სიტყვებით თამაში - პრემიების ნაცვლად, მაღალი სახელფასო დანამატები მინისტრებს!
სიტყვებით თამაში - პრემიების ნაცვლად, მაღალი სახელფასო დანამატები მინისტრებს!
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
სულ ნანახია 2130
ავტორი:
ჟანა ჯანელიძე

ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ, ხალხმა?

 

მერე რა, თუ ქვეყანაში პენსია მხოლოდ 10 ლარით მოიმატებს, ისიც, ათი თვის შემდეგ...

 

გასულ კვირას საქართველოს მოსახლეობა მინისტრების ხელფასებზე ალაპარაკდა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, თამარ სანიკიძის ყოველთვიური ხელფასი 12 500 ლარს შეადგენს, ხოლო საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის შემოსავალი  21 000 ათასი ლარია.

 

შესაბამისად, როგორც თამარ სანიკიძემ, ისე ნოდარ ხადურმა განცხადებები გააკეთეს და უარყვეს მათი შემოსავლების ზემოთაღნიშნული რაოდენობა.

 

თამარ სანიკიძის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მისი ხელფასი 12 500 ათას ლარს შეადგენს, სიცრუეა და მედიასაშუალებებმა მსგავსი ინფორმაციების მიმართ მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ.

 

განათლების მინისტრი განმარტავს, რომ მინისტრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 3540 ლარს შეადგენს (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით). დანამატის სახით კი, 2710 ლარს იღებს (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით), რაც ყველა მინისტრის სტანდარტულ ანაზღაურებას წარმოადგენს.


საგულისხმოა, რომ თამარ სანიკიძე მინისტრის თანამდებობაზე ზუსტად წელიწადი და 4 თვის წინ დაინიშნა და ამ პერიოდის განმავლობაში პრემიის სახით, ჯამურად 6 250 ლარი აქვს აღებული.

 

განცხადებაში მოყვანილი ციფრების მეშვეობით ირკვევა, რომ მინისტრის დადგენილი შემოსავალი თვეში 6 250 ლარია მაშინ, როცა საშუალოდ, პედაგოგი თვეში მასზე თითქმის 20-ჯერ ნაკლები ხელფასით კმაყოფილდება.

 

რაც შეეხება საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურის განმარტებით, მან 21 000 ლარის ოდენობის დანამატი 10 თვის განმავლობაში მიიღო და ეს არ იყო ერთჯერადი დანამატი.

 

ათ თვეში 21 000 ლარი, ალბათ, ძალიან ცოტაა...

 

როგორც ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, აქ საუბარია 10 თვეზე. ასევე დასძინა, რომ მინისტრების შრომის ანაზღაურება შემცირდა მას შემდეგ, რაც ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში.


„პრემია არ ამიღია არცერთი თეთრი. ეს არის დანამატი, რომელიც განსაზღვრულია პრემიერ-მინისტრის ბრძანებით და თქვენ იცით, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, მინისტრების შრომის ანაზღაურება შემცირდა. ჯერ კიდევ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა შეამცირა მინისტრების შრომის ანაზღაურება, შემდეგ, რაც ბატონი ირაკლი ღარიბაშვილია პრემიერ-მინისტრი, ის კიდევ შემცირდა. ჩვენი ანაზღაურების შესახებ ყველამ ყველაფერი იცის უკვე საქართველოში,“ - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მისივე თქმით, ვინმემ რომ თქვას, რომ 21000 აიღო ერთჯერადად, შეიძლება ეს დიდ ციფრად მოეჩვენოს, მაგრამ ეს არის მთელი წლის განმავლობაში მიღებული დანამატი.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, რომ მინისტრებმა და მოადგილეებმა 2014 წლის 8 თვის განმავლობაში 3 მილიონზე მეტი ლარი მიიღეს, საიდანაც თითქმის ნახევარი პრემიებსა და დანამატებს შეადგენს.
მისივე ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა 21680 ლარი მიიღო.

გამოდის, რომ განათლების მინისტრის, მისივე გამოთვლებით, დადგენილი ხელფასიდან გამომდინარე, პედაგოგებზე 20-ჯერ მეტი ანაზღაურება აქვს, ფინანსთა მინისტრმა კი 10 თვეში 21 000 ათასი ლარი აიღო.

 

მინისტრების ხელფასებმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია:

ზაირა თოდუა: „მასწავლებელს და მინისტრს ერთნაირი ხელფასი უნდა ქონდეს? ეს უსამართლობაა.“

 

ლაურა დოლიძე: „თბილისის ზოგიერთ პრესტიჟულ სამედიცინო დაწესებულებაში ოჯახის ექიმებს 100-ლარიან ხელფასს უხდიან, ხოლო უფროსი მენეჯერები 50-ჯერ მეტს იღებენ. ჩვენი მინისტრი იმ პირობებში, როცა ევროპასა და აშშ-ში კანონი არსებობს, რომ ექიმის მინიმალური ხელფასი უნდა იყოს 1500 ევრო, ან სხვა თანხა, ცრემლიანი გვიხსნის, რომ არ შეუძლია სააკაშვილის მიერ დაჩუქებულ-დაყიდულ დაწესებულებებისთვის კანონის შემოღება!“

 

კუკური ოჩიგავა: „საერთოდ, საათში 8 დოლარზე ნაკლები ანაზღაურება კანონით ისჯება და რა ხელფასებია დღეს ფირმებში? მონებს არ ამუშავებენ.“

 

დონარა მანჯავიძე: „მასწავლებლებს მოუმატონ ხელფასები მაგ არაადამიანებმა და მერე იმათზე ცოტა მეტი დაინიშნონ თვითონ.“

 

ირინა კაპანაძე: „მინისტრია ხალხნო, რა გჭირთ. უნდა ჰქონდეს  მაღალი ხელფასი, აბა რა...“

 

ხათუნა ლომაშვილი: „20 წლის სტაჟი და სკოლის სიყვარული გულდასაწყვეტია. ჩემი სურვილით წამოვედი სკოლიდან, რადგან 200 ლარი არ მიღირდა შვილების მიტოვებად. რამეს მაინც აკეთებდეს ქალბატონი მინისტრი, ამხელა ხელფასის საფასურს.“

 

დავით სალია: „ინფორმაცია სანიკიძის 12 500-ლარიან შემოსავალზე მიაწოდა თავად სამინისტრომ 29 ოქტომბერს, საკოორდინაციო ცენტრს, როგორც საჯარო ინფორმაცია. ეს არი ხელფასის დანამატი და პრემია ერთად ივნისის თვის.“

 

ერეკლე მაჭავარიანი: „აბა, როგორ გინდათ. 20-კაპიკიანი ხელფასით მინისტრები ასობით მილიონი ბიუჯეტის განმკარგავი. თან უნდა იყოს წესიერი, განათლებული, არაკორუმპირებული. სირცხვილია ამაზე ლაპარაკი. კარგი ყველაფერი ძვირი ღირს. მე ვფიქრობ, ეგ ხელფასიც ცოტაა.“

 

პენსიონერი: შვილო, ერთი თხოვნა მაქვს ნოდარისთან: არ მინდა 100 ლარი პენსია და მომცენ 200 ლარიანი საპენსიო დანამატი! ჩვენ რა ხალხი არ ვართ? რატომ გვაყრიან ნაცარს თვალებში, რატომ გვეთამაშებიან სიტყვებით? აქაოდა, პრემიას არ ვიღებთ და ეს ხელფასის დანამატიაო. რა მნიშვნელობა აქვს, სახელს რას დაარქმევს? მაგათ რომ მაგდენი დანამატები არ აიღონ და ხალხსაც რომ დაუმატონ სარჩო, ამაზე რატომ არ ფიქრობენ?

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2026 საავტორო უფლებები დაცულია