
ქუთაისში, მარჯანიშვილის N24 მცხოვრებ მოქალაქეებს წვიმიან ამინდში გარეთ გამოსვლა არ შეუძლიათ, რადგან სადარბაზოები და ეზო მთლიანად წყლით იფარება. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, დისკომფორტთან ერთად სფრთხესაც უქმნის მათ, განსაკუთრებით კი პირველი სართულის მცხოვრებლებს.
საცხოვრებელ ბინებს მკვეთრი ბზარები აღენიშნება, შენობა ვიზუალურადაც დეფორმირებულია. აწუხებთ ნესტი და აქედან გამომდინარე, მორიელები. ორსართულიან საერთო საცხოვრებელში, სულ ცხოვრობს რვა ოჯახი, რომელთა უმრავლესობასაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ. ყოველი წვიმის მოსვლისას ისინი, ფაქტობრივად, მოწყვეტილი არიან გარესამყაროს.
გაზეთი P.S. დაინტერესდა აღნიშნული პრობლემით და მოსული უხვი ნალექის შემდეგ ადგილზე შეეცადა სიტუაციაში გარკვევას. გავესაუბრეთ ბინის ერთ-ერთ მცხოვრებს, გია ჩიხლაძეს.
„თქვენც ხომ ხედავთ, რა სიტუაციაა, ამ მდგომარეობაში ვცხოვრობთ წლებია. სულ რაღაცას გვპირდებიან, მაგრამ, ჯერჯერობით, არაფერი გაუკეთებიათ. იქნებ, არჩევნების მერე მაინც მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც მოგვხედავს. მე, პირადად, ავადმყოფი შვილი მყავს სახლში, ხშირად მჭირდება სასწრაფოს გამოძახება, მაგალითად, დღეს რომ დამჭირდეს, ვერ გამოვიძახებ, აქ ექიმი როგორ უნდა შევიყვანო? წინა დღეს შვილიშვილი ვერ გამოვიყვანე გარეთ, რადგან ეზო მთლიანად დატბორილი იყო. რამდენჯერმე ადგილობრივ თვითმმართველობასაც მივმართეთ, მოვიდნენ, ერთჯერადად გაწმინდეს არხები, მაგრამ ამით პრობლემა არ მოგვარდა, რადგან მთავარი სანიაღვრე სისტემაა მოუწესრიგებელი“.
ჩვენი მისვლიდან ნახევარ საათში ადგილზე გამოცხადდა ქუთაისის მერიის კეთიმოწყობის სამსახურის წარმომადგენელი, რომელსაც სიტუაციის შეფასება ვთხოვეთ. სანიაღვრე სისტემის დათვალიერების შემდეგ მან განაცხადა, რომ არხები სავსეა საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, რის გამოც სისტემაში დამონტაჟებული საცხაურები წყალს ვერ ატარებს და გადმოდის კალაპოტიდან, რაც იწვევს ტერიტორიის დატბორვას.
არხებიდან ნაგვის ამოსატუმბად მან სამაშველო რაზმი გამოიძახა. ამასობაში წვიმამ გადაიღო და წყლის დონემაც იკლო. უახლოესი მომავლისთვის კი მოსახლეობას დაპირდა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება უფრო დიდი მოცულობის არხებს დაამონტაჟებს.
გაზეთი P.S. თვალყურს მიადევნებს აღნიშნული პრობლემის მოგვარების საკითხს. იმედს ვიტოვებთ, რომ მარჯანიშვილი N24-ში მცხოვრებლებს ბუნება და მერიის კეთილმოწყობის სამსახური ვენეციური შემოდგომითვის არ გაიმეტებს...
ლიკა დევდარიანი