დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„შადრევან პირველის“ ყველაზე საყვარელი შადრევანი თითქმის მზადაა!
2012/04/17 12:00:41

ქუთაისის ცენტრის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო, რამდენიმე დღეში დასრულდება.

 

 

პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა 30 კოლხური ქანდაკებით დამშვენებული ფერადი შადრევანი, რომლის ავტორი და არქიტექტორია დავით გოგიჩაიშვილი. შადრევნის ჭავლის სიგრძე რამდენიმე ათეული მეტრი იქნება. სავალ ნაწილზე დაიგო ფერადი ქვაფენილი, დამონტაჟდა განათების სისტემა.

ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები სამ ეტაპად განხორციელდა: გამაგრდა საძირკველი, მოიხატა ჭერი, შეკეთდა პარტერი და იარუსები, ბოლო ეტაპზე გარემონტდა თეატრის სცენა.

აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 5 მილიონი ლარია.

ცენტრალური მოედნისა და „კოლხური შადრევნის“ საძირკველის ჩაყრას გასული წლის ოქტომბერში თავად პრეზიდენტი დაესწრო.

„ეს იქნება ჩემი ყველაზე საყვარელი შადრევანი საქართველოში, მე, როგორც შადრევან პირველი, ამ შადრევანს ვანიჭებ უპირატესობას,“ - განაცხადა მაშინ მიხეილ სააკაშვილმა.

ქუთაისქალაქობისთვის ქალაქს უკვე სახეშეცვლილი ცენტრალური მოედანი ექნება.

როგორც  ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი გაზეთ „P.S.“-თან საუბრისას აცხადებს, შადრევანი 2 მაისობამდე რამდენიმე დღით ადრე, სატესტო რეჟიმში ჩაირთვება.

„ვიმედოვნებ, რომ აღნიშნულ სამუშაოებს ორ მაისობამდე მოვრჩებით. ერთი კვირით ადრე კი შადრევანს სატესტო რეჟიმში გავუშვებთ. ასე რომ, ფაქტობრივად, ყოველმხრივ მზად ვართ, ყველა ის ღონისძიება ჩავატაროთ, რაც დაგეგმილი გვქონდა,“ - გვითხრა მან.

ქუთაისის მოსახლეობა კი ყოფილი დავით აღმაშენებლის მოედნის პერფორმანსს არაერთგვაროვნად აფასებს.

ნინო ცირეკიძე: „ძალიან მომწონს, არაჩვეულებრივი  ცენტრალური მოედანი გვექნება. ამ ყველაფერს  დაამშვენებს    შადრევანი  და ჩვენი სიამაყე  -  მესხიშვილის  თეატრი.  მინდა აღვნიშნო ისიც, რომ  ბანკის შენობაც ძალიან მოუხდა ამ მოედანს. კარგია, რასაც კარგს გააკეთებენ, ყველაფერი უნდა დაინახო ადამიანმა.“

ზანდა გოტიაშვილი: „კარგია, რომ მოედნის რეაბილიტაცია გადაწყვიტეს და დაიწყეს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს გრძელვადიანი პროექტი და მალე უნდა მოხდეს მისი დასრულება. გასაგებია, რომ საკმაოდ დიდ შრომასთან არის დაკავშირებული და დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურსს მოითხოვს, მაგრამ, ვინაიდან საქმე ეხება ქალაქის ცენტრალურ მოედანს და არა - რომელიმე გარეუბანს, რაც უფრო მალე დასრულდება რეაბილიტაციის პროცესი, მით უკეთესი იქნება. კარგა ხანია, სამუშაოები გარკვეულ დისკომფორტს უქმნის მგზავრებს და ავტომობილებს გადაადგილებაში.“

გია ჯავახაძე: „ვაიმე, ეს რა საშინელებაა! ძალიან არ მომწონს. ცირკის არენაზე მგონია თავი, ამ სხვადასხვა ფერის ქვებს რომ ვხედავ. ნეტა, გამაგებინა, ვის მოუვიდა თავში ქუთაისის ცენტრალური მოედნის გაწითლების იდეა. ან კიდევ - მეფის ძეგლი აიღეს და ეს შადრევანი დაგვიდგეს, რომელი უფრო ჯობდა, ჰკითხეთ ქართველ ხალხს?“

გიგა გელხვიძე: „სტუდენტი ვარ და, აქედან გამომდინარე, ყოველდღე ქალაქის ცენტრში მიწევს სიარული. შესაბამისად, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ, პრაქტიკულად, ჩემს თვალწინ ხდება მოედნის რეკონსტრუქცია. რაც ახლა კეთდება, ძალიან კარგია და, ალბათ, არც არის ვინმე, ვისაც ამ ყველაფერზე უარყოფითი შეხედულება ექნება. ადვილი შესამჩნევია განსხვავება ძველსა და ახალს შორის, ახალი ყველაფერი კარგიაო, ნათქვამია, მაგრამ ეს კარგი კი არა, ძალიან კარგია.“

ელიზაბე ცაგარეიშვილი:  „მოხარული ვარ, რომ ქალაქს ახალი ღირსშესანიშნაობა შეემატება. ინტერნეტში ნანახი მაქვს, როგორიც იქნება ახალი ცენტრალური მოედანი და ერთი სული მაქვს, ფოტოზე ნანახს რეალურადაც როდის ვიხილავ. განსაკუთრებით ის მომწონს, რომ ამ ახალი შადრევნით ქალაქს ისტორიული მომენტი უბრუნდება „ოქროს საწმისის“ სახით.“

როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ქუთაისქალაქობას თავად პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეწვევა, რომელიც იმ  სიახლეებს დაათვალიერებს, რასაც თვითონ  ჩაუყარა თვეების წინ საძირკველი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1664
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია