საქართველოში ყოველი მეორე ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია
საქართველოში ყოველი მეორე ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია
სულ ნანახია 2477
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

იმ პირობებში, როდესაც საქართველოში  ეკონომიკური ფონი ძალზე დაბალია, კითხვაზე, თუ რა მიაჩნიათ ქვეყანაში ყველაზე მტკივნეულ პრობლემად, გამოკითხული რესპონდენტების სრული უმრავლესობა უმუშევრობას ასახელებს. ამავე კითხვის პასუხად მეორე ადგილას შრომითი მიგრაცია დგას, მესამე ადგილს ტერიტორიული მთლიანობა იკავებს და ყველაზე დაბალი პროცენტით, ბოლო პრობლემად ოჯახური ძალადობა სახელდება.

 

თუმცა, თუ გავყვებით სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც ყოველი მეორე ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, ადვილი წარმოსადგენია, რომ ის ქალბატონები, რომლებმაც პრიორიტეტულ პრობლემებს შორის ძალადობა ბოლო ადგილზე დაასახელეს, თავად ამ პრობლემას პერიოდულად ან მუდმივად განიცდიან. შესაბამისად,  მისი უკანა პლანზე გადაწევა და ჩრდილში მოქცევა პრობლემის პრობლემაა, როდესაც ადამიანი ვერ თუ არ აცნობიერებს იმას, რომ ესა თუ ის ქცევა მის მიმართ ძალადობაა, რაც მის თავმოყვარეობას ლახავს, ართმევს პიროვნულ თავისუფლებას, ზღუდავს მის ინდივიდუალობას, აქცევს დაქვემდებარებულად, ან უარეს შემთხვევაში – მსხვერპლად. ყველა ეს ქცევა ერთიანობაში ქმნის ძალადობას, რაც უფრო ხშირად და მწვავე ფორმებით ოჯახში ვლინდება.

 

ოჯახური ძალადობა გლობალური პრობლემაა და მსოფლიოს ნებისმიერ ოჯახში არსებობს, მოიცავს საზოგადოების ყველა ფენა. ოჯახური ძალადობა ფარულ და განგრძობით  ხასიათს ატარებს და საკმაოდ სპეციფიურია.

 

ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია „ფონდი სოხუმი“-ს ფსიქოლოგი მანანა გოცირიძე, რომელსაც ოჯახური ძალადობის მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ამბობს: „მცდარია მოსაზრება, თითქოს ძალადობა მხოლოდ ცოლ-ქმარს შორის არსებული კონფლიქტების ნიადაგზე წარმოიშობა, მას გამოვლინების გაცილებით ფართო არეალი აქვს. ძალადობა შეიძლება იყოს სიტყვიერი, ფიზიკური, მორალური, ეკონომიკური. როდესაც დაბალი ეკონომიკური ფონის გამო დიდია მიგრაციის მაჩვენებელი, შესაბამისად, შემდგარი ოჯახების პრობლემაც მწვავედ დგას, შვილები იზრდებიან მშობლებისგან შორს, სოციალური ქსელები ცივია და მათი საშუალებით დამყარებული კონტაქტი მშობელთან შვილს ბევრს ვერაფერს აძლევს, აკლია ყველაზე მთავარი – სითბო საკუთარი მშობლებისგან და ეს დეფიციტი მას ხშირ შემთხვევაში აგრესიულ პიროვნებად აყალიბებს.

 

ასეთი შვილების მშობლები კი უმეტესად  ეკონომიკური ძალადობის მსხევრპლნი არიან. ეს ნიშნავს იმას,  როდესაც ოჯახის ერთი წევრი საზღვრებს გარეთ არაადამიანურად,  ვირივით მუშაობს, მის კმაყოფაზე არის ოჯახის ყველა წევრი და ისინი „საშოვარზე“ წასულს უყურებენ როგორც „ფულის შოვნის მანქანას“.

 

ძალადობა არის ოჯახშიც და გარეთაც, როდესაც მძღოლი უშვერი სიტყვებით მგზავრებს არარსებულ სივრცეში „გადაიწიეს“ აიძულებს, როდესაც გვერდით მდგომი ფეხს გაბიჯებს და ბოდიშსაც კი არ გიხდის.

 

 ძალადობაა სამსახურშიც, როდესაც პოზიციით შენზე მაღლა მდგომი თვლის, რომ შეუძლია, სურვილისამებრ გმართოს, დაგავალოს იმაზე მეტი, რაც რეალურად  გევალება. ძალადობა მხოლოდ ფიზიკური არაა, ზოგჯერ სიტყვა გაცილებით დიდ დარტყმას აყენებს ადამიანის თავმოყვარეობას, თვითმყოფადობას და ღირსებას, ვიდრე ფიზიკური ზეწოლა. განა ეს არ არის ფსიქოლოგიური ძალადობა, როდესაც მამაკაცი ცოლს გამუდმებით ამადლის, რომ ის მისი „პატრონია“,  ეუბნება: „შენ  ვინ მოგიყვანდა ცოლად,  მე რომ არა“,  „რას გავხარ შე გასიებულო“, „თავში ტვინი არ გაქვს“ და ასე შემდეგ. ეს არის ფსიქოლოგიური ძალადობა და ადრესატის თვითშეფასების დაქვეითებისკენ არის მიმართული.

ძალადობა არ არის მხოლოდ ნაჯახით ცემა, ის ზოგჯერ „კეთილისმსურველი“ მშობლების შვილებთან ზედმეტი ჩარევითაც შეიძლება გამოვლინდეს, იქნება ეს პროფესიის არჩევისას თუ სხვა, როდესაც, მაგალითად, შვილის მოწოდება მუსიკოსობაა,  მაგრამ დედ-მამას სურს, რომ მათი შვილი აუცილებლად ექიმი გამოვიდეს. ძალით გაკეთებულ არჩევანს ხშირ შემთხვევაში უაროფითი შედეგები მოაქვს და ადამიანი ვერ ახერხებს საკუთარი თავის რეალიზებას საზოგადოებაში.

 

ძალადობის პრობლემა ქვეყანაში საკმაოდ დიდი სიმწვავით დგას და ქალთა მომართვიანობაც გაზრდილია.“

 

ძალადობის  შემთხვევები რომ მრავლადაა, ამაზე სტატისტიკაც მოწმობს, მაგრამ ძნელია, იპოვო ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერზე ღიად ისაუბრებს. ეს არც არის გასაკვირი,  რადგან მსხვერპლი ხომ თავის თავში უკვე გულისხმობს ადამიანს,  ნაკლები გამბედაობით, ნაკლები ბრძოლის უნარით, შესაბამისად,  პრობლემებზე ღიად საუბარი და ამით დაპირისპირება მოძალადესთან, მისთვის  გადაულახავ პრობლემას წარმოადგენს.

 

 ასეთ კატეგორიას მიეკუთვნება 22 წლის ნინო, რომელსაც სახელი პირობითად დავარქვით, რადგან საკუთარ ისტორიაზე საუბარი მხოლოდ საკუთარი სახელის და გვარის მითითების გარეშე ისურვა, უფრო გაბედა. 

 

ნინოს  მეუღლე მშობლებმა შეურჩიეს.  12 წლით უფროსი სასიძო ოჯახმა   „დაკაცებული“ ასაკით და „ფირმა მანქანით“ მოიწონა. დღეს  მცირეწლოვანი შვილით ნინოს ცხოვრება მეუღლის გვერდით იძულებაა.

 

„17 წლის ვიყავი, როდესაც მშობლებმა ჩემი გათხოვება გადაწყვიტეს, ამის ნამდვილი მიზეზი ჩემს „კარგ ბედში ჩაგდებაზე“  მეტად,  გაგდება იყო. მშობლებს, ალბათ, ვუყვარდი კიდეც, მაგრამ ეკონომიურად ძალიან გვიჭირდა, ჩემს გარდა, კიდევ 4 შვილი ჰყავდათ. მე მათ შორის ყველაზე უფროსი ვიყავი და ჩემი გათხოვებით სარჩენი მოაკლდებოდათ. მითხრეს, რომ ქმარი უკეთ მომივლიდა და ჩემს ოცნებას, რომ უმაღლესი განათლება მიმეღო, ამიხდენდა. მომავალი ქმარი ორჯერ ვნახე და მესამედ მისი ცოლი გავხდი. ოცნება, რომ უმაღლესში ვისწავლიდი, ოცნებად დამრჩა, რადგან ახალმა ოჯახმა გამომიცხადა, სწავლა გათხოვილი ქალის საქმე არ არისო. 

 

კონფლიქტი ჩემსა და მეუღლეს შორის პირველად სწორედ ამ მოტივით დაიწყო, ვახსენებდი მის დაპირებას და ვთხოვდი, დამხმარებოდა განათლების მიღებაში. ამის გამო ჩემს მიმართ თანდათან აგრესიული ხდებოდა. პიროვნული  შეურაცხყოფიდან ცემაზეც გადადიოდა, თან, ეს ხდებოდა ჩემი ფეხმძიმობის პარალელურად. შვილი ჯანმთელობის პრობლემით დამებადა, რაც ზუსტად ფეხმძიმობაში მეუღლის ცემის შედეგია, მაგრამ მას რომ ჰკითხოთ, ბავშვს ეს პრობლემა გენეტიკურად დედისგან ერგო, ჩემი ქმართან ცხოვრება იძულებაა, მაგრამ წასასვლელი არსად მაქვს, შვილს მკურნალობა სჭირდება და ამას მე ვერ შევძლებ.“

 

შსს-ს ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის ყველაზე მეტი ფაქტი ბოლო 4 წლის განმავლობაში თბილისის შემდეგ აჭარაში დაფიქსირდა. სულ დაფიქსირებულია 1025 ფაქტი, რომელშიც 1997 პირი მონაწილეობდა.

 

 სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სტატისტიკა არაზუსტია, რეალურად ოჯახში ძალადობის შემთხვევები გაცილებით მეტია. რადგან ძალადობის მსვერპლნი  სამართალდამცავებს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ. უკიდურეს შემთხვევად სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის შექმნილი საფრთხე იგულისხმება.

 

ხშირ შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლნი ვერ აცნობიერებენ, რომ მათზე ძალადობენ დიდი ხნის განმავლობაში და მიაჩნიათ, რომ ეს ნორმალურია. შესაძლოა, ძალზე რთულიც იყოს ის, რომ ძალადობა დაარქვა შენს ცხოვრებას და გააცნობიერო, რომ ხარ მსხვერპლი.

 

არსებობენ მსხვერპლთა სხვა კატეგორიებიც. ისინი, მართალია, რთულ რეალობას ადეკვატურად აცნობიერებენ, ხვდებიან, რომ არიან ძალადობის მსხვერპლნი, მაგრამ საკუთარ თავს თმენის ზედმეტ ვალდებულებას აკისრებენ, არჩევენ კონფლიქტების ჩუმად მოგვარებას და თავს იკავებენ პოლიციის გამოძახებისგან, რადგან თავიანთი, თუნდაც, მოძალადე ოჯახის წევრი ციხეში არ ჩასვან.

 

 არის ორი ძირითადი ფაქტორი: პირველი – ყბადაღებული მენტალიტეტი, ანუ „რას იტყვის ხალხი“ ან მეორეც – მსხვერპლის შიში, რომ ციხიდან დაბრუნებული მოძალადე მის მიმართ კიდევ უფრო აგრესიული გახდება.

 

 

 

***

ელისო გაბადაძე 15 წელია, სასწრაფო დახმარების თანამშრომელია. ამბობს, რომ პრაქტიკაში ოჯახური ძალადობის შედეგად დაშავებულთა მიერ სასწრაფო გამოძახებები საკმაოდ ხშირია, თუმცა უმეტესად დაშავებულის მითითებით საქმეში სულ სხა რამ იწერება: ნაცემის ნაცვლად –  შემთხვევით დაშავებული და ასე შემდეგ. ვერ ვიტყვით, რომ ასეთი შემთხვევები ადრე არ იყო და ახლა გახშირდა, იყო და არის დღესაც.  მივდივართ  ადგილზე  და დაზიანების კვალის  მიხედვით,  ვხედავთ,  რომ სახეზეა ოჯახური კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი დაზიანებები, თუმცა ხშირად ისინი არ ამბობენ სიმართლეს, ხელს აფარებენ მოძალადე ოჯახის წევრებს და ნაცემის ნაცვლად, საქმეში იწერება დაცემული, ჩამოვარდნილი,  წაქცეული და ასე შემდეგ.“

 

 შსს-ს ცნობით, მოძალადეებს შორის სჭარბობენ მამაკაცები, გამოვლენილ 976 მოძალადეს შორის 887 მამაკაცია, ხოლო 89 ქალი.

 

სტატისტიკის მიხედვით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი ყველაზე ხშირად 25- დან 44 წლამდე ქალები არიან. ასევე – 44 წელს გადაცილებული მამაკაცები. ძალადობის ფაქტების რაოდენობით საქართველოს რეგიონებში პირველ ადგილზეა თბილისი (632 ფატქი), შემდეგ – აჭარა (108) ფაქტი.

 

ძალადობა, როგორც პრობლემა, თავის თავში კიდევ რამდენიმე პრობლემას მოიცავს. თუნდაც ის, რომ ისტორიულად ქალების წინააღმდეგ ჩადენილ ძალადობას არ აღიქვამენ როგორც „დანაშაულს“, რაც იმით დასტურდება, რომ მამაკაცების მიერ პარტნიორთა ჩაგვრაში დამნაშავედ ცნობას იშვიათად თუ მოჰყვება ხოლმე სერიოზული შედეგი, როგორიცაა დაპატიმრება ან ფულადი ჯარიმა. საზოგადოება ძალზე იშვიათად ჰკიცხვას მჩაგვრელს, რადგან ეს თითქოს მიღებული ნორმაა.

 

 

***

 

გელა სიორდია (იურიდიული სამსახურის იმერეთის ბიუროს უფროსი და  ტრენერი ოჯახში ძალადობის საკითხებზე):

 

„2012 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც მოხდა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია, კოდექსის 126-ე მუხლი განმარტავს ოჯახში ძალადობის კრიმინალურ ხასიათს და აწესებს პასუხისმგებლობას ჩადენილი ქმედებისთვის, რაც უმეტესად ფულადი ჯარიმის ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის დაკისრებით განისაზღვრება. პრაქტიკულად, თავისუფლების აღკვეთა ასეთ შემთხვევებზე არ ხდება. კოდექსის მთავარ ნაკლოვანებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ კანონში საერთოდ არაფერია ნათქვამი მოძალადე  არასრულწლოვანთა შესახებ. არადა, პრაქტიკაში საკმაოდ ხშირი, როდესაც არასრულწლოვანები ახორციელებენ ძალადობას მოხუცებზე, მათ შორის – საკუთარ ბებიაზე, ბაბუაზე. კანონი აუცილებლად უნდა ამბობდეს რამეს ასეთ შემთხვევებზე საპასუხოდ. არსებობს საქართველოს სამ ქალაქში ქუთაისში, თბილისსა და ბათუმში სახელმწიფო თავშესაფრები, მაგრამ მათი ადგილსამყოფელი კონფიდენციალურია,“ მოძალადეები უმეტესად ის ადამიანები არიან, რომლებმაც თავი ვერ დაიმკვიდრეს საზოგადოებაში, უჩნდებათ უკმარისობა და ცდილობენ, ეს დანაკლისი ოჯახის წევრების ხარჯზე შეივსონ. ამყარებენ მათზე დიქტატურას და მიმართავენ ძალადობას, ძალადობა ხშირად ხორციელდება მოხუცებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე, ანუ ძლიერი ჩაგრავს სუსტს და ცდილობს, დაამყაროს მასზე ძალადობა.

 

კითხვაზე, რატომ ხდება ძალადობა? რა უნდა გავაკეთოთ თითოეულმა ჩვენგანმა ცალკე და ერთად, როგორც საზოგადოებამ, ძალადობის პრევენციისთვის, სად არის მთავარი პრობლემა? ფონდი სოხუმის ფსიქოლოგი მანანა გოცირიძე გვპასუხობს: „პრობლემა, რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანის თვითშეგნებაში, კულტურაშია. ქვეყანაში რამდენი სახლია, იმდენი მიკროკულტურაა, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ამის აღიარება ფაქტია, რომ ჩვენ განვითარებადი ქვეყანა ვართ, ვართ ერი, სადაც გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით, კულტურა ძალიან დაბალია, ქალი ყოველთვის  ქვედა საფეხურზე მოიაზრება. ძალადობა ჩაკეტილი წრეა და თუ ქალმა ის არ დაანგრია, ყოველთვის იქნება მსხვერპლი, ამიტომ როდესაც გავხდებით გენდერულად მგძნობიარე ერი, ძალადობის შემთხვევებიც მოიკლებს.“

 

 

***

 

კულტურის და თვითშეგნების ამაღლებასთან ერთად, ალბათ, აუცილებელია არასამთავრობო ორგანიზაციების გააქტიურება, რათა საზოგადოებამ თავის მხრიდან უფრო გაბედულად და ღიად გამოხატოს თავისი აზრი ძალადობის შესახებ. არ უნდა გვეგონოს, რომ ოჯახური ძალადობა მხოლოდ ჩამორჩენილი ქვეყნების დამახასიათებელია და ჩვენთვის ეს უცხო ხილია, ძალადობა ხორციელდება საზოგადოების  მაღალ საფეხურზე მდგარ ოჯახებშიც და მას ახორციელებენ საკმაოდ მაღალი სტატუსის მქონე ადამიანები. გამოდის, რომ  ერუდირებულობა და შემდგარი პიროვნულობაც არ არის გარანტია იმისა, რომ ასეთი ადამიანი მოძალადის სტატუსსაც არ  შეითავსებს. არადა, რთული მდგომარეობიდან მარტივი გამოსავალიც შეიძლებოდა გვეპოვა - ნუ ჩავაგდებთ ადამიანებს ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც თავად არ ვისურვებდით ყოფნას.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2026 საავტორო უფლებები დაცულია