დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაყინული დევნილები
2011/02/07 13:39:07

სუსხიანი ზამთრის გატარება თბილ და კომფორტულ სახლში არაჩვეულებრივია და სამი თვის მანძილზე ხალისობ. მაგრამ როგორ ატარებენ ზამთარს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულები?

 

თამარ უგულავა, 87 წლის, ბელორუსიის ქუჩაზე, ბაგა-ბაღში მცხოვრები დევნილი: „შვილო, რთულ და გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობთ. ორი წლის წინ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ვამბობ, რომ პირუტყვებივით შემოგვყარეს, ვითომდა გარემონტებულ შენობაში. წყალი არ მოდის, აბაზანაში ერთმანეთს ვაბანინებთ ხელს. კი, გაარემონტეს, მაგრამ არ ვართ კმაყოფილები. კედელი გაიბზარა, წვიმის დროს ფანჯრებიდან შემოდის წყალი. გათბობა არ გვაქვს და უმოწყალოდ ვიყინებით ზამთარში. ჩვენი მთავრობა დაგვპირდა, პრობლემებს მოგიგვარებთო, თუმცა კი ხედავთ, რა დღეშიც ვართ. პატარა ოთახში ორი ავადმყოფი ვცხოვრობთ, პენსიის მეტი შემოსავალი არაფერი გვაქვს და მაგიც წამლებისთვის ძლივს გვყოფნის. ააშენა ღმერთმა, აგერ ჩვენი გადამრჩენი მოვიდა! აი, შეხედეთ ყმაწვილებო, ნათესავმა სამოწყალოდ გამათბობელი მოგვიტანა. ამით შეიძლება, როგორმე კი გადავიტანოთ ზამთარი.“ (ტროლეიბუსისთვის განკუთვნილმა, გადაკეთებულმა, ძველმა გამათბობელმა იმდენად გაახარა ეთერ ბებო, რომ სამადლობელი სიტყვები აღარ ჰყოფნიდა გულკეთილი ნათესავისადმი.)

ავთო ახვლედიანი, თაბუკაშვილის ?6-ში მდებარე შენობაში მცხოვრები, დევნილი: „უამრავი პრობლემა გვაქვს, სახურავიდან ჩამოდის წყალი. საპირფარეშოში საშინელი მდგომარეობაა, კანალიზაცია გავსებულია, მზიან ამინდში მყრალი სუნი დგება და იქ გავლა შეუძლებელია. 12 კვადრატული მეტრი ფართი გვაქვს და შეუძლებელია აქ ცხოვრება. ერთ ოთახში საჭმელს ვაკეთებთ, სტუმარს ვიღებთ და ვწვებით კიდეც. წლევანდელი ზამთარი აუტანელია, ფაქტიურად, ვიხოცებით სიცივით. ცოდვას ვერ ვიტყვი, მოიტანეს შეშა, მაგრამ არ გვყოფნის.“

დევნილი ქალბატონი, ?6-ში მდებარე შენობაში მცხოვრები, სახელი და გვარი არ გაგვიმხილა: „როდესაც რემონტის თაობაზე იმერეთში ლტოლვილთა სამინისტროს მივმართავთ, ტკბილი და მშვიდი სიტყვებით გვისტუმრებენ. ისინი გვაიმედებენ, მალე შეგიკეთებთო, მაგრამ დღემდე უმოწყალოდ ვართ. თვითონ, როცა, რაიმე დასჭირდებათ, კი მოდიან, სხვა დროს თავს არ იწუხებენ. ერთხელ მოვიდნენ ვიღაცეები, გადაიღეს სურათები და გვითხრეს, გარემონტდება თუ არა, პასუხს მალე შეგატყობინებთო. იმის მერე არავინ გამოჩენილა.

გათბობის მხრივ ცოტა არაგვიშავს, გაზი არ გვაქვს, მაგრამ სამინისტრო შეშას გვაძლევს და იმით ვთბებით“.

ესენი მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ადამიანებისა, ვინც კომპაქტურ ჩასახლებებში, აუტანელ პირობებში ცხოვრობენ. ჩვენ გვინდოდა, გავსაუბრებოდით კიდევ რამდენიმე ოჯახს, მაგრამ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

  გაზეთმა „P.S.“-მა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველოს უფროს დავით აფციაურთან გასაუბრება სცადა, თუმცა უშედეგოდ. ცხადია, ბატონი დავითი ადგილზე დაგვხვდა, მაგრამ პირადად კაბინეტში არ მიგვიღო. რამდენიმე მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა, მდივნის დახმარებით, აფციაურისგან მოკლე სიტყვიერი კომენტარი გამოვიტანეთ, რომელიც სამმართველოს პოზიციას მიაწერა. გთავაზობთ ჩვენთვის და, ალბათ დევნილებისთვის, დახურული კაბინეტიდან, დავით აფციაურის კომენტარს: „ბელორუსიის ქუჩაზე, მდებარე გარემონტებული ბაგა-ბაღის შენობა დევნილებს ერთი წლის წინ საკუთრებაში გადაეცათ და ამჟამად ისინი კერძო მფლობელები არიან. ამიტომ, თავად უნდა მოუარონ შენობას. ხოლო, რაც შეეხება თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ ლტოლვილებს, შეუძლიათ, განცხადებით მოგვმართონ და მათი პრობლემები განიხილება, რომლის შემდეგ, რასაკვირველია, დავეხმარებით!“

  აი, თურმე, რატომ ამბობენ, გულნატკენი დევნილები, დაპირებებით გვისტუმრებენო. ჰოდა, აი, კიდევ ერთი დაპირებაც დაკეტილი კაბინეტიდან.

 

მაკა გასაშვილი

ნოდარ ჯოჯუა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1697
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია