რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ
რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ
სულ ნანახია 1727
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები 2013 წლის 27 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებენ.

 

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი ეკა აზარაშვილი აცხადებს: ცესკო საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნას საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ქვეყნების ჩამონათვალის საფუძველზე ახორციელებს და ამ ჩამონათვალში რუსეთის ფედერაცია საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის გამო არ აღმოჩნდა.


„რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები, სამწუხაროდ, ვერ შეძლებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებს ვხსნით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და მათ მიერ გადმოცემულ იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც საქართველოს აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობები, ამ ჩამონათვალში რუსეთი ვერ მოხვდა. შესაბამისად, ჩვენ ვერ გავხსნით რუსეთში საარჩევნო უბნებს,“ - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ ეკა აზარაშვილმა.


რაც შეეხება რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები სრულწლოვანი საქართველოს მოქალაქეების ზუსტ რაოდენობას, აზარაშვილის თქმით, ცესკო-ში ამის შესახებაც არ არსებობს მონაცემები, რადგან საარჩევნო ადმინისტრაცია საკონსულო აღრიცხვაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობაზე ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მოწოდებული მონაცემებით იგებს.


 

„ვერ გეტყვით რუსეთში მცხოვრები ამომრჩევლების ზუსტ რაოდენობას იმიტომ, რომ საკონსულო აღრიცხვაზე რეგისტრირებული ჩვენი თანამოქალაქეების რაოდენობაზე ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მოწოდებული მონაცემებით ვიგებთ. ასე რომ, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია დღეს რუსეთში საკონსულო აღრიცხვაზე ჩვენი რამდენი თანამოქალაქე იმყოფება. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც ზუსტად იგივე მდგომარეობა გვქონდა. მაშინაც საგარეოს ჩვენთვის არ მოუწოდებია ჩამონათვალში რუსეთის ფედერაცია და, შესაბამისად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც რუსეთში არ გახსნილა საარჩევნო უბანი და იქ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, სამწუხაროდ, ხმის მიცემის შესაძლებლობა არ ჰქონდათ,“ - ამბობს ეკა აზარაშვილი.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2026 საავტორო უფლებები დაცულია