
საახალწლო ტრადიციები საქართველოს ყველა რეგიონში ერთმანეთისგან განსხვავდება. თუმცა მიზანი ერთია – მოზეიმეები დღესასწაულს ისე უნდა შეხვდნენ, რომ ახალმა წელიწადმა თითოეულ ოჯახს ბედნიერება, ხვავი, ბარაქა, სიკეთე და სიხარული მოუტანოს.
ახალ წელს ბევრგან ბასილის დღეს უწოდებენ, რადგან პირველ იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ბასილი დიდს იხსენებს. საახალწლოდ ცხვებოდა ე.წ. „ბასილის კვერები“.
ჩიჩილაკი ევროპიდან შემოსული ნაძვის ხის გვერდით იმკვიდრებს ადგილს. იგი არა მარტო საახალწლო დეკორატიულ სიმშვენიერეს წარმოადგენს. ჩიჩილაკის მორთულობა შემთხვევითი არ არის, ისევე, როგორც ნაძვის ხის. მასზე აუცილებლად ეკვრება ან იმოსება ნაყოფიანი სურო და წითელი კენკრა, რაც ნაყოფიერებასთან ასოცირდება. ჩიჩილაკის თავზე არსებულ ჯვარზე, ყველაზე მაღლა კეთდება ბროწეული, რომელიც სიმრავლესთან ასოცირდება. მარჯვნივ – ტკბილი ხილი (სიტკბოსთან), მარცხნივ – ხასხასა ფერის ხილი.
ნაძვის ხე უნდა იყოს მარადმწვანე – სიცოცხლის მარადისობის სიმბოლო. აუცილებელია მის თავზე ვარსკვლავი და ძირს თოვლის ბაბუა, სიმაღლისა და სიმრავლის ნიშნად.
ტრადიციულ ქართულ ოჯახებში წინასაახალწლო მზადების წესი დიდად არ შეცვლილა. თუმცა, თანამედროვეობამ ცვლილებები ამ დღესასწაულის აღნიშვნის ფორმასა და შინაარსშიც შეიტანა.
ზუგდიდის რაიონის სოფელ ხეცერის ტრადიციული ოჯახის უფროსი ომიკო აბშილავა წუხილს გამოთქვამს, რომ ახალი თაობა სათანადოდ არ იცავს მამაპაპურ ტრადიციებს.
„ახალ წელს აუცილებლად ოჯახი სრული შემადგენლობით უნდა ხვდებოდეს. ადრე, სათამაშოები რომ არ იყო, ნამცხვრებს, „პეჩენიებს“, კამფეტებს, ბამბისგან დამზადებულ ლამაზ სათამაშოებს ვაკეთებდით ნაძვის ხისთვის. ქვემოთ გაზეთებისგან და ქაღალდებისგან გამოჭრილი ფიგურები და თოვლის ბაბუა „იჯდა“.
საახალწლო სუფრაზე აუცილებელია საცივი, გოზინაყი და ე.წ. „ბასილის კვერები“. ნაძვის ხის მოჭრა არ შეიძლებოდა და თუ ვერ ვიყიდდით, დაფნა გვქონდა მოსართავად. მაშინ არ იყო იმდენად გავრცელებული წიწვოვანი მცენარეები და ნაძვის მოჭრა არ შეიძლებოდა. იმას, რომ ეზოში დარგულის მოჭრის უფლება არ გვქონდა, ბევრი უარყოფითად აღიქვამდა. ვინც ახლა ნაძვს ბუნებისა და ეკოლოგიის სასიკეთოდ არ ჭრის, იმისთვის ხომ რამხელა მადლობაა სათქმელი.
ნაძვის ხე სამი-ხუთი დღით ადრე იდგმება. აღებას თავისი დრო აქვს – ნათლისღების წინა დღე („წინანდღეს“). ნათლისღებას, 19 იანვარს არ უნდა დახვდეს არც ჩიჩილაკი და არც ნაძვის ხე.
ადრეული პერიოდიდან ტრადიციად მოდის ბედობა - ბედობა აღინიშნება 2 იანვარს. ამჟამად ეს ტრადიცია შემორჩენილია, ხოლო მნიშვნელობა ცოტამ თუ იცის.
მეკვლეს მოაქვს ჯეჯილი (ახალი მომავლის ხალისიანად დაწყების სიმბოლო), ტკბილეული (სიტკბოება), ხურდა ფული, კვერცხი, ჩურჩხელა, ახლი წყაროს წყალი (სიძლიერე და სილაღე) და ფეტვი (სიმრავლე).
მეკვლე დილით დააკაკუნებს:
– ვინ ხარ?
– თქვენი კეთილმოსურნე.
ან ხმას არ იღებს.
– რა მოგაქვს?
– სიკეთე, სიხარული, ბედნიერება, წინსვლა, წარმატება, სიყვარული...
(და ასე სამჯერ)
მერე მიმოაბნევს ფეტვს, დაგვლოცავს და სიმრავლეს გვისურვებს... ტკბილ რამეს, მეტწილად შოკოლადს, ჩაგვატკბარუნებინებს...