ტრანსპორტის სფეროს „ძველი“ ლობისტები ახალი გეგმებით
ტრანსპორტის სფეროს „ძველი“ ლობისტები ახალი გეგმებით
ავტორი: მარი პატარაია
სულ ნანახია 2075
ავტორი:
მარი პატარაია
მსგავსი სიახლეები

მძღოლები საჯაროდ სდებენ ბრალს გოჩა თევდორაძეს და გიორგი თევდორაძეს

 

გასულ კვირას ქუთაისში ახალი მიკროსაავტობუსო ხაზის გახნას მოყოლილმა პროტესტმა სატრანსპორტო სფეროში წლების მანძილზე არსებული პრობლემები გამოააშკარავა.

გაფიცული მძღოლები, რომლებიც პროტესტის პირველ დღეს მხოლოდ ?57 ექსპერიმენტალური ხაზის გაუქმებას მოითხოვდნენ, მალევე ალაპარაკდნენ ტრანსპორტის სფეროში არსებულ მონოპოლიებსა და მიკროსაავტობუსო ხაზის ლობისტებზე.

პროტესტის მესამე დღეს, როცა ვითარება უკიდურესად დაიძაბა და გაფიცულთა რაოდენობამაც იმატა, მძღოლებმა საჯაროდ დაასახელეს მათი ვინაობა, ვინც, მათივე თქმით, წლების მანძილზე აკონტროლებს სატრანსპორტო ბიზნესს ქალაქში. 

მძღოლები ქალაქში მოძრავი ყველა მიკროავტობუსის ლობისტად ღიად ასახელებენ ქუთაისის საკრებულოში ყველაზე დიდი ფრაქციის - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პარტიულ ლიდერს გოჩა თევდორაძეს და მასთან ერთად - ქუთაისის ყოფილ მერს გიორგი თევდორაძეს. 

მათი თქმით, გოჩა თევდორაძე, რომელმაც წლების განმავლობაში მთელი სატრანსპორტო სფეროს მონოპოლიზება მოახერხა, ავტობუსების მიკროავტობუსებით ჩანაცვლებას გეგმავს. მათი ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში დამატებით 9 ახალი სამარშრუტო ხაზის გახსნა იგეგმება, რაც, საბოლოო ჯამში, სრულად მოახდენს საქალაქო ტრანსპორტიდან ავტობუსების გაქრობას.

„რამდენიმე სვლაგეზი უკვე ვიცით, რომლის გახსნასაც აპირებენ. რაიონებიდან ქალაქში შემომავალი ხაზების გახსნას გეგმავენ, რაც მგზავრთა ნაკადს საგრძნობლად შეამცირებს და, საერთოდ, აღარ ეღირება ჩვენი მუშაობა. რაც, ზუსტად ვიცით, ის არის, რომ უნდათ, გეგუთის ციხიდან ქუთაისის მეორე საპყრობილემდე გააკეთონ ახალი მარშრუტი. ქვიტირიდან აპირებენ კიდევ ხაზის გახსნას, მაგრამ ჯერ არ ვიცით ზუსტად, რა მიმართულებით. მთელი სქემა აქვთ უკვე შემუშავებული და ერთადერთი მიზანი მაგათი ის არის, რომ საერთოდ გააუქმონ ავტობუსები,“ – ამბობს ერთ-ერთი მძღოლი თემურ ბილისეიშვილი.

„თავის დროზე იძულებით  ჩამოგვაყვანინეს ავტობუსები. არავის სურდა ასეთი ძვირიანი მანქანების ყიდვა, რადგან ხალხი აღარ ცხოვრობს ქალაქში და აღარც შემოსავალი მოაქვს 30 თეთრიან ტრანსპორტს.  მაგრამ სხვა გზა არ დაგვიტოვეს, თან გვპირდებოდნენ, მარშრუტებს არ დავამატებთო. ახლა კი ამბობენ, ავტობუსები აღარ გვჭირდებაო. ეს ყველაფერი არის ერთი ადამიანის სურვილი. გოჩა თევდორაძე ცდილობს, საარსებო წყარო შეინარჩუნოს, ჩვენი გასაჭირი კი არ აინტერესებს. ტრანსპორტის სამსახურთანაც და მთელ საკრებულოსთან არის  შეკრული. ხომ უნდა დასრულდეს ოდესმე ამ ადამიანის მმართველობა ქუთაისში?“ - აცხადებს ლონგინოზ ლილუაშვილი.

„ახლა არ დაწყებულა ეს პრობლემები მძღოლებსა და თევდორაძეებს შორის. პირადად მე ვიყავი გიორგი თევდორაძესთან მოლაპარაკებაზე, როცა ის ქალაქის მერი იყო და პირდაპირ მითხრა, ეგ მიკროავტობუსები, რომელთა არსებობასაც თქვენ აპროტესტებთ, ჩემიაო,“ – თქვა ერთ-ერთმა მძღოლმა, რომლის ვინაობასაც მისივე თხოვნით არ ვასახელებთ.

ბრალდებები, რომელზეც ახლა უკვე თავად ტრანსპორტის სფეროს წარმომადგენლებიც საუბრობენ, მრავალჯერ გაისმა პოლიტიკური წრეებისა თუ ადგილობრივი მედიის საშუალებით, თუმცა, ბრალდების ადრესატები ქალაქში ბიზნესწილების ფლობას ყოველთვის უარყოფდნენ.

როგორც თავად ტრანსპორტის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, ავტობუსების მიკროავტობუსებით ჩანაცვლების მორიგი  თევდორაძისეული სქემის განხორციელება განვითარებულმა მოვლენებმა დროებით შეაფერხა, რადგან, მძღოლების სამდღიანი  პროტესტის შემდეგ, ხაზი გაუქმდა. თუმცა, მათივე თქმით, თევდორაძეს ავტობუსების გაუქმება საბოლოოდ აქვს გადაწყვეტილი.  

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2026 საავტორო უფლებები დაცულია