დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისური „ლას-ვეგასი“
2010/12/06 14:31:19

ოდნავ შებინდებულ ქუთაისში თუ რომელიმე აბრა მიმზიდველად ბრჭყვიალებს, მის წინ კი ახალგაზრდების სიმრავლეა (რომელთა უმეტესობას სახეზე „უბედურება“ აწერია და „გაფუმფლების“ თავიდან ასაცილებლად ათასგვარ რამეს იგონებს), უნდა იცოდეთ, რომ აქ ტოტალიზატორები, კაზინოები და სლოტ-კლუბებია. ისინი ქალაქში ისე მომრავლდნენ, ცოტაც და, თავი „LAS VECAS-ში გეგონებათ. აქვს კიდეც ასეთი წარწერა ერთ-ერთ მათგანს. 

 

იბადება კითხვა: იქ, სადაც მოსახლეობის უმეტესობა გაჭირვებულია, რა გარანტიით და მოლოდინებით იხსნება ახალ-ახალი სლოტ-კლუბები? არადა, ფაქტია, რომ ამ კლუბებს არსებობის საშუალებაც აქვთ და მოგებაც, ასე რომ არ იყოს, რატომ გამრავლდებოდნენ.

ნიკა, 25 წლის: „ეს დაავადებაა, რომლის განკურნება ძალიან ძნელია. მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ მიზეზზე, რამ მიიყვანა ადამიანი აქამდე. ჩემს მაგალითზე გეტყვით. როდესაც უნივერსიტეტი დავამთავრე, სამსახურის ძებნა დავიწყე. საუბედუროდ თუ საბედნიეროდ, ქუთაისში ბევრი იურისტია, ამიტომ ვერსად დავსაქმდი. სახლში ჯდომით კი საკუთარი თავი ფუნქციადაკარგულად აღვიქვი. თითქოს ტვინის დეგრადირება დამეწყო. გარეთ გამოვედი, აქ კი რა დამხვდა? ტოტალიზატორი, რომელიც იქცა ადგილად, სადაც ხალხთან მაქვს ურთიერთობა. საუბედუროდ, შევეჩვიე. მაგრამ ვხვდები, რომ მოვექეცი ისეთი ადამიანების წრეში, რომელთაც თამაშის მეტი არაფერი აინტერესებთ. მართალია, მათთან თავს კარგად ვერ ვგრძნობ, მაგრამ ამ ეტაპზე სხვა ალტერნატივა არ მაქვს. სამსახურს ისევ ვეძებ, იმედი მაქვს, დავაღწევ თავს ამ ჭაობს.“

უმუშევარი, თვითრეალიზების გარეშე დარჩენილი ადამიანები, სამწუხაროდ, ადვილად ხვდებიან სათამაშო ბიზნესის მსხვერპლნი. ეს ყველაფერი კი ჩვენს ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით არის გამოწვეული. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მისი მოქალაქეების დასაქმებაზე, რადგან რაღაც ბერკეტები მის ხელში, რა თქმა უნდა, არის. ქუთაისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, 1 იანვრიდან ტოტალიზატორის, ბინგოს და ლოტოს სალაროზე კვარტალური მოსაკრებელი 2500 ლარის ნაცვლად 4500 ლარი გახდა, სათამაშო აპარატებზე კი 800 ლარი გაიზარდა 2100-მდე.

„კანონი გვაძლევს ამის საშუალებას, ზედა ზღვარი სალაროზე 7500 ლარით განისაზღვრა, ჩვენ დავადგინეთ 4500 ლარი. გათვლა გაკეთდა იქიდან გამომდინარე, რომ ეს ბიზნესი გადახდისუნარიანია, წინა წელს გეგმა 135% შესრულდა. არ ავიღეთ მაქსიმალური ზღვარი, ბიუჯეტისთვის ფული კარგია, მაგრამ არ გვინდოდა, რომ ისე გამოსულიყო, ბევრის მონდომებით არაფერი აგვეღო. ექსპერტების გათვლის საფუძველზე, ბიზნესის მფლობელებთან კონსულტაციებით გადაწყდა მოსაკრებლის ოდენობა. ეს ბიუჯეტში დამატებით ხარჯებს გააჩენს, რაც ქალაქის განვითარებას მოხმარდება,“ - განაცხადა საკრებულოს წევრმა ტარიელ მესხმა.

კანონის მიღებას ოპოზიციის წარმომადგენელმა დეპუტატმა, მამუკა მღვდელაძემაც დაუჭირა მხარი: „სამწუხაროდ, ყველაზე მეტად. სათამაშო ბიზნესი მუშაობს ქუთაისში. გადამეტებულიცაა. არ არის საჭირო, ახალ-ახალ მოთამაშეებს მიეცეს სტიმული. ჩემი კოლეგების ახსნა, რომ მოსაკრებლის მომატებით უფრო ცოტა ითამაშებს, ეს არასწორი მიდგომაა. რადგან მოთამაშეების შემცირებას სათამაშო ბიზნესზე ზეწოლა ვერ უზრუნველყოფს. მოთამაშეების რაოდენობის შემცირებას სხვა პრევენციული ღონისძიება სჭირდება. ალტერნატივა უნდა შევთავაზოთ იმ ახალგაზრდებს, რომ თავისუფალ დროს ტოტალიზატორებში არ ხარჯავდნენ. მაგრამ ეკონომიკის სამინისტრომ რომ გამოიტანა ანგარიში - მოსაკრებლის გაზრდით (2 მილიონი ლარით) შეიძლება შეივსოს ბიუჯეტი შეიძლება, ამბიციური განცხადებაა, მაგრამ 1 მილიონიც რომ შემოვიდეს ბიუჯეტში, ესეც ძალიან კარგია. ოღონდ, ამით ვიღაცამ ხელი არ უნდა მოითბოს. არ უნდა მოხდეს მონოპოლია ამ სფეროში. თუ აქეთკენ იქნება მიმართული, 6 თვის ანალიზის შემდეგ გადავხედავთ ყველაფერს,“ - განაცხადა მამუკა მღვდელაძემ.

რას ფიქრობენ თავად სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები?

გიგა მერაბიშვილი, ტოტალიზატორ „ტოტალ-ბეთის“ მენეჯერი: „გადასახადები აისახება მოთამაშეებზე. მოსაკრებლის თანხის მომატება კარგია ბიუჯეტისთვის, მაგრამ ჩვენ მუშაობის საშუალება თუ არ მოგვცეს, დაიხურება ეს დაწესებულებები და უმუშევარი დარჩება ის ხალხი, ვინც აქ არის დასაქმებული. როცა ადამიანს ერთხელ გაუზრდი გადასახადს და შემოსავლის წყარო მაინც აქვს, კიდევ ჩნდება ხელახლა გაზრდის ბუნებრივი მოთხოვნილება, მთავრობა ამ ნაბიჯს ყოველთვის გადადგამს. არალოგიკურია მსჯელობა, რომ გადასახადის გაზრდას დაეთანხმოს სუყველა, ეს არც ერთი ბიზნესმენის ინტერესებში არ შედის. ჩვენ არ ვზრუნავთ იმაზე, რომ მოსახლეობა დღე და ღამე იჯდეს ტოტალიზატორებში. თუ ახალგაზრდები დასაქმდებიან, მათ არც დრო და არც სურვილი ექნებათ თამაშის, რაც უფრო ბევრი ადამიანი იმუშავებს, ყველასთვის კარგია.“

ჩვენს მიერ გამოკითხული ადამიანები კი დადებითად აფასებენ ამ კანონს:

თენგო ყუბანეიშვილი, 18 წლის (სტუდენტი): „ხალხი დიდი რაოდენობით აგებს თანხას, შესაბამისად სწორად მიმაჩნია, რომ ფული მეტი უნდა შევიდეს ბიუჯეტში, ჩვენს ქალაქს მაინც მოხმარდება, თუ მოხმარდა მართლაც... მე მყავს მეგობრები, რომლებიც ტოტალიზატორებმა და პოკერ-კლუბებმა გააკოტრეს, თამაში ძალიან აზარტულია.“

საუბედუროდ, საზოგადოებამ იცის ბევრი ფაქტი, როცა ადამიანები წაგებული დიდი თანხის გამო სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებენ. ასე რომ, თემა, რომელსაც შევეხეთ, უაღრესად მწვავე და აქტუალურია.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1947
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია