დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„სტუმრები“ 100-საფეხურიანი კიბის დასრულებას არ ჩქარობენ
2011/07/04 12:34:08

აპრილის თვიდან მიმდინარეობს ბალახვნის 100 საფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 81 000 ლარი იხარჯება.

 

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა „ელბა“ ახორციელებს. მიუხედავად იმისა, რომ კიბის გასაახლებლად კომპანიას ერთი თვე ჰქონდა მიცემული, სამუშაოები დღემდე არ არის დასრულებული.

 

როგორც კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრო მაღლაკელიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ხელშეკრულებაში მითითებულ დროს 2 კვირა დაემატა წვიმიანი ამინდის გამო, თუმცა ვერც ამ ვადებში მოხერხდა დასრულება და ახლა კომპანია „ელბას“ მოუწევს ყოველ გადაცილებულ დღეზე ჯარიმის გადახდა, რაც მთლიანი თანხის 0.1%-ს (810 ლარს) შეადგენს. ამგვარად, ბიუჯეტში ამ პროექტისთვის გამოყოფილი თანხები საკმარისად დაიზოგება.

რეაბილიტაციის შედეგად განახლდა მწვანე  საფარი,   განათება,  კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია, შეაკეთეს დაზიანებული კიბეები და ა.შ.

თუმცა, თუ ახლა ბალახვანში კიბეებზე მოხვდებით და დააკვირდებით მის განახლებულ იერს, სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ არც მალე დასრულების პირი უჩანს. კიბეები კვლავ დაზიანებულია. როგორც ანდრო მაღლაკელიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, გაურკვეველმა პირებმა ასევე გაურკვეველი ფორმის ბეტონის საგანი დააგორეს და 13 საფეხური დაზიანდა. მათ შეკეთებას კი ისევ კომპანია „ელბა“ იღებს საკუთარ თავზე ფინანსური დანამატის გარეშე.

„რაც შეეხება სამუშაოების ხარისხს, მინდა გითხრათ, რომ ობიექტი 2 კვირის წინათ დასრულებულად მიაჩნდა ფირმის ხელმძღვანელობას, თუმცა, ჩვენ არ მოგვეწონა, რაც იქ ხდებოდა და კონკრეტული დეტალების თავიდან გაკეთება მოუწევთ. კომპანიამ საკუთარი ინიციატივით კეთილმოაწყო მიმდებარე ტერიტორიაზე მოაჯირები, ხელშეკრულებით კი მათ მხოლოდ 50 მეტრის რეაბილიტაცია ევალებოდათ. ჩვენი სამსახური აკონტროლებს ამ სამუშაოებს და პირადად მეც ძალიან ხშირად ვამოწმებ, თუ რა არის გაკეთებული,“ - გვითხრა ანდრო მაღლაკელიძემ.

ამ შემთხვევაში ძნელია, არ დავეთანხმოთ ბატონ ანდროს, ვინაიდან ბალახვნის კიბეებს ახლა ნაომარი ადგილის შესახედაობა უფრო აქვს, ვიდრე რეაბილიტირებულის (არადა სამუშაოები, წესით, 5 დღეში უნდა დასრულდეს). კარგია, თუკი ქალაქის სამსახური აკონტროლებს ნამუშევრის ხარისხიანობას, მაგრამ რა ქნას რუსთავის ფირმა „ელბამ,“ რომელსაც ამდენი საქმე დაუგროვდა ქუთაისში? იქეთ კიბეებიო, იქეთ აღამაშენებლის ველობილიკები და პალმების ხეივანიო...

როცა ამდენი საქმე გაქვს, ალბათ, ჯარიმის გადახდაც არაფრად გიღირს და ხელისუფლებაც ლიბერალური და დამთმობი ხდება „სტუმრების“ მიმართ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3894
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია