პრეზიდენტის „ნაციონალური“ გადაწყვეტილების ექო
პრეზიდენტის „ნაციონალური“ გადაწყვეტილების ექო
სულ ნანახია 1561
ავტორი:

„ოცნება“ პრეზიდენტს იმას ვერ პატიობს, რომ მას ღირსების გრძნობა აღმოაჩნდა“

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ხონის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი, საპარლამენტო უმცირესობის წევრის, აკაკი ბობოხიძის ძმა, ლევან ბობოხიძე, რომელიც პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ შეიწყალა, მის მიმართ სიცრუის დეტექტორის გამოყენებას ითხოვს.

 

გათავისუფლების შემდეგ მან განაცხადა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და მზადაა, ხატზეც დაიფიცოს.

„მე არ ვიცი, რას ნიშნავს პოლიტმატიმარი. ვიცი, რომ უკანონოდ ვიყავი დაკავებული. ამერიკულ ფილმებში მინახავს სიცრუის დეტექტორი, თუ არის ამის საშუალება საქართველოში... მოვითხოვ, სიცრუის დეტექტორი გამოიყენეთ ჩემს შემთხვევაში. მე ვაჟკაცობა, სადაც საჭირო იყო, არაერთხელ დავამტკიცე და რამდენიმეჯერ თავიდან ვარ აწყობილი და არც გამიჭირდებოდა იმის აღიარება, რომ ჩავიდინე დანაშაული. მაგრამ შემიძლია, ხატზეც დავიფიცო, რომ არ ჩამიდენია დანაშაული,“ - განაცხადა ლევან ბობოხიძემ.

 

***

2014 წლის იანვარში „ნაციონალური მოძრაობის“ ხონის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლევან ბობოხიძე სახელმწიფო ქონების გაფლანგვასთან დაკავშირებული ბრალდებებით დააკავეს. პროკურატურის ცნობით, ლევან ბობოხიძემ, მისი ახლობლის, ნიკოლოზ კირთაძისათვის მატერიალური სარგებლის მისაღებად დაგეგმა და ორგანიზება გაუკეთა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასა და ყალბი დოკუმენტებით სამასალე და საშეშე მერქნის გაფლანგვას.

 

„კერძოდ, 2010 წელს, ლევან ბობოხიძის მიერ ორგანიზებული დანაშაულებრივი სქემის შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა  ზურაბ ჯიბუხაიამ და გამგებლის მოადგილე  ბესარიონ ჭელიძემ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამასალე და საშეშე მერქანი, რომელიც ხონის მუნიციპალიტეტის დადგენილების თანახმად სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის უნდა გადაეცათ, უსასყიდლოდ გადასცეს ნიკოლოზ კირთძეს. ამ უკანასკნელმა კი მიღებული მერქანი ცალკეული მოქალაქეების სახელზე შედგენილი ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ჩააბარა ხის გადამამუშავებელ საამქროებს, რომელთა ხელმძღვანელებმა, ლევან ბობოხიძის დავალებით,  მიღებული მერქნის საბაზრო ღირებულების თანხა  ნიკოლოზ კირთაძეს გადასცეს.

 

აღნიშნული ქმედებით  გაიფლანგა ხონის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული დიდი ოდენობით - 93,299მ3,  12 580,69 ლარად  ღირებულების  ქონება, რითაც სახელმწიფოს მიადგა ზიანი. გამოძიებით დადგინდა ასევე, რომ ლევან ბობოხიძე 2006 წლიდან 2012 წლის შემოდგომამდე, ხონის მუნიციპალიტეტის  უკლებლივ ყველა თანამშრომლისგან, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საწევროს სახით, ყოველთვიურად სახელფასო განაკვეთის 10%-ს  კრეფდა,  რომელიც თითქოსდა უნდა მოხმარებოდა ხონში მცხოვრებ ამავე პარტიის დაუსაქმებელ აქტივისტებსა და სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას, რეალურად კი  თანხას ლევან ბობოხიძე განკარგავდა თავისი შეხედულებისამებრ,“ - აცხადებდნენ მთავარ პროკურატურაში.

 

 

***

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებამ, შეეწყალებინა ბობოხიძე, მთავრობაში უკმაყოფილება გამოიწვია. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, მის გადაწყვეტილებას ნაჩქარევი უწოდა.

 

„აღსანიშნავია, რომ კონკრეტულად მსჯავრდებულ ლევან ბობოხიძესთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრეზიდენტისთვის ან შეწყალების კომისიისთვის რაიმე სახის რეკომენდაციით არ მიუმართავს,“ - განცხადეს სამინისტროში.

 

ამავე სამინისტროს მტკიცებით, შეწყალების სახელმწიფო კომისიამ თავად გამოითხოვა ლევან ბობოხიძის დახასიათება. ამასთან, კომისიამ საქმე მონაცემების მიღებიდან ორი თვის შემდეგ განიხილა და შესაბამისად, არ გაუთვალისწინებია ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულმა ამასობაში საპატიმროს რეჟიმის დარღვევა მოასწრო.

 

ყოფილი პატიმრის შეწყალების გამო, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი მარგველაშვილს ცინიკურად „ნაციონალური და კეთილშობილური“ პრეზიდენტი უწოდა. ღარიბაშვილი ამბობს, რომ მას იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილს, ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილს და „სხვა კეთილ ადამიანებსაც“ შეიწყალებს. პრემიერის განცხადებით, საზოგადოებამ ჭეშმარიტად „ნაციონალური“ პრეზიდენტი იხილა.
„ძალიან კარგია, რომ ასეთი კეთილშობილი პრეზიდენტი გვყავს,“ - დასძინა ღარიბაშვილმა.

 

უმრავლესობის სხვა წევრები კი, ქვეყნის პირველ პირს განმარტებების გაკეთებას სთხოვენ და კითხვით მიმართავენ - შეწყალების აქტის გამოცემისას რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს.

 

„პრეზიდენტს კითხვით მივმართავ - გადაწყვეტილება რა კრიტერიუმებით მიიღო?! კარგი იქნება, თუკი ის ამ კრიტერიუმებს დაასახელებს. იქნებ, მართლაც რაღაც კრიტერიუმი იყო და არ ვიცით,“ - კითხვას სვამს უმრავლესობის ლიდერი დავით  საგანელიძე, რომლის პათოსს იზიარებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.
„ძალიან ბევრი კითხვა მიჩნდება, რადგან ჩვენი კომიტეტიდან ბევრი შუამდგომლობაა გაგზავნილი და ბევრი ადამიანი სასჯელს იხდის, რომელთა შეწყალება შესაძლებელია, თუმცა, დადებით პასუხებს ვერ ვიღებთ. კითვები მიჩნდება, განმსაზღვრელი რა არის - პოლიტიკური მოტივი თუ სამართლიანი მიდგომა?! როდესაც, პრეზიდენტი ასეთ გადაწყვეტილებას იღებს და კითხვები ჩნდება, მან განმარტება უნდა გააკეთოს,“ - აცხადებს ბესელია.
გაკვირვებული და გაღიზიანებული მმართველი გუნდის საპირისპიროდ, შეწყალების აქტით ოპოზიცია გახარებული დარჩა.

 

დეპუტატი აკაკი ბობოხიძე პატიმრობიდან ძმის გათავისუფლების გამო, მადლობას როგორც პრეზიდენტს, ასევე შეწყალების კომისიას უხდის და აცხადებს, რომ ამ პროცესში მისი როლი უმნიშვნელოდ არსებობდა.

კანონმდებელი ძმის შეწყალებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის განცხადებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს სიტყვა - ადეკვატური ძალიან უყვარს და მას ჰგონია, რომ ამ სიტყვას რაც უფრო ხშირად გამოიყენებს, მით უფრო ადეკვატური იქნება.
დეპუტატის შეფასებით, სამწუხაროდ, საქართველოს აბსოლუტურად არადეკვატური პრემიერი ჰყავს.

„პრეზიდენტმა გადაწყვეტილება კომისიის მოსაზრებებზე დაყრდნობით მიიღო. იმედი მაქვს, პრემიერის მოლოდინი გამართლდება და მის მიერ ჩამოთვლილი ადამიანების შეწყალებასაც მოეწერება ხელი. „ქართული ოცნება“ პრეზიდენტს იმას ვერ პატიობს, რომ მას ხელისუფლების ბევრი წევრისგან განსხვავებით, ღირსების გრძნობა აღმოაჩნდა,“ - აცხადებს დეპუტატი.
ბობოხიძის განმარტებით, შეწყალების კომისიამ მის ძმასთან ერთად, სამი ადამიანი შეიწყალა. მათ შორის, ხონის ყოფილი გამგებლი ზურაბ ჯიბუხაია.
„კომისიამ სხდომაზე თავდაპირველად ზურაბ ჯიბუხაიას საკითხი განიხილა, რის შემდეგაც დღის წესრიგში ჩემი ძმის საკითხი დადგა. ამ პროცესში კაკო ბობოხიძის როლი შეიძლება არსებობს, მაგრამ ძალიან უმნიშვნელოდ,“ - დასძენს ბობოხიძე, რომლისგან განსხვავებით, მიღებული გადაწყვეტილების გამო.

 

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი და ყოფილი თანაგუნდელი გიორგი ცაგარეიშვილი აღნიშნავს, რომ ღარიბაშვილს მორალური უფლება არ აქვს, მარგველაშვილი აკრიტიკოს.
ცაგარეიშვილის მოსაზრებით, პრეზიდენტს პატიმრის შეწყალების უფლება ჰქონდა და მან ეს უფლება გამოიყენა.

„ეს ადამიანები პოლიტპატიმრები არ იყვნენ, ისინი გასამართლდნენ და გარკვეული სასჯელი მოიხადეს. ხშირად, ადამიანი საკუთარ თვალში ბეწვს ვერ ხედავს და სხვისაში დირეს ეძებს. ღარიბაშვილსაც ასე დაემართა. ნაციონალებსა და „ოცნებას“ შორის ზღვარი წაშლილია. ბევრი ისეთი ადამიანია, რომელიც ნაციონალებსაც ემსახურებოდენ და ახლა ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებენ. ოპოზიციაში ყოფნის დროს სასამართლო სისტემაში საქმიანობის გამო მურუსიძეს ვაკრიტიკებდით, რომელიც ახლა სამართლიანობის მტრედი გახდა. ასევე წულუკიანი ამბობდა, რომ ბადრიაშვილს ყველაფრისთვის პასუხი უნდა ეგო, მან კი ე.წ. კაბელების საქმეზე რა გააკეთა, გახსოვთ,“ - აცხადებს დეპუტატი.

„ოცნება“ ისე იქცევა, როგორც ნაციონალები იქცეოდნენ. ფაქტობრივად, მათი ქმედებები ერთი-ერთზე ერთმანეთს ემთხვევა. ხელისუფლებამ საკუთარი ლექსიკონიდან - „არა“ ამოიღო და ყველაფერზე - „კი, ბატონო ბიძინა“ დატოვა. მათ ლექსიკაში „არა“ აღარ არის და მხოლოდ „კი“ დარჩა,“ - ამბობს ცაგარეიშვილი.

 

რაც შეეხება შეწყალების კომისიის პოზიციას, კომისიის ხელმძღვანელი ზვიად ქორიძე განმარტავს, რომ შეწყალების თაობაზე ლევან ბობოხიძის საქმეს სასჯელაღსრულების დაწესებულების დადებითი რეკომენდაცია ახლდა. მისი ცნობით, კომისია პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ იღებს და უცნაური იქნებოდა, პრეზიდენტს ეთქვა, რომ ლევან ბობოხიძე ციხეში უნდა დარჩენილიყო.
 

„შეწყალების მექანიზმი არ არსებობს იმიტომ, რომ მან გამოასწოროს მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ხარვეზები. შეწყალების კომისია სამართალს არ აღასრულებს. ეს დიდი ჟიური არ არის. შეწყალების კომისია გადაწყვეტილებას შეწყალების თაობაზე იღებს და არა იმაზე, რომ აღასრულოს სამართალი,“ - აცხადებს ქორიძე.

 

თეონა მანაგაძე

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2026 საავტორო უფლებები დაცულია