დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საკრებულომ სათამაშო ბიზნესს არსებობა „გაუადვილა“
2012/01/30 12:24:16

ქუთაისის საკრებულოს ბოლოდროინდელ სხდომაზე, დეპუტატთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სათამაშო ბიზნესზე მოსაკრებლის შემოღების შესახებ დადგენილება 20 იანვრიდან შევიდა ძალაში. დეპუტატებს საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ. ქრისტიან-დემოკრატები მოითხოვდნენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული საქმიანობა მაქსიმალურად იყოს დაბეგრილი და მათ ბიუჯეტში მოგებიდან საკმაოდ სოლიდური თანხა უნდა შეიტანონ. 

დავით დვალის განცხადებით, სათამაშო ბიზნესი კრიმინალური და საფრთხის შემცველი საქმიანობაა. როგორც დვალი აღნიშნავს, თავდაპირველად მის მოსაზრებას ნაცინალური მოძრაობის დეპუტატებიც ეთანხმებოდნენ, თუმცა შემდეგ მათ პოზიცია შეიცვალეს და მმართველი გუნდის წევრის  შემოტანილ კანონპროექტს მხარი მაინც დაუჭირეს.

სათამაშო ბიზნესის მფლობელებს ამჯერად ნამდვილად გაუმართლათ, რადგან უმრავლესობის წევრები ოპოზიციურ ფრაქციას არ დაეთანხმნენ და ისევე როგორც სხვა ბიზნესის მიმართ, სათამაშო ბიზნესის გადასახადისადმი, ლოიალურობა გამოიჩინეს - სამორინეს მფლობელებს ბიუჯეტში, თავიანთი მოგებიდან გამომდინარე, ადგილობრივ ბიუჯეტში მიზერული თანხის შეტანა მოუწევთ: ყოველ კვარტალში სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე - 15 000 ლარი, თითოეულ სათამაშო აპარატზე - 2100 ლარი, თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე -  საპრიზო ფონდის 10%, სისტემურ-ელექტრული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე - 30 000 ლარი, ატარიების მოწყობაზე - ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 10%.

ქრისტიან-დემოკრატების ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით დვალმა სხდომის შემდეგ გაზეთ „P.S.“-თან ასეთი კომენტარი გააკეთა.

„ეს სფერო მკაფიოდ და მკაცრად უნდა იქნას რეგულირებული. მე, პირადად, მყავს შვილი და ნამდვილად არ მსურს, მსგავსი თამაშობებით იყოს გატაცებული. სათამაშო ბიზნესი არის საფრთხის შემცველი, ვინაიდან იქ წაგებული და ჩასაბარებელი ე.წ „თავანები“ სუსტი ნებისყოფის ადამიანებს ხშირ შემთხვევაში უბიძგებს კრიმინალური ქმედებებისკენ. სათამაშო ბიზნესი ნამდვილად არ არის ქვეყნისთვის იდეალური და სახარბიელო, მაგრამ, ბუნებრივია, ამ სფეროს აკრძალვა კანონის მიხედვითაც კი ვერ მოხერხდება. ვინაიდან იატაკქვეშა სამორინეები მაინც იარსებებს და, რა თქმა უნდა, იატაკქვეშას ისევ ოფიციალური სამორინეები სჯობს, რომელიც ბიუჯეტში თავისი მოგების მაქსიმალურ თანხას შემოიტანს. ჩვენ მივესალმებით, თუ კიდევ გაიზრდება ეს გადასახადები. შესაბამისი სამსახურებიდან მივიღეთ დაპირება და ისინი ჩაატარებენ კვლევას, თუ როგორ ხდება ამ ეტაპზე გაზრდილი გადასახადების გადახდა და იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, რამდენად იქნება შესაძლებელი მოსაკრებლის კიდევ უფრო გაზრდა. ჩვენ, ქრისტიან-დემოკრატები, ბიზნესის მიმართ  ვართ ლიბერალური, მაგრამ კონკრეტულად სათამაშო ბიზნესზე ვთვლით, რომ უნდა მოხდეს მაქსიმალური ბეგარა,“ - განაცხადა დვალმა.

კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ წევრს გია გოქაძეს. ის ქრისტიან-დემოკრატებს არ ეთანხმება და ამბობს, რომ რაც კანონით დაშვებულია, ის არ შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი.

„ჩვენ, არ ვართ ირანის რესპუბლიკა და ჩრდილოეთ კორეა, სადაც აკრძალულია მსგავსი თამაშები, ჩვენ ევროპის ქვეყანა ვართ და, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში იქნება სამორინეები, ეს არის ბიზნესი, საიდანაც ბიუჯეტში შედის საკმაოდ სოლიდური თანხა. ვფიქრობ, რომ ის ტარიფები, რაც მივიღეთ საკმაოდ ნორმალური და ოპტიმალურია, მითუმეტეს სისტემურ-ელექტრონულ თამაშებზე ყველაზე დაბალი ზღვარია დაწესებული. ადგილობრივი მოსაკრებლის ნიხრი იყო 30-დან 60 ათას ლარამდე, საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება და დაადგინა 30 ათასი ლარი. დრო გვიჩვენებს, რამდენად მომგებიანია ეს მიდგომა. ამის შემდეგ შეიძლება კვლავ აიწიოს, ან პირიქით, დავწიოთ გადასახადები,“ - გვითხრა ია გოქაძემ.

რას ფიქრობენ გასართობი ბიზნესის მფლობელები და ის ადამიანები, რომლებიც ამ თამაშებით არიან გატაცებული? ჩვენი მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, ვერ მოვახერხეთ, ჩაგვეწერა სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორების მფლობელები. ხოლო თავად  ამ დაწესებულებებში მოთამაშე პირები ასეთ კომენტარს აკეთებენ:

„მე პირადად ხშირად ვსტუმრობ მსგავს ობიექტებს. სულაც არ ვთვლი, რომ ეს საფრთხის შემცველია. ვინც აქ შემოდის, გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რა რისკზეც მიდის. დანაშაულებები კი სუსტი ნებისყოფის გამო ხდება. სათამაშო აპარატებით ნამდვილად ვერ გამდიდრდები და აქ არა მოსაგებად, არამედ - სათამაშოდ უნდა შემოხვიდე,“ - გვიამბობს ტოტალიზატორში მყოფი გიორგი. 

„არ მინდა, რომ სახელმწიფომ ტოტალიზატორს მოსთხოვოს მეტი გადასახადი, რადგან, მე ეგრე მგონია, თუ მეტ გადასახადს მოსთხოვს, მაშინ ჩვენი მოგების ალბათობაც შემცირდება. იყოს, რას ერჩიან ამ ტოტალიზატორებს დღევანდელ ცხოვრებაში! შემოვდივართ, გულს ვაყოლებთ და ხშირად ცოტას ვიგებთ კიდეც, აი, ასე გადის დრო,“ - მითხრა შუახნის მამაკაცმა - თამაზმა.

„მიმაჩნია, რომ ასეთი დაწესებულებები რაც შეიძლება ნაკლებად უნდა იყოს და იქ შესვლა მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს. ხშირია შემთხვევები, როდესაც წაგებული თანხის ჩაბარების გამო დანაშაულებები ხდება. მსგავსი მაგალითი ჩემს ცხოვრებაშიც იყო. ჩემი ძმა დღეს ციხეშია და - მხოლოდ იმიტომ, რომ ტოტალიზატორში წაგებული თანხის გამო ქურდობა ჩაიდინა. მართალია, ამის გამო მას არ ვამართლებ, მაგრამ ის, რაც ფულთან და აზარტთან არის დაკავშირებული, აკრძალული ან მკაცრად რეგულირებული უნდა იყოს,“ - განაცხადა ქალბატონმა მანანა ბერაძემ.

მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სათამაშო ბიზნესის წახალისებაა თუ ლოიალურობა, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა, როგორც ქრისტიან-დემოკრატები ამბობენ, მსგავსი მიდგომა ამ ბიზნესისადმი ახალგაზრდებისათვის დამღუპველია.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1625
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია