დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გივი ბაბუა: „ახლა ამ დახმარების შეწყვეტა იქნებოდა?“
2012/01/23 11:19:14

სოციალური დახმარების პროგრამით ჩვენი მთავრობა გამუდმებით თავს იწონებს, დაუცველ ოჯახებს გვერდით ვუდგავართო, მაგრამ, როგორც ჩანს, არცთუ ისე ორგანიზებულია ეს დახმარება. ქვეყანაში ბევრია ისეთი ოჯახი, რომელიც საერთოდ ვერ მოხვდა ამ პროგრამაში, ან მოხვდა და შემდეგ შეუწყვიტეს დახმარება. საუბარია იმ ოცდაათ ლარზე, რომელსაც ყოველი სოციალურად დაუცველი ოჯახი სულადობრივად იღებს.

 

წყალტუბოს რაიონის სოფელ პატრიკეთის მკვიდრი გივი ვაჩიბერაძე სოციალურად დაუცველთა სიაში უკვე 4 წელია. ამ წლების მანძილზე ეს ადამიანი ყოველთვიურად იღებდა 30 ლარს. მაგრამ, როგორც თავად აღნიშნავს, 5 თვეა, ეს დახმარება არ მიუღია.

„რა ვქნა, ბაბუა, 86 წლის მარტოხელა მოხუცი ვარ, პენსიასთან ერთად ამ დახმარებით თვიდან თვემდე თავი გამქონდა, წამლის ფულად მაინც მყოფნიდა. ახლა ამ დახმარების შეწყვეტა იქნებოდა? ამ სუსხიან ზამთარში სულ გაციებული ვარ. შვილები ქალაქში ცხოვრობენ, როცა დრო აქვთ, კი მაკითხავენ, მაგრამ, ხო იცი, შვილო, ქალაქში ცხოვრობენ და იქ ყოველდღე ხელი თუ არ გაანძრიე, ქე მოკვდები მშიერი. ერთი-ორჯერ კი ჩავედი წყალტუბოში ამბის გასარკვევად, მითხრეს, აღვადგენთ, დროებით გაქვს შეწყვეტილიო, მაგრამ, შენც არ მომიკვდე! დაპირება დაპირებად დარჩა. ყოველდღე იქ სიარულისთვის არც ფული მაქვს და არც ჯანმრთელობა მიწყობს ხელს. უკვე წლებია, მეუღლე გარდამეცვალა და ასე, მარტო ვუძლებ ამ ცხოვრებას. შეძლებისდაგვარად ვზრდი ქათმებს და ვამუშავებ მიწის მცირე ნაკვეთებს, სარგებელსაც ვნახულობ და თან გულსაც ვატყვილებ (ღიმილით). რა ვქნა, უსაქმოდ, აბა, მთელი დღე რა გამაჩერებს. მეზობლებიც მაქცევენ ყურადღებას, ხან წნევას მიზომავენ და ვარ ასე“.

ეთერი, 53 წლის, გივი ბაბუას მეზობელი:

„გივი ბიძია იღებდა ამ 30 ლარიან დახმარებას. დიდი არაფერი ფულია, მაგრამ ამ მოხუცისთვის მაინც რაღაცას ნიშნავს. როცა ეკუთვნის მთავრობისგან, ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა შეუწყდეს? იარა გამგეობაში, მაგრამ ყურადღება არავინ მიაქცია და კი დაანება თავი.“

გივი ვაჩიბერაძის მსგავსად, კიდევ ბევრ ადამიანს აქვს ეს პრობლემა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოციალურ სამსახურში განგვიცხადეს, რომ აღნიშნული პრობლემა პირადი ინფორმაციაა მოქალაქისა და, თუ ეს პიროვნება წერილობით მომართავდა მათ სამსახურს, პასუხს წერილობითვე დაუბრუნებდნენ. მათი თქმით, მსგავსი საკითხები საჯაროობას არ ექვემდებარება (?!).

სოციალურად დაუცველ ოჯახებს ნაკლებად აინტერესებთ, მსგავსი საკითხები საჯაროა თუ არა. ისიც ცხადია, რომ საჯარო მოხელეები მსგავს შემთხვევებში ცდილობენ, კონკრეტულ საკითხებს თავი აარიდონ.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გივი ვაჩიბერაძეს ქულების გადამოწმების მიზნით შეუწყდა დახმარება. ქულების ხელახალი გადათვლის შემდეგ, ვიმედოვნებთ, 86 წლის მოხუცს დახმარება აღუდგება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1460
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია