დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ეს ერთი წელი
2011/01/20 14:00:03

რამდენიმე დღე და კიდევ ერთი წელი შეუერთდება წარსულს მცირე თუ დიდი პრობლემით, პატარ-პატარა მოულოდნელი თუ მოსალოდნელი, სასიამოვნო თუ უსიამოვნო განცდებით დატვირთული. თუმცა 2010 წელზე თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ საინტერესო წელიწადი იყო.

 

გაზეთი „P.S.“ მთელი წლის განმავლობაში თვალს ადევნებდა ჩვენს გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ყურს უგდებდა მკითხველის მაჯისცემას, ცდილობდა, არ ჩამორჩენოდა მოვლენათა სწრაფ რბოლას, მაქსიმალურად ეხმიანებოდა აქტიურ პრობლემებს, საინტერესო თემებს თუ როგორ გამოგვივიდა, ამ ყველაფერს თქვენ, განვლილი ერთი წლის განმავლობაში, ყოველ კვირას ეცნობოდით და აფასებდით.

წლის ბოლოს კი გასული წლის ყველაზე მნიშვნელოვანი თემებისა და მოვლენების მცირე კოლაჟს კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ და თქვენთან ერთად გადავავლებთ თვალს 2010 წელს.

 

წლის ადამიანად, როგორც მთელს საქართველოში ასევე ქუთაისშიც, ერთხმად აღიარეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II და გამოკითხულთა უმრავლესობაც ნდობას დედა ეკლესიას უცხადებს.

ამ კუთხით 2010 წელი ქუთაისში იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ბაგრატის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები, მწვავე დებატების შემდეგ, კვლავ განახლდა. ტაძარი პირვანდელ სახეს, არსებული მონაცემებით, 2012 წლისათვის მიიღებს.

 

პოლიტიკა და ქუთაისი

2010 წელი მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებით დაიწყო „გამარჯვების მემორიალის“ ნგრევას შეწირული გუბერნატორის - მიხეილ ჩოგოვაძის ადგილზე საქართველოს პრეზიდენტმა იმერეთის ახალ გუბერნატორად ლაშა მაქაცარია დანიშნა. აღნიშნული ცვლილება პრეზიდენტმა იმერეთში „ახალი სისხლის“ საჭიროებით ახსნა.

პოლიტიკურ მოვლენებს თუ დავნომრავთ, მეორე ადგილი თავისუფლად შეიძლება მიენიჭოს 31 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რომელშიც მსგავსად საქართველოს სხვა რეგიონებისა, ასევე ქუთაისელ ამომრჩეველთა უმრავლესობის მხარდაჭერით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. ქუთაისის ათივე მუნიციპალურ ოლქში „ნაც. მოძრაობის“ კანდიდატი გავიდა და საკრებულოც უმრავლესობით 21+4 დააკომპლექტეს. „ქუთაისის რჩეულებმა“ ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი მერობის ერთადერთ კანდიდატს - ჩვენს გია თევდორაძეს.

მესამე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მოვლენა ქუთაისში პარლამენტის მშენებლობის დაწყება იყო.

ახალი წლის წინა პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასშტაბური სპეცოპერაცია განახორციელა: დააკავა ქუთაისელი მეწარმეების 18 კაციანი ჯგუფი და საგადასახადო სამსახურის წარმომადგენლები: გელა მშვენიერაძე და გიორგი გიორგაძე. დაპატიმრებულებს ბრალი აღურიცხავი საქონლის რეალიზაციასა და ქრთამის მიცემა - აღებაში ედებათ. მათ 15 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

 

მთავარი პრობლემები და პრიორიტეტები:

მიუხედავად იმისა, რომ 2010 წელი ქუთაისში   საწარმოს   გახსნით   დაიწ-ყო  და  რამდენიმე  სამუშაო  ადგილიც შეიქმნა, მეორე  დედაქალაქში უმთავრეს პრობლემად კვლავ უმუშევრობა რჩება. ინდუსტრიის ქალაქში ინდუსტრიის კიდევ უფრო განსავითარებლად ინდოელმა ინვესტორებმა, ქართველებთან თანაპარტნიორობით, მეტალურგიული ქარხანა აამუშავეს. „ჰერკულესის“ აღდგენა - ფუნქციონირებისათვის 30 მილიონი დოლარი გამოიყო. საწარმოში 500  ადამიანი  უნდა  დასაქმებულიყო,  ამათგან  50%  ინდოელი  მუშახელი იქნებოდა. რეალურად კი, იშვიათად თუ ნახავთ ამ ობიექტზე დასაქმებულ ქუთაისელს.

ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა ქუთაისის წყალმომარაგებაც. მიუხედავად არაერთი დაპირებისა, 24 საათიანი წყალმომარაგების ნაცვლად კვლავ 5 საათიანია (ბევრ ქუჩაზე წყალი ყოველდღე კი არა, 48 საათში ერთხელ მიდის 5 საათით).

წლის დასაწყისში ატეხილი აჟიოტაჟის მიუხედავად, მეორე დედაქალაქში არსებული ნაგავსაყრელის პრობლემა კვლავაც მოუგვარებელი რჩება. მოსახლეობასთან ერთად ხელისუფლებაც აღიარებს, რომ პრობლემა არსებობს და საშიშია, თუმცა მისი მოგვარების გზებზე არაფერი თქმულა. არა, თქმით კი ითქვა, რომ იტალიური კომპანია „მწვანე ქალაქის“ ფონდის ფარგლებში, ნიკეას ნაგავსაყრელზე ააგებდა ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხანას, თუმცა გაკეთებით ამ დრომდე არაფერი გაკეთებულა და ნიკეას ნაგავსაყრელი კვლავ ნომერ მესამე პრობლემად რჩება.

 

გახსნა, გახსნა და კვლავ გახსნა!

გასული წელი ქუთაისში მცირე საწარმოებს თუ რეაბილიტირებული შენობების გახსნით ნამდვილად გამოირჩევა. თუმცა ერთი უცნაური ტენდენცია დამკვიდრდა: ერთი და იგივე ობიექტი იხსნება ერთხელ, ორჯერ და, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სამჯერაც კი.

ჩვენს ქალაქში გადმოტანილი კონტროლის პალატის და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ახალი შენობა მაისის ბოლოს თვით პრეზიდენტმა გახსნა. პრეზიდენტმა პირველად ვერ მოახერხა, თუმცა მეორედ კი ნამდვილად შეძლო პრემიერ-მინისტრის მიერ ორმაისობასთან დაკავშირებით გახსნილი, რეაბილიტირებული რკინიგზის შენობის გახსნა. სამაგიეროდ, პირველმა გახსნა რეაბილიტირებული უბნის მშვენება - ოპერისა და ბალეტის თეატრის ფასადი, თუმცა დაუსრულებელი სამუშაოების გამო, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს გრანდიოზული გახსნის მცირე პრეზენტაცია იყო და სრულყოფილი ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წითელ ლენტს ამჯერად საბოლოოდ, უახლოეს დღეებში გაჭრის. ისეთი პირი უჩანს, გასახსნელი 2011 წელსაც ბევრი იქნება.

 

განათლება

წლის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გადადგომა. ოფიციალური ვერსიით, გიორგი ონიანმა წასვლა თვითონ მოისურვა, თუმცა, კულუარული ინფორმაციით, მას განათლების სამინისტროდან პირდაპირ მოსთხოვეს, განცხადება დაეწერა და თანამდებობა დაეტოვებინა. რექტორს თანამდებობა, სამეცნიერო საბჭოს ერთსულოვანი მხარდაჭერით, ერთადერთმა კანდიდატმა - გიგა ღავთაძემ დაიკავა.

სულ ახლახან კი სოხუმიდან დევნილი სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი აკაკი წერეთლის უნივერსიტეტს შეერწყა და შეენივთა. განათლების სფეროში მნიშვნელოვანი აღმოჩენაა სასწავლო პროცესისათვის ესოდენ საჭირო - მანდატურების პროექტის განხორციელებაც. „მშვიდობის მტრედების“ ნაწილი ქუთაისის საჯარო სკოლებში უკვე მუშაობენ, ნაწილი კი იანვრიდან შეფრინდებიან.

მნიშვნელოვანი სკანდალი, რომელიც საგანმანათლებლო სისტემას უკავშირდება 24 ნოემბრს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ ქუთაისის 9 საბავშვო ბაღში ჩატარებული ოპერაციაა. მძიმე დანაშაულის ბრალდებით 13 ქალი  დააკავეს, მათ შორის - 6 დირექტორი, დანარჩენი - ბუღალტრები. დაკავებულებს ბრალად ედებათ 2 წლის განმავლობაში კვებისათვის გამოყოფილი, დაახლოებით 2 მილიონი ლარის მითვისება.

ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეც დიდ გაურკვევლობაში აღმოჩნდა - მასში განთავსებული 18 კულტურულ - საგანმანათლებლო სექტორი დროებით ქალაქის სხვადასხვა დაწესებულებაში გაანაწილეს.  ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შენობა სარემონტო სამუშაოებისათვის დაიცალა, არაოფიციალური ინფორმაციით კი, აქ კონტროლის პალატა, იუსტიციის სახლი, ან, შესაძლოა, სულაც სასტუმრო განთავსდეს.

 

„საპატიო ქუთაისელი“

საპატიო ქუთაისელთა მრავალრიცხოვან რიგს შეემატა ღირსეული პიროვნება, ჩვენი ქალაქის დიდი მეგობარი ნიუ-პორტიდან, ბატონი დერეგ ბატლერი.

ქუთაისისათვის ეს წელი იმითაც იყო გამორჩეული, რომ მისი სახელი საქართველოს საზღვრებს კიდევ ერთხელ გასცდა და დაძმობილებულ ქალაქ ნიუპორტის ცენტრში ერთ-ერთ, ყველაზე გამორჩეულ ქუჩას მისი სახელი ეწოდა.

 

მესხიშვილის „ვარსკვლავები“

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან არსებული კულტურის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, ორ ღვაწლმოსილ ქუთაისელ მსახიობს - ანზორ ხერხაძესა და ერემია სვანაძეს ვარსკვლავი მშობლიური თეატრის წინ გაუხსნეს.

 

***

საკადრო ცვლილებები და ახალი პროექტები ქუთაისში წლის დასასრულსაც მოხდა, თუმცა ამაზე საუბარი მომავალი წლისათვის გადავდოთ. გაზეთი „P.S.“ ბედნიერ, წარმატებულ 2011 წელს გისურვებთ და მომავალ წლამდე გემშვიდობებათ.

 

ნესტან ჩაგელიშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1532
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია