დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
პრემიერ-მინისტრის საქმიანი ვიზიტი ბრჭყვიალა შუშების ფონზე
2010/12/06 14:03:10

ამიერიდან ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური გაორმაგებული ენერგიითა და სტიმულით შეუდგება მოქალაქეების დახმარებას. 2 დეკემბერს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ქუთაისის განახლებული სასწრაფო დახმარების ცენტრი გახსნა, რომლის რეაბილიტაცია 6 თვეა მიმდინარეობს და ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა ქვეყნის მესამე პირმა სიამაყით აღნიშნა, რომ ასეთი მაღალი დონის, ევროპული სტანდარტების შესაბამისი შენობა თბილისის სასწრაფო დახმარების ცენტრსაც არ აქვსო.

მაგრამ მხოლოდ შენობა არ ეყოფა იმ ადამიანებს, რომლებსაც სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. ლამაზი ნაგებობა თვალსაც ახარებს, გულსაც და ჩამოსულ ტურისტსაც, მაგრამ, არა მგონია, ჩამოსული უცხოელი ჩვენი სასწრაფო დახმარების მანქანებით მოიხიბლოს. თანამშრომლებს ტექნიკურად გამართული ავტომობილები უფრო ესაჭიროებათ, მეტი ოპერატიულობისთვის... ამჟამად 36 დანაყოფი მუშაობს და მათ 9 მანქანა ემსახურებათ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთ-ერთმა ექთანმა აღნიშნა, რომ წამლებითა და საჭირო აღჭურვილობით უზრუნველყოფილნი არიან, თუმცა გადაადგილება ხშირად პრობლემას წარმოადგენს. „მანქანებიც დაზიანებულია გახშირებული ავარიების გამო. როცა გამოძახებაზე მივდივართ, გზას არ გვითმობენ, ან ავადმყოფის პატრონი გვეჩხუბება, ან წინ მიმავალი მანქანის მძღოლი“ - სიცილით მიამბო ინკოგნიტო ექთანმა.

ისე, ნიკა გილაურის სასარგებლოდ მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი პრემიერი გაცილებით უშუალო და დაინტერესებულია ადგილობრივი პრობლემებით, ვიდრე პრეზიდენტი. მეტ ინფორმაციასაც ფლობს ქალაქში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მისი ვიზიტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში საკმაო ხანს გაგრძელდა ადგილობრივი ჩინოვნიკების გარემოცვაში (საკრებულოს ნაციონალური ფრთა, გუბერნატორი, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები, მერი და ა.შ.).

მისი პუნქტუალურობისა კი  რა მოგახსენოთ: 2 საათის დაგვიანებით მოვიდა, თუმცა ამით კარგად ისარგებლა ქალაქის დასუფთავების სამსახურმა და „გააწკრიალა“ ახალი შენობის წინ მდებარე „ვითომ“ სკვერი. ალბათ, დროის მხოლოდ ამ მონაკვეთში მოახერხეს ამ პრობლემის მოგვარება, არადა, რა დასუფთავება უნდოდა იმ ადგილს, ყურადღება არავის მიუქცევია, იმდენად უფერულად გაუკეთებიათ...

ამის შემდეგ პრემიერმა თანამედროვე სტანდარტების (ანუ შუშით გაფორმებული დიზაინი) შესაბამისად გარემონტებული ფინანსთა სახლი გახსნა, რომელშიც შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონული ცენტრი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთი-რაჭა-ლეჩხუმის სამმართველო (თუმცა შემოსავლების სამსახურის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელმა ლადო ქარქაშაძემ აღნიშნა, რომ აქ იმერეთი-ქვემო სვანეთი-ლეჩხუმის სამმართველო გადმოვიდა. ნეტავ სიმართლეს რომელი შეესაბამება?!) და აუდიტის დეპარტამენტის შემოწმებების მთავარი სამმართველოს მეხუთე განყოფილება განთავსდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2009 წლის მაისში დაიწყო და 2 მილიონი ლარი დაიხარჯა. ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა აღფრთოვანება ვერ დამალა: ამ შენობის გადამკიდე, შემოსავლებს ვინღა დამალავსო... მაგრამ, ბატონო რამაზ, ვაი რომ ქართველს ბრჭყვიალა მინები ვერც თვალს ჭრის და ვერც ფინანსური „ცუღლუტობის“ სურვილს უკარგავს. ფინანსთა სახლის თანამშრომლები ახლა განახლებული ენერგიით დაეხმარებიან მოქალაქეებს თავიანთი ჯიბის „განკურნებაში“ და ჩვენს ბიუჯეტსაც დაეტყობა გამჭვირვალე ფინანსთა სახლის გამართული მუშაობის კვალი...

ყოველივე ამის შემდეგ პრემიერის დახურული შეხვედრა გაიმართა იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან, შეხვედრაზე 2010 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგები და 2011 წლისთვის დასახული გეგმები უნდა განეხილათ, იმედია, განიხილავდნენ (სხდომა ჟურნალისტებისთვის დახურული იყო) და სასიკეთო გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ კიდეც. ყველაფერს 2011 წელი გვიჩვენებს...

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1644
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია