დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სააფთიაქო მონოპოლიები და ვითომ გაიაფებული მედიკამენტები
2011/03/21 13:03:42

მოსახლეობა უკვე მიეჩვია, რომ ჩვენს ქვეყანაში დაპირებები არ სრულდება და აღარავის სჯერა, რომელიმე მაღალჩინოსნის წინასაარჩევნო „მზრუნველობის“, მაგრამ პრეზიდენტის მიერ გახმაურებულ ახალ ინიციატივას ყველა დიდი იმედით შეხვდა. მისი განცხადება ხომ მედიკამენტების გაიაფებას ეხებოდა! მაგრამ ვერ (ან არ) აგვისრულეს, რასაც დაგვპირდნენ და არც არავინ უწყის, პირველი პირისათვის ცნობილია თუ არა, რომ სააფთიაქო ქსელებში წამლები არა თუ გაიაფდა, არამედ ზოგიერთ მედიკამენტზე საგრძნობლად გაიზარდა კიდეც.

ერთი ხუმრობის არ იყოს: „ჩვენს ქალაქში იმდენი აფთიაქია, კარგადაც რომ იყო, თავი ცუდად გეგონებაო“! ერთმანეთის გვერდიგვერდ ჩაყოლებული დიდი თუ მცირე სააფთიაქო ქსელები, ერთმანეთს მედიკამენტების მონოპოლიაში ადანაშაულებენ, მონოპოლიაში, რითაც ფასებით მანიპულირება შეუძლიათ. ასეთი შეთანხმებული მოქმედების არსი და მიზანი საკუთარი მოგების გაზრდაა, რითაც დაზარალებული ისევ და ისევ მოსახლეობა რჩება: მან არც წამლების მონოპოლიზების და არც აფთიაქების კონკურენციის შესახებ იცის. მთავარი საზრუნავი 80 ლარიანი პენსიის ან მცირე შემოსავლის განაწილებაა.

რას გვეუბნებიან სააფთიაქო ქსელებში?

ნინო, სააფთიაქო ქსელი „პსპ“: „ჩვენს აფთიაქში მრავალ მედიკამენტზე მოხდა ფასდაკლება და საერთოდ ჩვენთან თითქმის ყველა წამალი ეტაპობრივად იაფდება.

ლელა ხვადაგიანი, შპს „მარათონი“: „ქვეყანაში არანაირი წამალი არ გიაფებულა, ტყუილია რომ ამტკიცებენ თითქოს ფასდაკლებები აქვთ, რადგან წამლების საერთო ღირებულება ძლიან მაღალია. უდიდესი საფთიაქო ქსელები მხოლოდ თავიანთ წარმოებულ სახამებელს აიაფებენ“.

ეკა, სააფთიაქო ქსელი „ავერსი“: ჩვენი აფთიაქი დიდი ხანია ახორციელებს ფასდაკლებების პროგრამას და დროდადრო, მედიკამენტების გაიაფებაც ხდება. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი მომხმარებელი მოგებული დარჩეს.

რას ფიქრობს თავად მოსახლეობა?

ციცინო ვერულაშვილი, პენსიონერი: „როგორ შეიძლება წამლებზე ასეთი მაღალი ფასები იყოს! მე პენსიონერი ვარ და ვცდილობ, რომ ჩემი 80 ლარი წამლებზე და პროდუქტზე გავანაწლო, მაგრამ არც ერთი ღირს იაფი და არც მეორე, ნუთუ არ შეიძლება, რომ ადამიანს არსებობაში ხელი შეუწყონ? ბატონმა მიშამ რომ თქვა, წამლები უნდა გაიაფდესო, ვიფიქრე, მეშველა მეთქი, მაგრამ რად გინდა, მგონი ამის შემდეგ წამლების გაიაფებაზე არავის უფიქრია. მაინტერესებს, თვითონ თუ შეძლებენ თვიდან-თვემდე 80 ლარად იცხოვრონ? არიქა, პენსია მომავალი წლიდან გაიზრდებაო, რად გინდა მერე, პენსიის გაზრდას ფასების მატებასაც მოაყოლებენ, ეს მაგათ არ ეშლებათ!“

გია ყურაშვილი: „არა, რა გაიაფდა! ახლა წამლების საყიდლად ვიყავი და ჩემი შემოსავლის ნახევარი იქ დავტოვე, წამალი ხომ ფუფუნების საგანი არ არის და ვერც ავადმყოფობას უბრძანებ, კრიზისი მაქვს და არ შემაწუხოო. აფთიაქებში გაპრანჭული ხმით რომ გვეუბნებიან მადლობას და მათთან არსებულ ფასდაკლებაზე გვესაუბრებიან, საინტერესოა, ეს ფასდაკლება და საერთოდ წამლის პირვანდელი ღირებულება რამდენია? თავიანთ სასარგებლოდ მაგათ პროცენტების გამოყვანა არ ეშლებათ, თორემ ჩვენს სასარგებლოდ ფასდაკლებას  მე ვერსად ვხედავ“.

ია, პედაგოგი: „წელს საერთოდ არ გაიაფებულა წამლები. შარშან ვითომ მოსახლეობის სასიკეთოდ რომ გააიაფეს პრეპარატები, მათ შორის არ ყოფილა არც ერთი ზამთრის სეზონისათვის საჭირო წამალი, არც ვირუსის, არც გრიპის და არც სხვა რომელიმე ძვირადღირებული მედიკამენტი. ადამიანი უფულობის გამო ექიმთან ვერ მიდის და იმასაც ვერ ახერხებს, რომ თვითნებურად დანიშნული წამალი შეიძინოს.

დაცინვაა, აბა რა არის, სადაზღვევო კომპანიების რეკლამებიდან რომ გვამცნობენ, თითქოს ექიმთან თუ დროულად არ მივალთ, ეს გართულებებს გამოიწვევს, ან თუნდაც ის, რომ მათთთან დაზღვევა იაფია და წარმატებული პროგრამა აქვთ. მასწავლებლის პოლისით ვსარგებლობ, მაგრამ იქ იმდენი გაურკვეველი რამ არის, (გაურკვეველი მათდა სასარგებლოდ), რომ ამ ყველაფერმა შეიძლება თავი მოგაბეზროთ, თუმცა ეს ცალკე თემაა.

ქუთაისში არსებობს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გაჭირვებული მოსახლეობა წამლებისთვის საჭირო თანხას მიიღებს, აღნიშნული პროგრამის განხორციელებისათვის ადგილობრივ ბიუჯეტში 40 ათასი ლარია გამოყოფილი.

კახა ქორიძე,  ქუთაისის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა საქალაქო სამსახურის უფროსი: „ეს არის ქუთაისის მერიის სამედიცინო დახმარების სამსახურის ერთ-ერთი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ფენების მომსახურებას მედიკამენტებით. კონკრეტულად ამ პროგრამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები საკრებულოსთან და მერიასთან. სახელმწიფოს შესყიდვების კანონმდებლობაში შესულია ცვლილებები, რომლის მიხედვითაც არ შეიძლება ტენდერის გამოცხადება გარკვეული თანხის არქონის შემთხვევაში, ახლა უკვე მივაგენით კანონმდებლობით დადგენილი წესით ფორმულირებას. პროექტი, სავარაუდოდ, 10 აპრილიდან ამოქმედდება, ჩვენ დავბეჭდავთ 50 და 100 ლარიან ვაუჩერებს. შესაბამისი განცხადების მომართვის საფუძველზე და ექიმის დასკვნის შემთხვევაში, სპეციალური ჯგუფი იმსჯელებს, პირს 50 თუ 100 ლარიანი ვაუჩერი მიენიჭოს. ეს პროგრამა არ ითვალისწინებს კონკრეტულად, რომელიმე სტატუსის მქონე პირთა დახმარებას. ეს იქნება დახმარება ნებისმიერი მოქალაქისათვის, ვისაც ამის საჭიროება ექნება.

იქნება გაფორმებული ხელშეკრულება ყველა აფთიაქთან, რომ არ მოხდეს რომელიმე ქსელის მონოპოლიზება.

რა თქმა უნდა, არავინ დაობს, რომ პროგრამა კარგია (თუკი, რა თქმა უნდა, ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიების ზუსტი გათვალისწინებით მოხდება), მაგრამ არის კიდევ ერთი დეტალი: მოქალაქეს, რომელიც ამ ვაუჩერს მიიღებს, მხოლოდ იმ თანხის გამოყენება შეეძლება, რომელიც რეცეპტით იქნება მინიშნებული, დარჩენილი ყოველი თეთრი კი სახელმწიფოს უნდა დაუბრუნოს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1521
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია