
რატომ იწვება ტყეები?!
ხარაგაულში ძალიან მოკლე დროში სამ ადგილას გაჩაღდა ხანძარი. ზვარე, მაქათუბანი და რიკოთის მისადგომები ცეცხლს ძლივს „გამოსტაცეს“. ჩავატარეთ ექსპერიმენტი, ნამწვის გადაგდებით ტყეში ხანძარი „ვერ შევქმენით“, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ხარისხისა და ფირმის ანთებული სიგარეტი საგანგებოდ ამორჩეულ ხმელ ფოთლებში ჩავდეთ.
ისმება კითხვა, ხომ არ არის ყველაფერი მიზნობრივად მოწყობილი? ხომ არ სურთ ტყეების იაფად ხელში ჩაგდება ხანძრის შემდეგ? ან უკვე ბევრი დანაშაულის შემდეგ კვალის დასაფარავად ხომ არ აალდა ტყეები?!
სამწუხაროდ, 5-6 ნოემბრის ფართომასშტაბიანმა ზემოიმერულმა ხანძარმა რესპუბლიკური მედია ვერ დააინტერესა. ერთ-ერთმა არხმა დილაადრიანად განაცხადა, რომ ჭიათურაში ხანძარი 2-3 ჰექტარზეა და ადვილად ამოიწურება პრობლემაო. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი დღის განმავლობაში ხანძრის ადგილზე ვიმყოფებოდი და „საპიორნი ლაპატასაც“ მარაოსავით ვაქნევდი, არცერთ მედიასაშუალებას არ შეუწუხებია თავი და არ მოუმართავს ჩემსავით თავგამოდებული „მეხანძრეებისათვის“ სიტუაციის გასარკვევად. 112-ზე რამდენჯერმე დარეკვის მიუხედავად, 5 ნოემბერს არ ამოუკითხავს სამაშველო სამსახურებს. თავად 112 პირაქეთაც მიკავშირდებოდა, შსს სამინისტროს არაერთი წარმომადგენელიც, ოღონდ არ ვიცი, რატომ, ისინი თვლიდნენ, რომ სიტუაცია კონტროლზე იყო აყვანილი, ამ დროს კი ოციოდე ადამიანი ზედაპირულ ხანძარს წყლის გარეშე ვებრძოდით. ბიძინა გიორგობიანმა რამდენჯერმე დამირეკა, სიტუაციას გაეცნო, დანანებით თქვა, რომ სიცხიანი შინ იწვა, თორემ აუცილებლად ეწვეოდა იმერეთს. ჩემ მიერ გადაცემული ინფორმაცია 112-ისგან ხარაგაულს გადაეცემოდა, რადგან ხანძრის ძირითადი კერა ხარაგაულში იყო და ჭიათურის ტერიტორიისკენ ძლიერი ქარის გამო მოიწევდა. სხვათაშორის, ნაკლებად მეცალა კონფლიქტისათვის, თორემ იმ პოლიციელის აგდებულ ტონს, რომ ყველა მედიასაშუალება აცხადებდა ხანძრის ჩაქრობას და საიდან მომქონდა ყალბი საგანგაშო სიტუაციის პროგნოზი, მოეკითხებოდა სათანადოდ. თუმცა არ დავტოვე შანსი, არ „ჩამეკვეხებინა“ ჟურნალისტის სტატუსი საუბარში, რაც ტონის შეცვლის საფუძველი გახდა.
5 ნოემბერს ნიჩაბმომარჯვებული ბუზღუნით ველოდებოდით დამხმარე ძალებს. მიუხედავად იმისა, რომ ხარაგაულის ტერიტორია იყო ყველაზე დიდი რისკის ქვეშ, მაინც ჭიათურამ მოასწრო ზომების მიღება, რის გამოც კიდევ ერთხელ გამიჩნდა სურვილი, კარგი დამეწერა ჭიათურის ხელმძღვანელობაზე, რადგან: მთელი დღის განმავლობაში ჭიათურის გამგებლის მოადგილე, რომელსაც რამდენიმე დღის წინ აქვს გაკეთებული ოპერაცია, მაინც ჩვენს გვერდით იდგა; მანვე (თემურ ჭუმბურიძემ) გულწრფელად გადაუხადა მადლობა მოხალისე მეხანძრეებს; მაჟორიტარმა დეპუატატმა დარეკა და იკითხა, თუ რა შეიძლებოდა, გაეკეთებინა, როგორც დეპუტატს; მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა პერიოდულად კითხულობდა სიტუაციის შესახებ; ჭიათურის სახანძრო-სამაშველო სამსახური ყველა სხვა მუნიციპალიტეტის იმავე სამსახურებთან შედარებით ადრე მოვიდა; ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები უწყვეტად იდგნენ ხალხის გვერდით; სამაშველო სამსახური ხარაგაულის მხრიდან ნაშუადღევს გამოცხადდა ადგილზე (13:11 სთ), ამის გამო ერთხელ კიდევ ვიკითხავ: არის თუ არა ეს სამსახურის ნაკლებად ეფექტურობა? ვინ ჩვენ და ვინ პასუხისმგებლობაო, იტყვიან, მაგრამ ეგებ ახლა ის მაინც გამოარკვიონ: რატომ ჩნდება ხანძარი თითქმის ყოველწლიურად ზემოიმერეთის ყველაზე ტყიან სოფელ გეზრულსა და მის მოსაზღვრედ? გარემოს დაცვაზე უკვე საუბარი აღარ ღირს, გარემოს დაცვა არა, უფრო გარემოს ტრანსფორმაცია და ექსპლოატაცია უფრო გვეხერხება. ამის გარდა, კიდევ იმასაც დავძენ, ასე თუ მოვხანძრეთ ჩვენი საუნჯე - ტყე, რაღა მივყიდოთ მერე „ვუდ“ კომპანიებს ჩალის ფასად? ჩვენდა იღბლად, ტყე ორდღიანი ხანძრის მიუხედავად, მაინცდამაინც არ დაზიანებულა. ხმელი ხეები, მორტმასა და ქვეტყე დაიწვა. ძირითადი ფიტომასა ისევ გამწვანდება გაზაფხულზე. მერე კი რომელიმე მდიდარი მეწარმე გადაწყვეტს ძვირფასმერქნიანი წაბლებისა და მუხების დასავლეთის ბაზარზე სარფიანად „გაშვებას“.