დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ხანდაზმული საქმე
2011/12/26 13:14:28

„პირველ სართულზე ვცხოვრობ, ისედაც ძველმა შენობამ ამდენ დატვირთვას ვერ გაუძლო და ჩემი ოთახები დააზიანა“

სამი წლის წინ ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე (?9 კორპუსში), მეორე სართულზე, თემურ კუჭავამ ბინა იყიდა. კუჭავამ ახალ სახლში გადმოსვლამდე რემონტი დაიწყო. ყველა ოთახიდან პარკეტი აიღო, კედელი დაანგრია და ნაგავი პირველ სართულზე მცხოვრებ, მარტოხელა რუბენ კირკიტაძის საცხოვრებელი ფართის წინ დაყარა.

ეს ფაქტი აქ არ მთავრდება. ჩვენთან საუბარში რუბენ კირკიტაძე აცხადებს: „სამი წელი გავიდა, რაც კუჭავამ ჩემს მეზობლად ბინა იყიდა. ყიდვიდან მეორე დღეს სარემონტო სამუშაოები დაიწყო. ბინაში ორი სატვირთო მანქანა ხრეში და 50 ტომარამდე ცემენტი შეიტანა. პირველ სართულზე ვცხოვრობ, ისედაც ძველმა შენობამ ამდენ დატვირთვას ვერ გაუძლო და ჩემი ოთახები დააზიანა. კერძოდ, ჭერი გაიბზარა. ჩემი გარდაცვლილი შვილის ოთახი ცემენტით გაივსო. ავეჯი არის გაფუჭებული. მოდით, თქვენი თვალით ნახეთ, საერთოდ უვარგისია აქაურობა. ამ საკითხზე სასამართლოს მივმართე, მოვითხოვე დაზიანებული კედლების და ჭერის შეკეთება. სასამართლო პროცესზე კუჭავა არ გამოცხადდა. ვიცი, 500 ლარი მისცა ვიღაც ხონელ ადვოკატს. შენ რა უნდა გელაპარაკო, - ვუთხარი პროცესის დაწყებამდე ადვოკატს, - სად არის კუჭავა-მეთქი? მიპასუხა, სამსახურშია და ვერ მოვაო. ადვოკატი საქმეში არ იყო გარკვეული. აქეთ დამადანაშაულა, ეს ხანდაზმულია, იტყუებაო.

ოცდაათი წელია, მარტო ვცხოვრობ. კარგი, დავანებოთ თავი იმას, რომ მოხუცი ვარ. მითხარით, ხანდაზმულობა წერია რომელიმე კანონში? მოსამართლემ მკითხა, რას ითხოვო? მხოლოდ დაზიანებულის აღდგენა მოვითხოვე. მოსამართლემ სარჩელი არ დააკმაყოფილა, მითხრა - 21 ოქტომბერს განაჩენზე მობრძანდიო. განაჩენზეც არ მობრძანდა კუჭავა. მოულოდნელად, მოსამართლემ მითხრა, თქვენს საკითხს უარი ეთქვა, თუ გნებავს, გაასაჩივრეო. მომეცით საბუთები, დღესვე ვიწყებ საქმის აღძრას-მეთქი. ეს საკითხი სააპელაციო სასამართლოში შევიტანე. დამატებითი ინფორმაციები დავურთე პოლიციიდან. საქმის კურსში ჩავაყენე მერიის საბინაო სამსახური. თუმცა, აქაც დავმარცხდი. მოსამართლემ საქმე დახურა. კუჭავას მეუღლე ხშირად მაყენებს შეურაცხყოფას: „შე მაროია, რა გინდა სახლში, წაეთრიე საგიჟეშიო.“ რატომ წავიდე საგიჟეში? ამ საქმეს მოწმეების მეტი რა ჰყავს, სამეზობლოს რომ შეეკითხოთ, ყველა მე გამამართლებს. მხოლოდ დაზიანებული კედლის, ჭერის და ავეჯის შეკეთება მოვითხოვე. აქ, ბაბუ, პრინციპის საკითხია. იმაზე ოცნებობენ, როდის გამძვრება სული.“

 

მეზობლები რუბენ კირკიტაძეს დადებითად აფასებენ. ისინი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. მხოლოდ ერთმა გვითხრა, რომ წლებია ოჯახებს შორის კამათი მიმდინარეობს. იმედია, ერთხელ და სამუდამოდ სიმართლე გაირკვევაო.

მოგვიანებით თემურ კუჭავას ოჯახში ვესტუმრეთ. ბატონი თემური შინ არ დაგვხვდა. ბინაში კი კუჭავას დედამ მიგვიპატიჟა. როდესაც გაიგო, ჟურნალისტები ვიყავით და რუბენ კირკიტაძის დაზიანებულ ქონებაზე სტატიას ვამზადებდით, სასწრაფოდ რძალს ტელეფონით დაუკავშირდა. კითხვა არ მქონდა დასმული, ტელეფონიდან ახალგაზრდა ქალბატონმა ისტერიული კივილით მოგვთხოვა, ჩემი სახლიდან წაეთრიეთო.

- არ ინერვიულოთ, წავედით, ქალბატონო.

მოკლედ, ჩვენი მცდელობის მიუხედავად, ჩაგვეწერა მეორე მხარე, მათ მედიასთან ურთიერთობა არ ისურვეს.

შეიძლება თუ არა ამ საკითხის მოგვარება სასამართლოს გზით?

რჩევის მისაღებად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ვეწვიეთ.

ზაალ გორგოძე, ადვოკატი: „თუ ასეთი ფაქტი დაფიქსირდა, რომელსაც თქვენ მიყვებით. უნდა  ჩატარებულიყო ექსპერტიზა, ექსპერტი დაზიანებულ ობიექტს შეაფასებდა. შემდეგ ბატონი რუბენი სარჩელს სასამართლოში შეიტანდა. სასამართლო აუცილებლად გამოიტანდა გადაწყვეტილებას. რას ამბობთ? უკვე ორჯერ იყო სასამართლო პროცესი და იმის გამო, რომ რუბენ კირკიტაძე ასაკით ხანდაზმულია, პროცესი დახურესო. რას ჰქვია, მოსამართლემ საქმე დახურა? ხშირად დავდივარ სასამართლო სხდომებზე და ასეთი ფაქტი არასოდეს დაფიქსირებულა. ადამიანის ხანდაზმულობა არაფერ შუაშია სამართალთან. ახლა, სამწუხაროდ ვერ დავეხმარებით. როგორც თქვენ ამბობთ, სასამართლომ პროცესი დახურა. სანამ საჩივარს შეიტანდა,    მანამდე    რომ    მოსულიყო,  ძალიან კარგი იქნებოდა“.

ამ საკითხთან დაკავშირებით ვესაუბრეთ მერიის რწმუნებულს გამარჯვების ტერიტორიულ ორგანოში, დავით ახვლედიანს.

დავით ახვლედიანი: „პირადად ვიცნობ ბატონ რუბენს, კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეა. უბრალოდ, რაღაც მეზობლებს შორის გაურკვევლობაა. საკითხი, რომ დარეგულირდეს, ერთი მხარე მეორეს არ ეთანხმება. ბატონმა რუბენმა 2010 წელს განცხადებით მოგვმართა. საქმის კურსში ვართ, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. თუმცა, ძალიან რთულია, რადგან ოჯახებს შორის დაპირისპირებაა.“

როგორც ვხედავთ, ყველაფერი მაინც მეზობლებს შორის ურთიერთდათმობაზეა დამოკიდებული. იმედი გვაქვს, ბატონი თემური, რომელზეც მისმა მეზობლებმა არაერთი კარგი სიტყვა გვითხრეს, დათმობაზე წავა და ამ საახალწლოდ პირველი გაუწვდის ხანდაზმულ მეზობელს ხელს შესარიგებლად.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1604
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია