
„ვიდრე მე ჩემს შვილს დავტიროდი, თურმე ჩემი სახლი აუქციონზე გაუტანიათ გასაყიდად...“
77 წლის სულიკო ალავიძე ქუთაისში, ჭომის უბანში, ლესელიძის 100 ნომერში ორსართულიან სახლში მარტო ცხოვრობს. მოხუცს მხედველობის პრობლემა აქვს, გადაადგილება უჭირს და, ძირითადად, მეზობლების დახმარების იმედად არის. სულიკო ალავიძე მის საძინებელ ოთახში ჩავწერეთ, სადაც ორი წლის წინ, გარდაცვლილი ერთადერთი ვაჟის საწოლი ამ დრომდე აულაგებელია. „ესაა ჩემი ერთადერთი ნუგეში,“ - გვითხრა მან და საწოლზე დალაგებულ შვილის ფოტოებზე მიგვანიშნა.
სახლი, რომლის შესახებაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ისტორიულია: 1912 წელს სწორედ აქ დაუსვენია და უსადილია რაჭა-ლეჩხუმისაკენ სამოგზაურდ მიმავალ აკაკი წერეთელს (მაშინ ალავიძეებს აქ დუქანიც ჰქონიათ).
***
სულიკო ალავიძის განცხადებით, ის თაღლითობის მსხვერპლი გახდა, რის გამოც მიკროსაფინანსო ორანგიზაციამ „კრედიტ პლიუსმა“ სახლი გაუყიდა. მომხდარის გამო სულიკო ალავიძეს ქუჩაში დარჩენა ემუქრება.
ის გვიამბობს:
„ჩემს მეუღლეს პალიკო ალავიძეს ჯაჭვის ხიდზე მაღაზია ჰქონდა, მასთან ერთად სხვებიც მუშაობდნენ. ერთ-ერთი ლეჩხუმელი გურგუჩიანი იყო, რომელსაც ჩვენი 3000 ლარი ემართა. შემდეგ ჩემს მეუღლეს წნევამ დაარტყა და ლოგინად ჩავარდა. მე სამი შვილი მყავდა მკვდარი, მეოთხე, ერთადერთი შვილი, საზღვარგარეთ ცხოვრობდა. როდესაც მამის ავადმყოფობა შეიტყო საქართველოში დაბრუნდა. ამის შემდეგ გურგუჩიანის შვილმა, ამირან გურგუჩიანმა, სახლში მოგვაკითხა; ჩემს მეუღლეს დაჰპირდა, რომ ფულს უახლოეს მომავალში დაუბრუნებდა. ჩემი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ. ჩემმა შვილმა მამის საფლავი არ მიატოვა, უნდოდა, ყველაფერი რიგის მიხედვით გაეკეთებინა და მერე წასულიყო საზღვარგარეთ. უთხრა კიდეც ამირან გურგუჩიანს, რომ ეს თანხა წასასვლელად უნდოდა და მალე დაებრუნებინა. გურგუჩიანი უსირცხვილოდ ჰპირდებოდა და დროს ახანგრძლივებდა. ბოლო დაპირებით თანხა 2011 წლის 15 ნოემბერს უნდა მოეტანა. მაგრამ ჩემი შვილი სასაფლაოზე გაცივდა და ცუდად გახდა, ვუმკურნალეთ და დროებით გამოკეთდა. ამ პერიოდში ამირან გურგუჩიანი მოვიდა და გვთხოვა, რომ სახლი გვენათხოვრებინა, რათა ბანკიდან ფული გამოეტანა. მისი თქმით, თანხის გამოტანის შემდეგ ჩვენს ვალსაც დაგვიბრუნებდა და ბანკის ვალსაც ეტაპობრივად დაფარავდა. თავიდან წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ მერე დამითანხმეს. ბანკის წარმომადგენლებს, როგორც დეიდა, ისე გაააცნო ჩემი თავი, თუმცა მოგვიანებით საბუთები რომ ვნახეთ, დედად ვყავდი გატარებული.
გურგუჩიანები მოვიდნენ და მითხრეს, რომ ბათუმში უნდა წავსულიყავით საბუთებზე ხელის მოსაწერად. მისი თქმით, ამის შემდეგ თბილისში წავიდოდნენ ფულის ასაღებად. ბათუმში „კრედიტ პლიუსში“ მხოლოდ ბინის ნათხოვრობის საბუთზე მომაწერინეს ხელი. სხვა არც პირადობა მოუთხოვიათ, არც არანაირი საბუთი. საბუთებზე ხელის მოწერის შემდეგ გურგუჩიანი არ გამოჩენილა. ამ ხნის განმავლობაში ჩემი შვილის მდგომარეობა კვლავ გართულდა და გარდაიცვალა. ვიდრე მე ჩემ შვილს ვტიროდი და მის კუბოში მეძინა დღედაღამე, თურმე ჩემი სახლი აუქციონზე ისე გაიტანეს გასაყიდად, ერთი შეტყობინებაც არ მიმიღია. ჩემი შვილის დასაფლავების შემდეგ მომადგა პოლიცია და მითხრა, რომ სახლი უნდა დამეტოვებინა. როგორ და რა მოხდა, არაფერი ვიცოდი, გაუბედურებულ დედას გარეთ მიშვებდნენ, ისე, რომ არავინ არაფერს მიხსნიდა. ვინ უნდა გაბედოს ჩემი შვილის საწოლის ანგრევა! სად წაიღებენ ამ ნივთებს, ამ ნივთებით ვარსებობ, ყოველ დილით ვეფერები ჩემი შვილის ნაწოლ თეთრეულს!“ - განაცხადა სულიკო ალავიძემ.
***
ქალბატონი სულიკოს ინფორმაციით, მოგვიანებით გაურკვევია, რომ გურგუჩიანებს ბანკიდან თანხა - 6700 დოლარი იმ დღესვე გამოუტანიათ და თბილისში გადაურიცხავთ. აღსანიშნავია, რომ თანხის გატანის საბუთებს ხელს სულიკო ალავლიძე აწერდა, თუმცა, დაზარალებული ვერ ისხენებს, რომ, ნათხოვრობის გარდა, სხვა საბუთზე მოეწერა ხელი.
საქმე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში თაღლითობის მუხლით არის აღძრული. ალავიძის ადვოკატის გიორგი ჩხეიძის განცხადებით, ამირან გურგუჩიანის წინააღმდეგ საქმე მოიგო. გურგუჩიანს სასამართლომ 65000 ლარის გადახდა დააკისრა, თუმცა, ადვოკატმა საქმე სააპელაციოში გაასაჩივრა, ვინაიდან ამ საქმეში ერთ-ერთი მოქმედი პირის, ნათია გურგუჩიანისთვის თანხის დაკისრებასაც მოითხოვს.
საქმეში იკვეთება გარიგების ფაქტი ბანკის თანამშრომელსა და გურგუჩიანებს შორის, ვინაიდან ბანკმა 6700 დოლარი ისე გასცა 75 წლის სოციალურად დაუცველ ქალბატონზე, რომ არ დაინტერესებულა, შეძლებდა თუ არა სულიკო ალავიძე თვეში 375 ლარის გადახდას.
დავინტერესდით, გაგვეგო, ბანკი რამდენად იღებს რისკს და სოლიდურ თანხას რამდენად აძლევს პენსიონერს. აღმოჩნდა, რომ არცერთი ბანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 6000 დოლარს არ გასცემს ასაკში მყოფ ადამიანზე, მით უმეტეს - სოციალურად დაუცველზე, თანაც ისე, რომ არ მოითხოვოს პირადობა და სხვა შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ალავიძის განცხადებით, ნათია გურგუჩიანმა დაადანაშაულა კიდეც ბანკის თანამშრომელი 1000 დოლარის აღებაში.
გიორგი ჩხეიძე, ადვოკატი: „არავინ დაგარწმუნოთ, რომ ეს ქალბატონი ვინმეს ეცოდება და მაგიტომ არ ასახლებენ. პირიქით, ყოველდღე აწუხებენ აღმასრულებელს გამოსახლების მოთხოვნით, უბრალოდ, ჩვენი მუშაობით ხდება გამოსახლების შეჩერება. მათი ჩანაფიქრიც ისაა, რომ მოხუცი ქალბატონი ამდენს ვერ გაუძლებს და მისი გარდაცვალებით საქმე გაუმარტივდებათ. ჩვენ ასევე ვცდილობთ, რომ ნუგზარ მსხვილიძე, რომელმაც სახლი აუქციონზე შეიძინა, დავითანხმოთ, გადახდილი თანხის დაბრუნების შემთხვევაში სახლი ალავიძეებს დაუბრუნოს, მაგრამ ეს საქმე დროში იწელება. შესაძლოა, გურგუჩიანმა სასამართლო გადაწყვეტილება გაასაჩივროს და ამით დრო მოიგოს.“
ადვოკატის ინფორმაციით, გურგუჩიანები ცრუობენ, როდესაც ამტკიცებენ, რომ მათ ბანკში დარჩენილი ნაწილი უსახსრობის გამო ვერ დაფარეს, რადგან, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამ ხნის განმავლობაში ნათია გურგუჩიანმა თბილისში მშენებარე კორპუსში ბინა შეიძინა.
მას შემდეგ, რაც ალავიძემ გურგუჩიანს საქმე ნაწილობრივ მოუგო, ამირან გურგუჩიანმა ქონება შვილს გადაუფორმა. შემდეგ კი ნათიამ თავისი ქონება დედის, ელისო ხვადაგიანის სახელზე გააფორმა.
თბილისში ბინის შეძენას უარყოფს ამირან გურგუჩიანის მეუღლე. ის ასევე აცხადებს, რომ ალავიძეების გურგუჩიანებს ვალი - 3000 ლარი არ ჰქონიათ და ბანკიდან გამოტანილი თანხის ნაწილი სულიკო ალავიძემ წაიღო. თუმცა ვერ ამბობს, რატომ ფარავდნენ თვითონ სრულ თანხას, თუკი თანხის ნაწილი ალავიძეს გადასცეს.
„არ ვიცი მე, კარგად ვერ ვერკვევი ამ ამბებში. ჩემი მეუღლე თურქეთშია, ჩამოვა და ყველაფერზე გიპასუხებთ. იტყუება ალავიძე, რომ ამბობს, ვითომ მაგის ვალი გვქონდა. ბანკში მხოლოდ 1500 ლარი იყო დარჩენილი, მაგრამ ვეღარ შევძელით გადახდა, ალავიძემ ასევე კარგად იცოდა, მისი სახლი აუქციონზე რომ გაიტანეს გასაყიდად, რატომ ცდილობს მხოლოდ ჩვენს დადანაშაულებას, თვითონაც ხომ წაიღო ფული. ის კი არადა, რომ გავიგეთ, სახლს უყიდდნენ, თვითონ მივმართეთ სასამართლოს ბანკის წინააღმდეგ და ვითხოვდით, რომ გადახდა გადაევადებინათ. მაგის ადვოკატი ჩვენ დავიქირავეთ და ფულიც ჩვენ გადავუხადეთ, რადგან არ გვინდოდა, სახლი დაეკარგა“.-აღნიშნა ჩვენთან საუბარში ელისო ხვადაგიანმა.
გურგუჩიანების მიერ მისთვის ფულის გადახდას კატეგორიულად უარყოფს ალავიძის ადვოკატი გიორგი ჩხეიძე. მისი განცხადებით, გურგუჩიანები არასწორი ინფორმაციით ცდილობდნენ, სასამართლო არასწორი გზით წაეყვანათ, ის ფაქტი კი, რომ გურგუჩიანებმა ქონება ელისო ხვადაგიანის სახელზე გადააფორმეს, მათ შიშზე მეტყველებს.
ქალბატონი სულიკო გურგუჩიანებს დავით და კონსტანტინეს ქუჩაზე მდებარე მაღაზიის ალავიძისეული ნაწილის მითვისებაში ადანაშაულებს, ხვადაგიანი კი აღნიშნავს, რომ 90-იან წლებში ალავიძეები მაღაზიაში გაუფორმებლად მუშაობდნენ.
„ტყუილია, რასაც ამბობს, მაღაზია მათი საკუთრება არ იყო. ყველა ასე მუშაობდა შევარდნაძის დროს. მოგვიანებით კი მაგათ გაასხვისეს“, - აცხადებს ელისო ხვადაგიანი, თუმცა, ჩვენს კითხვაზე, როგორ გაასხვისეს ფართი, რომელიც მათი საკუთრება არ იყო და როგორ აღმოჩნდა გასხვისებული მაღაზია გურგუჩიანების საკუთრება, პასუხობს, რომ არ იცის, როგორ მოხდა გასხვისება. თუმცა, ასახელებს თანხას - 3000 ლარს, რაც ალავიძეებმა მაღაზიის უკანონოდ გასხვისებაში აიღეს. ასევე ამბობს, რომ ის მაღაზია, რომელიც ამჟამად მათი საკუთრებაა, ალავიძეებს არასდროს არ ეკუთვნოდათ. ხვადაგიანმა ჩვენთან საუბრისას ასევე არ დაადასტურა, რომ მაღაზიის ფართი, რომელსაც ალავიძე ედავებათ, გაქირავებული არ აქვთ - თავად მუშაობენ მაღაზიაში. თუმცა, საუბრისას წამოსცდა, რომ ქირაში აღებული 200 ლარი დიდი თანხა სულაც არ არის.
ამ დროისათვის სულიკო ალავიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ადვოკატი იმედოვნებს, რომ სასამართლო განაჩენის აღსრულება იმ დრომდე განხორციელდება ვიდრე სავალალო შედეგი მოხდება და სახლი თაღლითების ხელში დარჩება, ვინაიდან სულიკო ალავიძე მარტოხელა მოხუცია და, კანონის შესაბამისად, მის საქმეს ვერავინ გააგრძელებს.