დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთის რეგიონის ტურისტული მარშრუტები
2011/02/07 14:02:39

საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ არაერთხელ დაწერილა და ეს ფაქტი ჩვენი პრეზიდენტის თავმომწონეობის ერთ-ერთი ძირითადი საბაბია. 2010 წელს, წინა წლებთან შედარებით, 38%-ით გაიზარდა საქართველოში ჩამოსულთა რაოდენობა და ამ მაჩვენებელმა 2 მილიონს მიაღწია. ტურიზმის განვითარების მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს ბათუმში, მესტიაში, სიღნაღში და ბოლო ხანს ჩვენი ქალაქის შემოგარენშიც დაიწყო ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით.

 

რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტის ქუთაისში ვიზიტმა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოაქცია სათაფლიისა და პრომეთეს მღვიმეები. იმერეთის რეგიონის ძირითად ტურისტულ ობიექტებად ამჟამად სწორედ ეს განახლებული „სანახაობები“ მოიაზრება. 2010 წლის განმავლობაში ქუთაისს ეწვია 150 000-ზე მეტი ტურისტი, რომელთა, სავარაუდოდ (ზუსტი მონაცემი არ არსებობს), 35-40% უცხოელია. მათგან მხოლოდ 2/3-მა გაატარა ღამე ქუთაისში (საშუალოდ ერთი ან ორი ღამე).

ქუთაისში რომ ტურისტული ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული არ არის, ამას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც არ უარყოფენ.

საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრებით, ტურიზმის განვითარებისთვის რეგიონში უნდა არსებობდეს შემდეგი კომპონენტები:

1. ღირსშესანიშნაობები და თავისუფალი დროის გატარებისთვის შესაფერისი ადგილები;

2. მიღებისა და მომსახურების ინფრასტრუქტურა (დაბინავებისა და კვების ადგილები);

3. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და მომსახურება.

4. მოგზაურობების ორგანიზება (ტუროპერატორები, ტურისტული სააგენტოები, გიდები);

5. ტურისტული პროდუქციის წინ წამოწევა და ტურისტული ინფორმაციის სამსახურის არსებობა (ინფორმაცია ტურისტებისთვის იმაზე, თუ რა შეუძლიათ ნახონ, ან როგორ გაატარონ დრო ამ კონკრეტულ ადგილას).

აღნიშნული ჩამონათვალიდან ქუთაისში ამჟამად მხოლოდ კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობის ღირსშესანიშნაობებია, თავისუფალი დროის გატარებისთვის შესაბამისი ადგილები, რაც ჩვენთანაა, არ ვიცი,

უცხოელებს რამდენად დააინტერესებს. სხვა პუნქტებში ჩამოთვლილი მოთხოვნების განხორციელება კი მომავალ წლებში იგეგმება.

როცა სათაფლიისა და პრომეთეს მღვიმეები მთელი დატვირთვით ამოქმედდება აპრილიდან, ტურისტების რაოდენობაც გაიზრდება. ასევე გაიხსნება სასტუმრო „ქუთაისი“ და ეს ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის განვითარებას. ბიუჯეტში გათვალისწინებულია ხარჯები საინფორმაციო სააგენტოების შესაქმნელად, იმისთვის, რომ აქ ჩამოსულ ადამიანს არ მოუწიოს ქუჩაში გამვლელებისგან ინფორმაციის მიღება,“ - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ქუთაისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა კოტე ჭარხალაშვილმა.

ქუთაისის 2011 წლის ბიუჯეტში ქალაქში ტურიზმის განვითარების პროგრამისთვის გამოყოფილია 48 000 ლარი. გათვალისწინებულია მხოლოდ ერთი საინფორმაციო ცენტრის შექმნა და მისი აღჭურვილობის შესაძენად დაიხარჯება 6120 ლარი. სად განთავსდება შენობა და წლის რომელ პერიოდში მოხდება ამ პროექტის განხორციელება, ამის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებას ინფორმაცია ჯერ არ აქვს.

იმის შესახებ, თუ რა მოგება მიიღო ადგილობრივმა ბიუჯეტმა 2010 წელს ქუთაისში ტურისტების ჩამოსვლის შედეგად, ინფორმაცია ჯერ არ არის ცნობილი და ამ საკითხს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები განიხილავენ.

ძირითადად, 2010 წელს მოთხოვნა იყო ისტორიულ-კულტურულ, ფეხით სასიარულო და ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის მარშრუტებზე. გასულ წელს, პოლონელების დაფინანსებით, გაიხსნა ორდღიანი ტურისტული, ფეხით გასავლელი მარშრუტი, რომელიც წყალწითელას სათავიდან იწყება და მოიცავს საკაჟიას გამოქვაბულს, მოწამეთას კომპლექსს და ცუცხვათის 13 სართულიან მღვიმეს.

ადგილობრივი მთავრობა გეგმავს, ქუთაისის შემოგარენის ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო გამოფენების მეშვეობით გააცნოს ისრაელის, უკრაინისა და პოლონეთის მოსახლეობას და ამით გაზარდოს ჩვენი ბიუჯეტის შემოსავლები.

ბავშვური ლოგიკის თანახმად (იხ. 29 იანვრის გადაცემა „ეკივოკი“ ტ/კ „რუსთავი-2“-ის ეთერში) ტურისტი არის ადამიანი, რომელსაც ქართველები ფულის დახარჯვაში ეხმარებიან... და ნეტავ, ქუთაისელები, შევძლებთ ამ საპატიო სამსახურის გაწევას ჩვენივე ეკონომიკური კეთილდღეობისთვის?

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3819
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია