დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თეთრი ხიდის შავი ბედი
2011/03/07 12:31:52

„ვაი და ჯანდაბა ამის გამკეთებელს“, - გულმოსულმა, ხმამაღლა წამოიძახა შუა ხნის ქალბატონმა, რომელსაც  გაჭირვებამ, ის-ის იყო ახალგაზრდობა გაახსენა. ქარისგან დამტვრეული თეთრი ხიდი, თანაც ღობეშემორტყმული  რომ დაინახა, რაღა ექნა? უკან  ვეღარ დაბრუნდებოდა, ამიტომ ღობეზე ავიდა, გადასვლის დროს  კი წყალში კინაღამ გადავარდა... მავანი ირონიულად ჩაიცინებს და იტყვის: „კინაღამ“ არ ითვლებაო... არადა, საინტერესოა, ვინ იქნებოდა მორალურად პასუხისმგებელი ამ დროს?

 

გრანდიოზულად „რეაბილიტირებულ“ ქუთაისში დიდი „ჰაი-ჰუით“ გახსნილი თეთრი ხიდი გაკეთებისთანავე უქმნიდა მოსიარულეებს პრობლემებს. თანაქალაქელებს ხშირად გვინახავს ჩამტვრეული და  შემდეგ ნამტვრევის ადგილზე ჩაწებებული ნაფოტი (ამავე ხიდის), მაგრამ იმდენად უხარისხოდ  რომ მეორე დღეს ისევ ამოყრილი გვხვდებოდა...

ჩნდება უამრავი კითხვა თუ მოსაზრება. ალბათ, ასე უხარისხო იმიტომ არის, მიშას ასიამოვნეს, რა უცებ ვაკეთებთ ყველაფერსო... მიშა კი, თავისთავად, ტელევიზორების წინ დამსხდარ ხალხს აკვირვებს, საგანგებოდ, ნაუცბათევად დაგებული ფილაქნებისა და ერთფასადიანი შენობების წინ დადგმული სცენიდან. შედეგი სახეზეა...

სოფლის ყანასავით  შეღობილ თეთრ ხიდზე რომ გადავედი, ამოყრილ პლასტიკატს დავაკვირდი. თურმე ნუ იტყვით და წებოთი ყოფილა დამაგრებული... საინტერესოა,  ნეტა, რა წებო გამოიყენეს? „მომენტი“, ალბათ! ისე, ეს წებო კარგია, გუშინ მეზობლის ბავშვის მიერ გახეული წიგნი კარგად დამიწება და ხიდს, სადაც უამრავი ადამიანი დადის, რომელიც თავისი კოლორიტულობით და სიძველით ქუთაისის სიმბოლოდაც კი შეიძლება ჩაითვალოს, ვერ დააწებებდა??? დააწება, მაგრამ ბოროტმა ჯადოქარმა ქარი გამოაგზავნა და აღარაა... ქუთაისში ხუმრობდნენ კიდეც (ქარიშხლის დროსაც რომ გვეხუმრება!): თეთრი ხიდიდან აცვენილი ნაფოტები საფიჩხიაზე გვხვდებოდა თავშიო...

დღესდღეობით ბოძებისამარა დარჩენილ ხიდის  ისტორიას რომ გადავხედოთ გავიგებთ, რომ მისი მშენებლობა ამ ადგილზე 1850 წელს დაიწყო და  დამთავრდა 1852 წელს. პროექტის ავტორი იყო სამხედრო ინჟინერი ვიტე. ხიდი წარმოადგენდა ქვის ბურჯებზე აგებულ ხის სამმალიან თაღოვან კონსტრუქციას, ხისსავე მოაჯირითა და სავალი ნაწილით.  1860 წლის დასაწყისში ხიდი ჩაინგრა და მხოლოდ 1870 წლისთვის მოხდა მისი აღდგენითი პროექტის შედგენა, რომელიც უკვე ითვალისწინებდა ლითონის ხიდის აგებას. ახალი პროექტის ავტორი იყო სამხედრო ინჟინერი ზეზმანი, თანაავტორი-პერეპი. ხიდის ლითონის ნაწილები თეთრად შეღებეს და მას თეთრი ხიდი უწოდეს. შემდეგ, ინჟინერ ბ. ამაღლობელის პროექტის მიხედვით, 1948-1949 წლებში მოხდა ხიდის გამაგრებითი სამუშაოები, გაიზარდა სიგანეც...

მას შემდეგ უამრავმა წყალმა ჩაიარა, თეთრი  ხიდის ქვემოთაც და ისეც... მეფეთ-უბნის რეკონსტრუქციის დროს თეთრი ხიდი საფუძვლიანად შეცვალეს. მაშინ არავის უფიქრია, რომ ქარების ქალაქში, სადაც ძალიან დიდი სიცხეები იცის, წვიმას და სტიქიას ვერ გაუძლებდა სავარაუდოდ გერმანული პლასტიკატი, რომლითაც ხიდის საფარი შექმნეს. სამი წლის შემდეგ კი ასეთი სურათი ჩნდება... ვინაიდან ხიდი ცენტრალურ ადგილზე დგას, ამიტომ, შეღობვის მიუხედავად, ხალხი იქ მაინც მოძრაობს, არც მოხუცი და არც ახალგაზრდა არ ერიდება ჩანგრეულ „რიონზე გადასასვლელს“.

მოსახლეობაც მოვლენის ეპიცენტრში ჩავწერეთ:

მანანა შალიკიანი, ფილოლოგი: „რაც ბავშვობაში დავით კვიცარიძის რომანი „ნდობა“ წავიკითხე და თეთრი ხიდის ახალმშენებლობის ამბავს  გავეცანი, ისე მოვაღწიე ჩემი ცხოვრების 55-ე წელიწადს, ამ საბრალო ხიდს საშველი აღარ დაადგა.რა აქციები არ ჩატარებულა მის მხარდასაჭერად,  ქალაქის წარმომადგენელთა რა კრიტიკული მასალები და შარჟები არ დაბეჭდილა ჟურნალ-გაზეთებში, მაგრამ მერე რა? მე მახსოვს 90-იან წლებში მხატვარმა ავთანდილ (ბაჩუ) ავალიანმა რომ არტ-აქცია ჩაატარა, ლილი ნუცუბიძის წერილებიც წამიკითხავს ... თეთრი ხიდი კი მაინც წარამარა „რემონტდება“ იაფფასიანი და უხარისხო მასალით თუ მდარე ტექნოლოგიის გამოყენებით. მერე გადაიხედავ და ... ორი კვირის თავზე ხელახლა დაუღიათ პირი ფიცრებს, ქვემოდან კი რიონის ტალღები იჭყიტება!... ეს იმიტომ , რომ დარწმუნებული ვარ, „თეთრი“ ხიდი ფულის გათეთრების იოლ გზად აქციეს, ბიუჯეტის შედგენისას მისი ხსენება შთამბეჭდავია, „ლუკმის“ ჩამოსატეხად კი - გემრიელი.  ისე, შვილო, მე თქვენს ადგილზე გამოვიკვლევდი - რამდენჯერ და რა თანხების ფარგლებში „შეაკეთეს“ თეთრი ხიდი, ვინ მოითბო ხელი მისი მეშვეობით... უნდა იცოდეს საზოგადოებამ ამ ვაი-მშენებლების გვარები!

გიორგი, 27 წლის, სტუდენტი„ თუ აკეთებენ, ბარემ ნორმალური გააკეთონ, ხომ შეიძლება, რამდენჯერ უნდა „დასკოჩონ“ ეს ხიდი ვერ გავიგე? მერიის ხალხს შეიძლება ტვინი არ აქვს, მაგრამ თვალში ხომ იხედებიან? რას გავს აქაურობა? ნუთუ ყველას ეშინია და ვერავინ უბედავს პრეზიდენტს თქმას: ჯერ არ დამთავრებულა მშენებლობა, რომ დასრულდება ბოლომდე, ხარისხიანად,  მერე მოდით და გახსენით გრანდიოზულადო?“

როდის მოხდება ხიდის ხელახალი აღდგენა კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, ანდრო მაღლაკელიძისაგან შევიტყობთ,

„მე ზუსტად არ ვიცი, მაგრამ, როგორც ამბობენ, თეთრი ხიდის ზედა საფარი არის გერმანული მასალა, პლასტიკატი.  მეც ვნახე ინტერნეტში , გამოყენებულია პრაქტიკაში, მაგრამ ამ შემთხვევაში არ გაამართლა, რადგან იქ არის ნესტიანი ადგილი, ქარმა და სიცხემაც დააზიანა, ან დამუშავება აკლდა, ან არ არის გათვლილი ასეთი ადგილებისთვის. მე მაქვს ნანახი სკვერებში და ბაღებში - ძალიან ლამაზი გადასასვლელები შეიძლება გაკეთდეს მსგავსი მასალისგან, თეთრი ხიდის შემთხვევაში კი არ ივარგა და ფაქტიც სახეზე გვაქვს! 2010 წლისთვის გვქონდა გათვალისწინებული ამ ხიდის სრული რეაბილიტაცია,  თანხებიც მოძიებული იყო, ხიდი მთლიანად უნდა გაკეთებულიყო. რამდენიმე ადგილზე გატეხილი და აცვენილი იყო, მისი დამუშავებაც არ ხერხდებოდა, სკდებოდა, ამიტომ იყო საჭირო სრული რეაბილიტაცია, მაგრამ ქარი და სტიქია დაემთხვა და მთლიანად აყარა.  ახლა მთლიანად ვცვლით ხიდს: აიღება,  რაც დაფენილია, ქვევით არსებული კონსტრუქციაც, უნდა გაიწმინდოს, რადგან არის ძველი ასფალტის და ბეტონის  ნარჩენები, ამის გამო ხიდი დამძიმებულია. ეს ყველაფერი გაიწმინდება, ახალი განლაგება მოხდება. ჩვენი სატენდერო მოთხოვნა იქნება ერთ-ერთი, რომ გარანტია იყოს 20-25 წელი.

2010 წელს ხიდების რეაბილიტაციისთვის გვქონდა გათვალისწინებული თანხები, დაახლოებით 200 ათასი ლარი. ეს ყველაფერი ბიუჯეტში არ იდო,  ნაშთებიდან და ა. შ.  იყო მოძიებული. გვქონდა საშუალება, გარკვეული თანხა დაგვეხარჯა, ჩვენ ახლა მარტო თეთრ ხიდს არ ვაკეთებთ, წითელი ხიდიც ცუდ მდგომარეობაშია, ასფალტის საფარი მთლიანად აყრილია და რიონი მოჩანს.

ჯაჭვის ხიდიც დაზიანებულია. მოაჯირები ცოტა ღირებული კი აქვს,დურალუმინია, მე ვფიქრობ მაინც ლამაზი იყო,  მაგრამ ამ ხიდს ძველი სახე მაინც არა აქვს, არქიტექტურის სამსახური ახლა აკეთებს პროექტს, თუ როგორი უნდა იყოს იგი.

რაც შეეხება თეთრ ხიდს, ორ თვეში ალბათ გავხსნით. ტენდერი უკვე გამოცხადებულია, იურიდიული საქმეები, ალბათ, მოგვარდება იმ კვირის ბოლოს, დაახლოებით 12-13 მარტამდე,

თეთრ ხიდს კვლავ ძველი იერსახე ექნება, უბრალოდ, საფარი შეეცვლება, ეს არ იქნება არც ასფალტი, არც პლასტიკატი, იქნება ხე, თანამედროვე ტექნოლოგიებით დამუშავებული, თერმულად, ქიმიური მინარევებით, რომელიც გაუძლებს წვიმას, სინესტეს, სიცხეს...“

საინტერესოა, რატომ არ გაითვალისწინეს წინასწარ ეს პრობლემები? ნუთუ ჩვენს ქალქს იმდენი თანხა აქვს ბიუჯეტში, რომ 3 წლიანი ძვირადღირებული პროექტები აფინანსოს?

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1716
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია