დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ორი კვირაც“... ქუთაისურ პარლამენტამდე
2012/04/17 12:01:54

სამთავრობო გუნდში ბოლო დროს გახშირდა საუბარი ახალ, ქუთაისურ პარლამენტში პლენარული სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით. კომიტეტი უკვე განიხილავს საპროცედურო საკითხებს რეგლამენტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.

 

 

ცვლილების თანახმად, პირველი მაისიდან პლენარული სხდომების გამართვა, თბილისთან ერთად, ქუთაისშიც იქნება შესაძლებელი. გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის ახალი შემადგენლობის არჩევის შემდეგ სხდომების გამართვა მხოლოდ ახალ, „იმერულ პარლამენტში“ იქნება დაშვებული. უმრავლესობა, ჯერჯერობით, არ აკონკრეტებს - ქუთაისში, დაუმთავრებელ შენობაში, გადათხრილ ტერიტორიაზე, როგორ ჩატარდება სხდომები, თუმცა ცხადია, რომ „მწვანე, მოჩახჩახე“ მთავრობის სახლის ანალოგი განმეორდება - ჯერ კიდევ დაუსრულებელ შენობაში რომ „ითათბირეს“ ეგრეთწოდებულმა წამყვანმა პოლიტიკოსებმა.

გარდა ამისა, ქართულ კანონმდებლობას კიდევ ერთი ახალი ცვლილება დაამატეს: პირს, რომელიც არის საქართველოში დაბადებული, საქართველოში უცხოვრია მინიმუმ ათი წელი და ამავე დროს არის ევროკავშირში შემავალი რომელიმე ქვეყნის მოქალაქე, უფლება აქვს, პოლიტიკურ აქტივობაში ჩაებას. თუმცა ოპოზიცია კანონში არსებულ შეუსაბამობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ კანონპროექტი არათანაბარ პირობებში აყენებს ქართველ ემიგრანტებს.

„ჩემი აზრით, ამ გადაწყვეტილებით, უწყების თავკაცმა ზურაბ ადეიშვილმა, როგორც იურისტმა, თავი „გაიფარჩაკა“, არ ეკადრება ნაქებ იურისტს, ასეთი უსუსური და სამართლისგან შორს მდგომი დოკუმენტის შობა საკუთარ უწყებაში. ამის შემდეგ ეჭვის ქვეშ დადგება ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც შეიძლება იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურების მიერ იქნას შეთავაზებული საზოგადოებისთვის.“ - ახცადებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი. იგი აღნიშნულ ცვლილებას ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობაზე უარის თქმას უკავშირებს: „ჩემი აზრით, არმინიჭება მოქალაქეობისა უტოვებს საშუალებას ბიძინას, ნაკლები პასუხისმგებლობა ჰქონდეს ხელისუფლების მიმართ, მაშინ, როდესაც მზადაა, სრული პასუხისმგებლობით მოეკიდოს საარჩევნო პროცედურებსაც და შემდგომ პოლიტიკურ საქმიანობას. ამიტომ ნუ იფიქრებთ  იმას, რომ ეს მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებში შედის, ამით უფრო მეტად დაინტერესებული უნდა იყოს ქართული საზოგადოება. მათ შორის - ხელისუფლებაც. ბატონი ბიძინასთვის უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია, რა სტატუსით გააგრძელებს ის ბრძოლას სახელისუფლებლო ცვლილებების მისაღწევად,“ - განმარტავს ცისკარიშვილი. 

საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის“. მათი თქმით, ეს არის ქართული საზოგადოების დაბნევის და შეცდომაში შეყვანის კიდევ ერთი მცდელობა, რომელსაც შეიძლება სერიოზული გართულებები მოყვეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე - საერთაშორისო ურთიერთობებში. აღნიშნული კანონპროექტი კიდევ უფრო დაამძიმებს, ისედაც რთულ საარჩევნო გარემოს და კიდევ უფრო გააღრმავებს არსებულ უფსკრულს საქართველოსა და დღევანდელ ხელისუფლებას შორის.

ცვლილება, რომელმაც პოლიტიკურ რიგებში ასეთი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, „ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობის ინიციატივით დაიგეგმა, რომელმაც უმრავლესობიდან, როგორც ჩანს, მხარდაჭერა ჰპოვა.

გიორგი თარგამაძის თქმით, „ქრისტიან-დემოკრატების“ ინტერესია, ბიძინა ივანიშვილმა გააგრძელოს ბრძოლა ჯანსაღ კონკრეტულ გარემოში. დეპუტატმა თინა ხიდაშელის განცხადებასაც უპასუხა, რომლის თანახმადაც, თარგამაძემ თავისი ინიციატივით, სააკაშვილის გადაწყვეტილება „გააპრავა.“ „სააკაშვილის გადაწყვეტილების „გაპრავებაზე“ საუბარი არასერიოზული და უპასუხისმგებლოა. როგორც ჩანს, ივანიშვილის გარშემო არიან ადამიანები, რომელთაც უფრო მეტად აინტერესებთ მისი სახელი, ავტორიტეტი და ფული და არა ის, რომ მასთან ერთად იყვნენ წარმოდგენილნი სიაში. რაც შეეხება ახალ კანონპროექტს - მისი მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგ რედაქციით: პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, 21 წლის ასაკიდან, აგრეთვე 21 წელს მიღწეული პირი, რომელიც დაბადებულია და ბოლო ათი წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში და ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქე,“ - აცხადებს გიორგი თარგამაძე. 

„ხელისუფლება დაინტერესებულია, საქართველომ დემოკრატიის ტესტი ღირსეულად ჩააბაროს,“ - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოკა გაბაშვილი და ოფიციალურად გამოხატავს, რომ „ქრისტიან-დემოკრატების“ ინიციატივას მიესალმება.

სავარაუდოა, რომ ახალი პარლამენტის გახსნამდე ჩვენი პოლიტიკოსები კიდევ შეიტანენ ცვლილებებს ქართულ კანონმდებლობაში, პარალელურად კი „საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნავენ.“ 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1606
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია