დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გამოცხადებული სიკეთის ქრონიკა
2012/03/19 13:22:39

ეს ამბავი ერთ შორეულ ქვეყანაში მოხდა...

 

ასე იწყება ჯადოსნური ზღაპრების უმრავლესობა, რომლებიც ზღაპრის გმირების გაჭირვებული, უსასოო ყოფის შესახებ მოგვითხრობენ, მრავალი განსაცდელისა და ფათერაკის შემდეგ კეთილი ფერიების, ფასკუნჯების და მაგიური ძალების დახმარებით რომ მოიპოვებენ დალხენილ, უზრუნველ სიცოცხლეს და ცხოვრობენ ტკბილად და უზრუნველად.

ეს ამბავი კი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩემმა ახლობელმა მიამბო, ჩვენს ქვეყანაში, მოხდა.

 

ერთ-ერთ საბავშვო ბაღში, სხვა ბავშვებთან ერთად, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვები დადიან. საბავშვო ბაღების აღსაზრდელები კვირაში ერთხელ, ან ორ კვირაში ერთხელ, თოჯინების თეატრის სპექტაკლებზე დაჰყავთ ხოლმე. იმ დღესაც მთელი ჯგუფი წაიყვანეს სპექტაკლზე, საბავშვო ბაღის ცარიელ ჯგუფში დარჩა მხოლოდ ერთი, ხსენებული ოჯახის ბავშვი, რომელსაც არ ჰქონდა სპექტაკლზე დასასწრები ბილეთის ფული - 2.5 ლარი.

- დავიწვით მისი საცოდაობითო, - მიყვებოდა ჩემი ახლობელი, - გასკდა ბავშვი ტირილით, სულ დაუსივდა თვალებიო... - თან ამას ისეთი გულაჩუყებული და აკანკალებული ხმით მიყვებოდა!..

ძნელი გამოსაცნობი არ არის, რა იყო ჩემი პირველი რეაქცია! კითხვაზე - ნუთუ ერთი ადამიანი მაინც არ აღმოჩნდა მთელს დაწესებულებაში, რომელიც ბილეთის ფულს (2.5ლარს!) გადაუხდიდა ბავშვს-მეთქი, პასუხი იყო - რამდენჯერ უნდა გადავუხადოთო?!

მართლაც და, რამდენჯერ?!

მთელი კვირა მაწვალებს ამ ბავშვის სახე (თუმცა, ერთხელაც არ მინახავს), კუთხეში მიყუჟული... ჩუმად მოსლუკუნე... ჩამოშვებული მხრები... ცრემლით სავსე თვალები... მოწურული პაწაწინა გული...

ქველმოქმედება, ზოგადად, სიკეთის ქმნასთან ასოცირდება. ჩვენს ქვეყანაშიც, ისე, როგორც სხვა ქვეყნებში, არაერთი საქველმოქმედო ფონდი მოქმედებს, რომლებიც მეტ-ნაკლებად ცდილობენ რაღაცნაირად შეუმსუბუქონ ყოფა, არ მიყვარს ეს სიტყვა, „გაჭირვებულებს“. რაღაცნაირად, მგონია, რომ ამ დეფინიციით სადემარკაციო ხაზს ვავლებთ ამ ადამიანებსა და იმათ შორის, რომლებიც თავს ასეთად არ თვლიან. კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი დისკრიმინაციისა, მით უმეტეს, სოციალური სტატუსის მიხედვით დისკრიმინაციისა. თუმცა, მომწონს თუ არ მომწონს, ფაქტია, რომ ასეთი მიდგომა ნელ-ნელა იკიდებს ფეხს ჩვენს რეალობაში და თითოეული ჩვენგანი ცდილობს, აღმოჩნდეს სადემარკაციო ხაზის იმ მხარეს, რომელიც მას, გარკვეულწილად, ფსიქოლოგიურ კომფორტს აგრძნობინებს - „მე შემიძლია სხვას დავეხმარო!“

პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდი „იავნანა“ უდაოდ უდიდეს საქმეს აკეთებს, ლამის მთელ მსოფლიოში გაბნეულ ქართველობას, და არამარტო ქართველობას, უყრის თავს და ფონდში შესული თანხის საშუალებით ახერხებს ერთი-ორი ოჯახის სასიცოცხლო მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, მაგალითად - საცხოვრებელი ბინის შეძენას მათთვის. არანაირი პრეტენზია არ მაქვს მათი საქმიანობის მიმართ და არც შეიძლება მქონდეს, პირიქით.

მაგრამ...

ეს ხდება წელიწადში ერთხელ, კარგით, დავუშვათ, ორჯერ, თუნდაც ოცჯერ...

კვირაში ერთხელ, მგონი ოთხშაბათობით, ტელეეთერი ეთმობოდა გადაცემას „ვის უნდა ოცი ათასი?“ - რომლის მსვლელობისას მაყურებელს შესაძლებლობა ეძლეოდა, სატელეფონო ზარის მეშვეობით დახმარებოდა იმდღევანდელი გადაცემის „გმირს“.

რატომ მაინცდამაინც ამ დღეს? ვინ დააწესა სიკეთის ქმნის საყოველთაო დღე?

განა ეს ადამიანები ჩვენს გვერდით არ ცხოვრობენ?

განა მათ ყოველდღე არ ვხვდებით?

განა მათი „ცხოვრება“ ჩვენს გვერდით არ მიდის?

ან, რატომ ვეხმარებით მაინცდამაინც ამ ადამიანებს და ვინ ეხმარება მათ, ვინც კადრს მიღმა არ მოხვდა, ან მაია ასათიანმა ვერ მიაგნო („რას გადავეკიდე ამ „პროფილს“)?!

რა ვქნა, თუ ფარისევლობა მგონია, როდესაც „იავნანას“ ტელემარათონის მსვლელობისას ჩემს გვერდით მჯდომი მობილურ ტელეფონს იღებს ჯიბიდან და ერთ ლარად ღირებულ ზარს უშვებს მითითებულ ნომერზე სიტყვებით:  „აი, ახლა დამშვიდებული სინდისით დამეძინება...“

ფარისევლობა მგონია დუტას მიერ „ჯეოსტარის“ კონკურსებზე ამაყად გამოცხადებული: „დღეს შემოვიდა 250 ათასი ზარი!“-ს  გვერდით იგივე „ვის უნდა ოცი ათასის?“ ნომერზე ძლივს დაფიქსირებული 30 ათასი ზარი...

ფარისევლობა მგონია „გამოცხადებული სიკეთის ქრონიკა“:

ბოლნისის მოხუცთა პანსიონატი „ჭაღარა“ - 386.41;

ინვალიდთა, დევნილთა, ეკონომიკურად უმწეოთა და უმუშევართა კავშირი - 511.69 ლარი;

და ა.შ. და ა.შ.

წყაროს, ცხადია, არ დავასახელებ კორექტულობის შენარჩუნების მიზნით, თუმცა შორს წასვლა არ დაგჭირდებათ მსგავსი მაგალითების პოვნისთვის.

ერთადერთი ადამიანი (მხოლოდ ერთადერთი!) იყო ის, ვინც თავისი გვარის გამხელა არ ისურვა სულ ახლახანს, 3 მარტს ჩატარებული ტელემარათონის დროს გადმორიცხული თანხის აღნიშვნისას.

არადა, როგორც წესი, ტელეკამერები და ოპერატორები ლამის 10 ნაბიჯით უსწრებენ ხოლმე საჩუქრებით ხელდამშვენებულ „დალხენილებს“, ვისაც ამაყად შეუძლიათ, იმავე კამერების წინ განაცხადონ: „მადლობელი ვარ უფლის, რომ მან სიკეთის ქმნის შესაძლებლობა მოგვცა.“ 

ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხუანი კაცნი.

ჩვენ, ადამიანებს, შეგვიძლია მშვიდად ჩავუაროთ ყინვაში მიწისქვეშა გადასასვლელის კიბეებზე მსხდომ მოხუცებულებს, რომელთა უმეტესობა სახეს იფარავს, ვინმემ რომ არ იცნოს  და სოლიდური თანხა დავტოვოთ იქვე, რესტორანში...

შეგვიძლია, ასობით დოლარი ქარს გავატანოთ კაზინოში მაშინ, როცა ჩვენს ნათესავს, ბიძაშვილს, მამიდაშვილს, ან, თუნდაც, მეზობელს შია...

შეგვიძლია, თანაკლასელი (თანაკურსელი, თანამშრომელი...) გავრიყოთ იმის გამო, რომ მობილური ტელეფონი არასოდეს ჰქონია, სამაგიეროდ, შეგვიძლია შოუში მოვიწვიოთ და საქვეყნოდ გადავცეთ კომპიუტერი - ჩვენ ხომ ასეთი სამაგალითოები, ასეთი კეთილები, ასეთი გულმოწყალენი ვართ!..

ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხუანი კაცნი

სკოლაში მივაკითხე ჩემს მეორეკლასელ დისშვილს, დრო ზუსტად არ ვიცოდი და ნახევარი საათით დამაგვიანდა. სესილი სხვა, მისგვარად „დავიწყებულ“ სამ კლასელთან ერთად იჯდა მერხთან და ხატვით ირთობდა თავს. საკლასო ოთახში, პიანინოსთან, მუსიკის მასწავლებელი ატარებდა გაკვეთილს. მას არ ვიცნობ... არც ის მიცნობს, მგონი. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ შენიშვნა მოეცა ჩემთვის: „იცით, საყვარელო, თქვენს შვილს (დედა ვეგონე...) გამოატანეთ ხოლმე სკოლაში საჭმელი, იმიტომ, რომ მოშივდა და ნათიამ  გაუტეხა ხაჭაპური“...

დაგვიანებული რეაქციები ნაკლებად მახასიათებს, პირიქით, როგორც წესი, გადაჭარბებულ სიჩქარეში ვარ „შემჩნეული“, თუმცა, ვაღიარებ, ამ მოულოდნელობამ დამაბნია, იმდენად, რომ თავი უხერხულად ვიგრძენი... მისთვის არაფერი მითქვამს, მაგრამ ბევრი ფიქრის შემდეგ მიხვდი, ფენებად როგორ დაშრევდა ჯერ წყენა - ეს როგორ მკადრა, რა სჭირს სესილის სხვისი ხაჭაპურის გასატეხი?! ძნელია ამის აღიარება, მაგრამ გამიჭირდა „საზღვარს აქეთ“ აღმოჩენილის განცდა; ეს განცდა მალევე გადალეკა უფრო მაღალმა, შეშფოთების ტალღამ - იქნებ მართლა მოშივდა?! თუმცა მალევე ამოხეთქა აღშფოთებამ - და რომ მოშივდეს?!

იმ საბავშვო სახლის აღსაზრდელის წასაყვანად მისულ აღმზრდელსაც, რომელთა რაოდენობა არცთუ მცირეა ნებისმიერ სკოლაში, ასე   „მიუთითებს“ მასწავლებელი - საჭმელი გამოატანეთო?! მისი რომ ყოფილიყო ის ხაჭაპური, გაუტეხავდა კი „მშიერი“ თვალებით მომზირალ მოსწავლეს?! არადა, რამდენი ცრემლი ექნება დაღვრილი ეკრანის წინ, ლოყაზე შემოდებული ხელით, მწუხარე სახით, „ნწუ, ნწუ, ვაი, შენს დედას!“ - ძახილით...

ასკაციან, ხორაგით დაძეძგილ სუფრასთან გარდაცვლილის შვილმა თქვა, მამაჩემისთვის ამდენი რამე რომ მეჭმია, ახლაც ცოცხალი იქნებოდაო... სამაგიეროდ, ამ ასმა კაცმა პირნათლად შესვა გარდაცვლილის ხსოვნის სადღეგრძელო: კაი კაცი იყო, ღმერთმა ნათელში ამყოფოს, ერთი, ის გოჭის ხორცი მომაწოდე, რა კაი შემწვარია...

როგორც ჩანს, სიკეთის კეთება სულაც არ არის ადამიანის ბუნების ორგანული ნაწილი... ეს უნდა გასწავლონ, ბიბლიაში უნდა ჩაგიწერონ: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი,“ სახელმძღვანელოები უნდა შექმნან: „ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხე, აბა, დღეს მე ვის რა ვარგე“, რომ ძილის წინ კმაყოფილმა გადახედო განვლილ დღეს: 1. დღეს ?-ს ჩემი ნაქონი ფეხსაცმელი ვაჩუქე (ჯერ არ იყო გაცვეთილი); 2. ხობის ეკლესიის მშენებლობის შესაწევნად მაგთის ნომერზე დავრეკე; 3. ქუჩაში მათხოვარს 20 თეთრი ჩავუგდე... დღევანდელი გეგმა პირნათლად შევასრულე, ხვალ გეგმაში საქველმოქმედო აქცია მაქვს ბავშვთა სახლში, ჟურნალისტები გაფრთხილებულია, ტელევიზიაც ელოდება სიუჟეტს...

ჩვენ არ ვაკეთებთ სიკეთეს სიკეთისთვის, ვიღაცამ აუცილებლად უნდა გვითხრას მადლობა, უნდა შეგვაქოს, ყურადღება გვჭირდება, ტაში და აპლოდისმენტები, ერთი კაცისგან მაინც, თუნდაც ეს კაცი საკუთარი თავი იყოს!  სხვაგვარად ვერავინ გვაიძულებს, ბუნებრივად, ძალდატანების გარეშე აღმოვაჩინოთ, რომ ვიღაც სხვაც არსებობს ჩვენივე ძვირფასი თავის გარდა. 

რომელი განცდა უფრო ძლიერია, სიხარული იმის გამო, რომ ვიღაც ცოტა ხნით მაინც უკეთესად არის, ვიდრე იყო, თუ სიამაყის უჩინარი განცდა იმისა, რომ ამ უკეთესობის მიზეზი ჩვენ ვართ?!

ახლა, ამ წერილის წერის დროს, მივხვდი, რომ მეც პოზაში ვარ, „კეთილი სამარიტელის“ პოზაში და ვქადაგებ ამბიონიდან...

მეც ხომ თქვენს გვერდით ვცხოვრობ...

„ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხუანი კაცნი,

ვიმარხავ ორ-გზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა.“

(ლუკა 18.9-14)

 

ირინე სახელაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1590
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია