დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ვინ გააკეთა უხარისხო რემონტი კოპიტნარში?
2010/11/22 14:11:06

დაახლოებით ერთი წლის წინ, მე-4 სამხედრო დასახლებაში ჩასახლებულ დევნილებს ბინები გაურემონტეს. ამ დასახლებაში 4 და 5 სართულიანი, 13 კორპუსია. ორი თვის თავზე რემონტმა ჩამოშლა დაიწყო, რითაც დევნილები უკმაყოფილონი არიან.

 

ერთ-ერთმა მათგანმა, იზო უზარაშვილმა, „P.S.“-თან საუბარში განაცხადა: „რემონტიდან ერთი თვეც არ იყო გასული, გაფუჭდა ყველაფერი. სამზარეულოში გაკეთებული მეტლახი ცვივა და როგორღაც ვამაგრებთ. კედლიდან გაჯი ჩამოიშალა, აბაზანა ნახევრად გაუკეთებული დამიტოვეს მუშებმა. კი ჩაგვისვეს ეს ახალი მეტალოპლასტმასის ფანჯრები, მაგრამ, როგორც კი იწვიმებს, წყალი მაშინვე შიგნით შემოდის, ამან გაკრული შპალიერიც გამიფუჭა. ასე უხარისხოდ გაკეთებულს, ისევ ის ჩემი ძველი ფანჯრები მერჩია!“

მოსახლეობის თითქმის ნახევარს მსგავსი პრობლემები აქვთ. ზოგიერთი მობინადრე ხელახლა, საკუთარი ხარჯებით ცდილობს რემონტის გაკეთებას. შედარებით მოგებულნი დარჩნენ ისინი, ვინც რემონტის დროს მათთვის გამოყოფილ ფინანსებს საკუთარი ფულიც დაუმატა და უფრო ხარისხიანად გაარემონტებინა ბინა.

მოსახლეობამ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ როცა დევნილთა მინისტრი კობა სუბელიანი იყო ჩამოსული, ის სწორედ იმ ბინაში შეიყვანეს, რომელიც დევნილის ხარჯებით იყო ხარისხიანად გაკეთებული და არა-სახელმწიფოს მიერ.

ჩვენ ვეწვიეთ ქალბატონ ბელა ღარწკიას, რომელსაც ეს ფაქტი ჩვენთვის არ დაუმალავს: „სამშენებლო კომპანია „ოდამ“ გაარემონტა ჩემი ბინა. მე ჩემი ფული დავამატე და უფრო კარგი რემონტი გავაკეთებინე მუშებს. სუბელიანი რომ ჩამოვიდა ერთხელ, მაშინ ის და აფციაური სწორედ ჩემს ბინაში იყვნენ შემოსულნი, დაათვალიერეს ეს ბინა. მართალია, მათი სახსრებიც ურევია ცოტა, მაგრამ მთლიანად მათი გაკეთებული კი არაა.“

დასახლებაში არის ბინები, რომლებიც გარემონტებულია, მაგრამ ჯერ არავინ ცხოვრობს. ამ ბინებში სააბაზანოს მოწყობილობა არაა. დევნილებმა გვიამბეს, რომ თავიდან ყველა ბინაში თანაბრად გადაანაწილეს ყველაფერი, მაგრამ რემონტი რომ დამთავრდა, რიგ ბინებში უკვე აღარ იყო აბაზანის მოწყობილობა. სად და ვინ წაიღო, არ იციან.

მოსახლეობას ძალიან აწუხებს კანალიზაციის პრობლემა, განსაკუთრებით-მზიან ამინდში, როცა მძაფრი სუნი დგება. მათ აინტერესებთ, მილების გამოცვლა შედიოდა თუ არა რემონტში.

ამ და სხვა კითხვებზე პასუხების მისაღებად მივმართეთ იმერეთის რეგიონში დევნილთა სამმართველოს უფროსს, ბატონ დავით აფციაურს, თუმცა მან ამ თემაზე ჩვენთან საუბრი პირადად არ ისურვა. საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენლის, ნათია ჩუბინიძისგან კი მივიღეთ ინფორმაცია, რომ კოპიტნარში გაკეთებული რემონტის ხარისხზე პასუხისმგებელია მუნიციპალური განვითარების ფონდი, რომელმაც ჩაატარა რემონტი. ამ ფონდის ფილიალი ქუთაისში არ არის. დევნილთა სამმართველოსგან ვერ მივიღეთ ფონდის ზუსტი კოორდინატები. ჩვენ მოვიძიეთ მუნიციპალური განვითარების ფონდის ელექტრონული მისამართი, დავუკავშირდით მათ და მივწერეთ კოპიტნარის მოსახლეობის პრობლემებზე, ასევე, გავუგზავნეთ კითხვები, თუ ვინ არის პასუხისმგებელი უხარისხოდ გაკეთებულ რემონტზე? თუმცა მათგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

 

მაკა გასაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1562
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია