დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისელთა თვალთახედვა: რატომ გვჭირდება ევროინტეგრაცია?!
2011/02/14 12:11:57

საქართველო თავის გეოპოლიტიკურ ადგილს ევროპულ, ევროატლანტიკურ სივრცეში ხედავს და არა - ევრაზიულ ან პოსტსაბჭოთა სივრცეში. ვარდების რევოლუციის შემდეგ საზოგადოების უმრავლესობა ერთხმად აღიარებს, რომ რეფორმები ნამდვილად გატარდა თავისი დადებითი და უარყოფითი გამოვლინებებით. საქართველო სახელმწიფო გახდა, ოღონდ სახელმწიფო, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან შორსაა თავისი გეოპოლიტიკური არჩევანის ადეკვატური პოლიტიკური ფორმისგან და ამ ფორმის პოვნა გაცილებით უფრო რთული, შრომატევადი  აღმოჩნდა, ვიდრე 2003 წლის ნოემბერში ეჩვენებოდათ „რევოლუციონერებსაც“ და საქართველოს რიგით მოქალაქეებსაც.

 

ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას სჭირდება მოდერნიზაცია, მოდერნიზაცია კი გულისხმობს განათლებას და ინდუსტრიალიზაციას, რომელიც დემოკრატიისთვის აუცილებელ გარემოპირობებს წარმოქმნის. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანა და მიზანი ისახება გადასაჭრელად: რა დამატებითი ძალისხმევა, ენერგია, რესურსები და ფანტაზიის უნარია საჭირო, რომ ამგვარი ტენდენციები და შესაძლებლობები გაძლიერდეს? და კიდევ: რა დაჯდება ყოველივე ეს?

ხშირად ბევრი რამ ჩვენი დედაქალაქის მცხოვრებლების შეხედულებებისა და არჩევანის ჭრილში განიხილება, ხოლო სხვა ქალაქებში მცხოვრები საზოგადოების ინტერესები და მოსაზრებები, უმეტეს შემთხვევაში, არჩევნების დროს თუ ახსენდებათ ხოლმე. სწორედ ამიტომაც, ალბათ, საინტერესოა, რას ფიქრობენ კონკრეტულად ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით საქართველოს „მეორე დედაქალაქის“ მცხოვრებლები.

                          

ისტორიული პარალელები

 

ბაჩუკი ფერაძე, საერთაშორისო ურთიერთობების  შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი: „ქართველი კაცი მაინც ბუნებით აზიური მენტალობის მატარებელია. მიუხედავად ამისა, ქართველ მეფეებს, თუკი ისტორიას გავიხსენებთ, მუდმივად ჰქონდათ სწრაფვა ევროპისკენ. ამის ნათელი მაგალითია დავით აღმაშენებლის დროს ჯვაროსნულ მოძრაობაში მონაწილეობა, შემდგომ საქართველოს გადასარჩენად სულხან-საბა ორბელიანის მისია საფრანგეთში... ასე რომ, საქართველოსთვის უცხო არ არის ევროპული ტრადიციები, ევროპისკენ დაახლოების გზების ძიება, მაგრამ იმ გეოგრაფიულ არეალში, რომელშიც საქართველო მდებარეობს, მუდმივად იყო პრობლემები არაერთ დიდ სახელმწიფოსთან ჭიდილისას: ოსმალეთისა და სპარსეთის იმპერიები, XIX საუკუნიდან რუსეთის იმპერიამ ჩაანაცვლა...

20 წელი არც ისე დიდი დროა, რაც დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ. ეს ისტორიისთვის არაფერია, როცა 70 წელი ვცხოვრობდით ისეთ ეპოქაში, სადაც დემოკრატიის ნატამალიც კი არ იყო. ძალიან რთულია შუახნის ადამიანების გადართვა ახალ სისტემაზე, რადგანაც მათ უკვე ჩამოყალიბებული აქვთ ფსიქიკა და ასევე რთულია მათი აზროვნების შეცვლა. ძალიან ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ რა საჭიროა ევროპა და დემოკრატია, როცა საბჭოთა კავშირშიც მშვენივრად ცხოვრობდნენ, ჭამა-სმის, დასაქმების პრობლემა არ ჰქონდათ.

ჩემი აზრით, უპირველესი ევროპული ფასეულობა არის ადამიანისა და პიროვნების თავისუფლება. ჯერ კიდევ 1789 წლის საფრანგეთის რევოლუციის დროსაც და მანამდე 1640-42 წლებშიც, როდესაც დაიწყო დიდი რევოლუციური ტალღა, რომელიც მოედო მთელ ინგლისს, პირველი, რასაც აკეთებდნენ, იღებდნენ ადამიანის უფლებათა დეკლარაციას. ევროპის ისტორიიდან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაგალითი, რომელიც ევროპული ღირებულებების პატივისცემას ხაზს გაუსვამს, შემდეგია: როდესაც 1939 წელს   მეორე   მსოფლიო    ომი   დაიწყო,   გერმანელ   მფრინავებს   საფრანგეთის დაბომბვის დროს ჯიბეში რუკები ედოთ, რომელზეც კერძო საკუთრება იყო აღნიშნული და ისინი კერძო საკუთრებას არ ბომბავდნენ. წარმოიდგინეთ, ეს იყო ომის პირველ წლებში! ამგვარი დამოკიდებულება ათი და ოცი წლის განმავლობაში არ ჩამოყალიბებულა, ეს ყოველივე მათ საუკუნეების გამოცდილებამ მოუტანათ.

ჩვენს ქვეყანაში ძალიან მყიფეა სამოქალაქო საზოგადოება. უნდა ამაღლდეს ხალხის თვითშეგნება, ამისთვის კი საჭიროა, იყოს მუდმივი პროპაგანდა, თუ რა არის ევროპა და ევროპული ფასეულობები. ჩვენ თუ გვინდა, დავუახლოვდეთ ევროპას და ის კარგად გავითავისოთ, პირველ რიგში, უნდა ვაღიაროთ, რომ ყველა ადამიანი არის თავისუფალი პიროვნება და ისეთი დემოკრატია უნდა დამყარდეს, სადაც კანონის უზენაესობა იქნება. დემოკრატია არის მაშინ,  როცა მოქალაქე პატივს სცემს კანონს და პირიქით - კანონი პატივს სცემს მოქალაქეს.

დღეს საქართველო  ევროპისკენ დგამს ნაბიჯებს, მაგრამ არც კონსტიტუცია და არც კანონმდებლობა არ არის იმ დონეზე, რომ თამამად ვთქვათ: ჩვენ მზად ვართ ევროინტეგრაციისთვის. ამას ყოველივეს დრო სჭირდება. იმედი მაქვს , რომ ამ ფუნქციას თავის თავზე ახალი თაობა აიღებს და კარგადაც შეასრულებს, რადგანაც დღეს ტექნოლოგიებისა და ინფორმაციების სამყაროში ეს გაცილებით მარტივად მისაღწევია.“

 

რატომ - ევროპა?

 

გია ცაცაშვილი, ორგანიზაცია „on the guard of democracy“ წევრი: „საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპასთან ინტეგრაცია, რამდენადაც ჩვენ თვით იდენტიფიკაციას ვაკეთებთ სწორედ ევროპასთან. ყოველ შემთხვევაში პოლიტიკით, თუ სრულიად მენტალიტეტით არა. ჩვენთვის ევროპა არის, პრაქტიკულად, შუალედური და ძალიან მისაღები მმართველობის და ცხოვრების ფორმა, თუ სხვადასხვა კონტინენტის მმართველობასა და ცხოვრების წესს შევადარებთ მსოფლიოში. როგორ უნდა გავხდეთ ევროპული ნაწილი, ამისთვის, ჩემი აზრით, უნდა მოხდეს სამოქალაქო განათლების გაძლიერება, იმის ახსნა, თუ რა არის ევროპა და რას ვგულისხმობთ ამ ტერმინოლოგიის ქვეშ. იმიტომ რომ, ევროპა არ უნდა იყოს ობივატელის დონეზე დაყვანილი, რომ ევროპა, უბრალოდ, კარგია და მასთან მხოლოდ ხარისხიანი ტანსაცმელი, მოგზაურობა და საინტერესო ადგილების მონახულება ასოცირდება. ევროპა არის ასევე მენტალიტეტი და თუკი მენტალიტეტი და ეს უპირატესობები არ გავიცანით, არ ვუთხარით საზოგადოებას, რატომ და რომელი კონკრეტული ღირებულებაა საქართველოში პრაგმატულად მომგებიანი, სხვანაირად არანაირი ინტეგრაცია არ იქნება. მეორე, - ჩვენი გეოპოლიტიკური აუცილებლობაა, რადგანაც ძალიან რთული გეოპოლიტიკურ სივრცეში ვიმყოფებით, რეგიონში არის რუსული ინტერესები და ვიცით, რომ ეს ინტერესები დესტრუქციულია საქართველოსთან მიმართებაში. ასევე არის ინტერესები დასავლეთის მხრიდანაც. ყველაზე ახლო ბლოკპოსტი ჩვენთვის ევროპაა. შესაბამისად, ჰარმონია უნდა იყოს ევროპასთან მიმართებაში. ეს კარგად უნდა ავუხსნათ ჩვენს საზოგადოებას. მე მივიჩნევ, რომ ევროპასთან მენტალიტეტითაც ძალიან ახლოს ვართ და განათლებითაც. ჩვენი ტოლერანტულობითაც, გვინდა თუ არ გვინდა, საქართველოს ისტორიაში ბევრი რეციდივი ყოფილა, რომელიც კითხვის ქვეშ აყენებს რაღაც-რაღაც ნიუანსებს, თუნდაც ტოლერანტობასთან მიმართებაში, მაგრამ მაინც შინაგანად ტოლერანტი ერი ვართ და ამის დასამტკიცებლად გვჭირდება მეტი. მუდმივი ლტოლვა განათლებისა და მაღალი კულტურისადმი.“

 

რა უნდა გადმოვიღოთ ევროპელებისაგან?

 

არჩილ სხვედიანი, გერმანული ენის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი: „ევროპული ცხოვრების მოდელში ადამიანები მრავალფეროვნებაში არიან გაერთიანებული, თუმც ყველა ინარჩუნებს თავის ეროვნულობას. ევროკავშირი დღევანდელ დღემდე რომ მოსულიყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ამისთვის საკმაოდ ინტენსიური სამუშაოები ჩატარდა და 50-60 წელი დასჭირდა,  რომ დაახლოებით 500 მილიონამდე ადამიანი გაერთიანებულიყო. XXI საუკუნის დასაწყისიდან დღემდე კი სოციალურ ქსელში „facebook“-ში,  დაახლოებით 550 მილიონი ადამიანი არის გაწევრიანებული, ამით შეიძლება ვთქვათ, რომ, ადამიანები მუდმივად ახლის ძიებაში ვიქნებით, მიუწვდომელი და მიუღწეველი არაფერია და თანაც - თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში. თუ სწრაფად გვინდა ევროპასთან დაახლოება, ამისთვის აქცენტები უნდა გაკეთდეს ახალგაზრდობაზე, თუმც ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა თაობის წარმომადგენლები უიმედო პაციენტები არიან. ევროპაში ნებისმიერი ასაკის ადამიანი ახლის ძიებაშია, მთავარია, ამის სურვილი ჩვენთანაც გაჩნდეს, რომ ადამიანები მუდმივად ეძიებდნენ და საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობდნენ.

თუ შედარებებს გავაკეთებთ ქართულ და ევროპულ საზოგადოებასთან მიმართებაში, თვალშისაცემია ის, რომ საქართველოში ნაკლებად არის გონებაში მოძრაობა, ძალიან არიან ადამინები ფიქსირებული ერთ ადგილზე, ტრადიციულ ღირებულებებზე. ტრადიციას შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ როცა ერთ ადგილზე ხარ მიბმული, ძალიან რთულია, წინ წახვიდე განვითარების კუთხით, თუმც ხშირ შემთხვევაში, რომ დაუსვა კითხვა, ტრადიციული ღირებულებები რა არისო, შეიძლება ვერ გიპასუხონ. საქართველოში რელიგიურ თემაზე საუბარი აკრძალულია, ქართველები არიან ნაკლებად ტოლერანტულები, ნაკლებად აინტერესებთ სხვა რელიგიური მრწამსის მქონე ადამიანის მოთხოვნები და უფლებები, ევროპაში ამ საკითხს სხვაგვარად უყურებენ და არავინ არ გეკითხება, რომელი შეხედულებისა და რელიგიის მიმდევარი ხარ.

კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისება: ქართველები არიან, პირველ რიგში, ტვინში ზარმაცები. აქედან იწყება გონების სიზარმაცე და ყველაფერი. ევროპიდან უნდა გადმოვიღოთ შრომისმოყვარეობა, დისციპლინა.

პირველი ღირებულება, რომელიც ჩემთვის ევროპასთან ასოცირდება, არის განათლება, რადგანაც ჩვენ საბჭოთა კავშირის ჩრდილში დიდი ხანი ვცხოვრობდით და ხშირ შემთხვევაში განათლება დიპლომთან, ქარხანაში დასაქმებასთან და შემდეგ მიღებულ სტაჟთან ასოცირდებოდა, სინამდვილეში კი ეს ასე არ არის. ევროპაში მეტი განათლებაა, რასაც შემდგომ მოაქვს ინფორმაციისადმი მეტი დამოკიდებულება. ავტომატურად ვითარდება ამის ფონზე ის, რომ მეტია საზოგადოების პასუხისმგებლობა, პატივისცემა ადამიანების მიმართ.

ჩემი გამოცდილებით ვსაუბრობ, ევროპაში ყველა ცდილობს, გარკვეულწილი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე. იქ არ არის, რომ ვიღაც უნდა მოვიდეს და გააკეთოს საქმე! ჩვენ ნუ ვიტყვით, რომ მარტო ერთმა ხელისუფალმა, ერთმა ჟურნალისტმა ან ერთმა პედაგოგმა აკეთოს საქმე და დანარჩენმა უნდა ვუყუროთ“.

როგორც გამოკითხვიდან გავარკვიეთ, ევროპისადმი და მისი ფასეულობებისადმი ჩვენი ქალაქის საზოგადოების დამოკიდებულება სხვადასხვა ასაკიდან გამომდინარე სხვადასხვაგვარია, თუმც ყოველივე ამის შესახებ თავად მათ მოვუსმინოთ:

 

რას ფიქრობენ ახალგაზრდები?

 

მაია, 21 წლის, სტუდენტი: „ჩემთვის ევროპა კარგ სწავლასთან და შემდგომ ჩვენს ქვეყანაში მაღალანაზღაურებად სამსახურთან ასოცირდება, რადგანაც იქ ნასწავლი ადამიანები აქ დიდ წარმატებებს აღწევენ, მეც მიმაჩნია, რომ იქ მიღებული განათლება გაცილებით უფრო კარგია, ვიდრე ჩვენთან და მათ დიდ კონკურენციას ვერ გავუწევთ“.

გიორგი, 20 წლის, სტუდენტი: „ძალიან მომწონს ჩვენი ტრადიციები, თუმც მივიჩნევ, რომ აუცილებლად უნდა შეიცვალოს ბევრი რამე, თუნდაც ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში... ნაკლებად უნდა ერეოდნენ მშობლები ზრდასრული ადამიანების ცხოვრებაში და მეტი დამოუკიდებლობა უნდა მოგვცენ, მაგრამ ისიცაა, როდესაც ფინანსურად დამოუკიდებელი არ ვართ და მშობლები გვარჩენენ, მათი კონტროლიც უფრო მეტია“.

ნინო, 28  წლის: „ევროპა ჩემთვის ასოცირდება დამოუკიდებელ ცხოვრებასთან, როდესაც ოჯახზე ნაკლებად  ხარ დამოკიდებული და ამავე დროს ფინანსურადაც დამოუკიდებელი ხარ. რამდენიმე წელი გერმანიაში ვცხოვრობდი და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, რასაც გამოვყოფ, ის არის, ჩვენ ნაკლებად ვიცით დროის ფასი, იქ ყველაფერი გაწერილი აქვთ. ქართველის გადასახედიდან ეს ცოტა წარმოუდგენელია, რამდენიმე დღით როგორ უნდა დაგეგმო რამე და სტუმრობაზე წინასწარ როგორ უნდა შეუთანხმდე ნათესავს ან კიდევ მეგობარს, მაგრამ როდესაც ყველაფერი სამუშაოს მიხედვით გაქვს აწყობილი და ამ დროს სხვისი ცხოვრების წესსაც პატივს სცემ, ალბათ, ეს ყველაფერი უცნაურად არ მოგვეჩვენება.“

მანანა, 46 წლის, დიასახლისი:  „რა ვიცი, შვილო, ყველა ამბობს, იქ ვინც ცხოვრობს, კარგი ცხოვრება არისო. თუ დავაკვირდებით და რაღა დაკვირვება უნდათ - ვინც წავიდა, უკან თითქმის აღარავინ დაბრუნებულა, ვინც დაბრუნდა აქაურობას ვერ ეგუებიან და კვლავ წასვლა უნდათ - ეტყობა, ჩვენს ცხოვრებას ბევრად სჯობია.“

გივი ნამიჭეიშვილი, 68 წლის:            „რა ევროპაზეა საუბარი, როდესაც ყოველდღიურ თავის გატანაზე გვიწევს ფიქრი, მგონი, ევროპაში ხალხს არ შია, ჩვენგან განსხვავებით და ამდენი ღარიბიც არ არის, როდესაც ეს პრობლემა მოგვარდება, ალბათ, მერე ხალხიც უფრო მეტად იფიქრებს სხვა საკითხებზე“.

ოთარ შენგელია, 58 წლის: „ევროპა ზოგადად ჩემთვის ასოცირდება შრომასთან და ადამიანის პატივისცემასთან, მიუხედავად იმისა, თუ სად მუშაობს ის... ჩვენთან ბევრი საქმის შესრულება სათაკილოა, თუნდაც ეს სამუშაო მართლა გვჭირდებოდეს. ეს დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს. ბევრი ვიცი აქედან წასული, იქ რომ არაფრის გაკეთებას არ თაკილობს, ოღონდ ფული იშოვოს.“

გერმანელი სოციოლოგის ჰელმუტ პლესნერის „დაგვიანებული ერის“ ცნებას თუ მოვიშველიებთ, მართლაც დავაგვიანეთ,  თუმც ეს დაგვიანება რა ფასადაც არ უნდა დაგვიჯდეს, მისგან გამოწვეული კულტურული თუ საგანმანათლებლო ზარალი უნდა ავინაზღაუროთ. გზა საქართველოდან ევროპამდე გასავლელია, თუმც ეს ყველაფერი სახელმწიფოს გონივრული პოლიტიკის, თითოეული მოქალაქის კეთილი ნებისა და დიდი სურვილის გარეშე წარმოუდგენელია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1820
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია