დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისური ბიუჯეტის საეჭვო „ნაფოტები“
2011/01/31 12:44:48

ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებსო, ამბობდა ერთ თანამედროვე პოეტი. ისეთი ფრაზაა, ზუსტად ქართულ რეალობას რომ შეეფერება.  

შეიძლება, ვერც ქუთაისის 2011 წლის ბიუჯეტმა გაგაოცოთ, მიუხედავად იმისა, რომ ციფრებში ბევრი უზუსტობა და შეუთავსებლობაა. ქალაქში ამ წლის განმავლობაში სხვადასხვა პროგრამებსა თუ ღონისძიებებზე დაიხარჯება 35 556 000 ლარი. ამ თანხიდან 8 447 700

ლარი გამოყოფილია დასვენების, კულტურისა და სპორტის სფეროსთვის, ხოლო სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებისთვის მხოლოდ 1 მილიონ 778 100 ლარი.

 

საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე, როცა ბიუჯეტის გეგმას განიხილავდნენ, ქალაქისთვის პრიორიტეტად სოციალური სფერო დაასახელეს, თუმცა, ციფრები უკეთ ასახავს, რას მიენიჭა უპირატესობა და რას - არა. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო, ხომ გაგიგონიათ. ჰოდა, დიდხანს რომ არ ვყოფილიყავი გაკვირვებულ-გაოცებული, კომენტარისათვის საკრებულოს თავმჯდომარეს, ამირან ხვადაგიანს მივმართე. და... რაც შევიტანე, ისევ ის გამოვიტანე: „ქალაქში კულტურა და სპორტი ნამდვილად წარმატებულია, ჩვენ გვინდა მათ განვითარებას დავეხმაროთ. 8 447 700 ლარში შედის განათლების სფეროს დაფინანსებაც, შესაბამისად, ეს ციფრი სრულიად რეალურია. რაც შეეხება სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს, იმ თანხებით, რაც ბიუჯეტშია გაწერილი, შევძლებთ დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ ფენას,“ - დიახ, რაც გამოვიტანე, სულ ესაა.

არადა, განათლების სფეროსთვის ცალკე გამოყოფილია 5 472 500 ლარი!

კიდევ ერთი საყურადღებო დეტალი, რომელიც მაშინ შევამჩნიე, როცა ფურცელზე გადატანილ ბიუჯეტს მთელი გულისყურით ჩავკირკიტებდი, ის არის, რომ სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები დეტალურად არის აღწერილი, ყველა პუნქტი განხილულია, მაგრამ კულტურის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდული და სპორტის ღონისძიებებისთვის გამოყოფილ ფინანსებზე მხოლოდ მოკლე ინფორმაციას გვაწვდიან...

ლოგიკურად ჩნდება კითხვა: რატომ? იქნებ იმიტომ, რომ „დიდ ხეს დიდი ნაფოტი სცვივა?“

„ზოგი საგანია, რომ თუ არ დაინახე, ვერ ირწმუნებ და ზოგი კი იმისთანა, თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ,“ - ამბობდა ილია ჭავჭავაძე. ჰოდა, რომ ვერ დავინახეთ ქუთაისური კულტურისა და სპორტის წარმატებები გასულ წლებში, იმიტომ ვეღარ ვირწმუნეთ, ამდენი თანხა სამართლიანად  რომ  გამოუყო ადგილობრივმა თვითმმართველობამ ამ სფეროს.

ალბათ, გაჩნდება საწინააღმდეგო აზრი - დახმარება და დაფინანსების გაზრდა სჭირდება და უკეთეს შედეგს მიაღწევენო, მაგრამ, იქნებ, მიზნობრივად არ იხარჯება გამოყოფილი თანხები და ამიტომაც ვერ ვიღებთ სასურველ შედეგს? ამის განმკითხავი კი არავინ არის ჯერჯერობით.

ბიუჯეტის უფრო დაწვრილებით ანალიზს კი მომდევნო ნომრებში შემოგთავაზებთ. წინასწარ მინდა გითხრათ, რომ ბევრი ისეთი რამ შეიძლება წაიკითხოთ, საკუთარ თვალებს არ დაუჯეროთ. დაგველოდეთ!

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1625
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია