზე, ნუღა წუწუნებთ. შეეგუეთ მათ პირობებს!
შეგუების რა მოგახსენოთ, მაგრამ ამ განცხადების გაკეთებიდან მეორე დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე რესპუბლიკელ დეპუტატს ქალაქის მერთან საქმიანი კამათიც ჰქონდა, თუმცა, ამჯერად სხვა საკითხზე.
სხდომაზე შოთა მურღულიამ განაცხადა, რომ გზების რეაბილიტაცია ქალაქში წარმატებით მიმდინარეობს, რასაც სხდომაზე დამსწრეთა ნაწილი არ დაეთანხმა და სამუშაოს შეფერხებებზე გააკეთა აქცენტი. ამ შენიშვნებმა მერის გაღიზიანება გამოიწვია და მისი „ჩაწყნარება“ ისევ ნატომ სცადა: „კეთილი ინებეთ და მაგ ტონით ნუ გველაპარაკებით, თუ სამსახურის უფროსები არ არიან კომპეტენტურები, მაშინ შეცვალეთ. არაერთხელ მოვისმინე თქვენგან - არ იცით, ჩახედული არ ხართ. ისევ უნივერსიტეტის მასწავლებელი გგონიათ თავი და ისე გველაპარაკებით. მოგწონთ თუ არა, უნდა მიიღოთ ეს ინფორმაცია. არაერთხელ გააკეთეთ ეს. გირჩევთ პატივი დაგვდოთ და ისე მოგვექცეთ, როგორც უმრავლესობის მერს ეკადრება,“ - მიმართა ნატო ქათამაძემ ქუთაისის მერს.
შოთა მურღულიამაც უპასუხოდ არ დატოვა „თანაკოალიციელი“ დეპუტატი და არაკომპეტენტურობასა და ტელევიზიებთან სპეკულირებაში დაადანაშაულა. „თუ ფიქრობთ, რომ ლექტორობის პერიოდში ვინმე სტუდენტს ან მოსწავლეს შეურაცხყოფა მივაყენე, ძალიან ცდებით. ხშირად არაკომპეტენტური თემებით გამოირჩევით და ტელევიზიების წინაშე სპეკულირებთ,“ - განუცხადა შოთა მურღულიამ დეპუტატს.
სხდომაზე მეტი „გაწევ-გამოწევა“ აღარ ყოფილა, თუმცა, ფაქტია, რომ „რესპუბლიკელი“ და თან „არაკომპეტენტური“ დეპუტატი კიდევ კარგა ხანს დარჩება უკომპიუტეროდ და უკონდიციონეროდ...