დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ხელისუფლების გაკეთებული ხელმეორედ გასაკეთებელია!
2010/11/15 13:48:34

ქუთაისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი - „თეთრი ხიდი“ კვლავ სარემონტოა. მყარი მასალისაგან არ აკეთებენ, თუ მშენებლობისას „ეკონომიას“ ეწევიან, ესეც სკითხავია!.. მართალია, ხიდს სარესტავრაციო-სარემონტო სამუშაოები ყოველ სამ თვეში ერთხელ უტარდება, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც შესაკეთებელია: თუ ადრე ასფალტი იბზარებოდა და სკდებოდა, ახლა პლასტმასის ლამაზ ფილებს ხრახნი დაეხსნება და იქვე, ახლოს მიმოიფანტება ხოლმე...

თეთრი ხიდიდან წმინდა ნინოს ქუჩისკენ რომ გავუყვებით, ახლადდაგებული ფილები შეგხვდებათ. სილამაზით თვალს მოგჭრით, მაგრამ მის ხარისხიანობას ნუ იკითხავთ. ქვის ფილას მოულოდნელად ფეხი თუ წამოჰკარით, შესაძლოა ქვიშის ბუდიდან ისე სხარტად ამოსრიალდეს, თვალის დახამხამებაში ბეტონზე გაიშხლართოთ. წმინდა ნინოს ქუჩაზე რამდენიმე ადგილზე შეხვდებით ამოცვენილ ქვებს, იქვე მიმოფანტულს...

ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს ანდრო მაღლაკელიძეს ვეწვიეთ.

 

- ბატონო ანდრო, დავიწყოთ თეთრი ხიდით, ის რამდენიმეჯერ შეაკეთეს, თუმცა ისევ სარემონტოა. როდის მიიღებს ხიდი საბოლოო სახეს?

- მე თეთრი ხიდის რეკონსტრუქციის პროცესში ნამდვილად არ ვიყავი ჩართული და მაგ თემაზე კონკრეტულ, კომპეტენტურ პასუხს ვერ გაგცემთ.

- რატომ?

- იმიტომ, რომ, რაღაც სამი თვის დანიშნული ვარ. თუმცა შუა ნაწილის აღდგენა მხოლოდ ერთხელ მოხდა, ჩატეხილობის თუ ჩამტვრეულობის გამო. სხვა, მსგავსი შემთხვევა არ გვქონია(?!), ყოველ შემთხვევაში, ჩემი მუშაობის პერიოდში მაინც. 2011 წლისთვის კი, ქალაქის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ხიდის აღდგენა-რეაბილიტაცია მოხდება.

ის მასალა, რომელიც თავის დროზე იყო გამოყენებული, არ გამოდგა და ვფიქრობთ, ან მასალა შეიცვალოს, ან ტექნოლოგია დაიხვეწოს და დამუშავდეს. ხოლო კონკრეტულად რა მასალას გამოვიყენებთ, ზუსტად ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ ამას შესაბამისი სტრუქტურა შეარჩევს. ამ პროექტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

- რამდენი დაჯდება ხიდის მორიგი რეკონსტრუქცია?

- ზუსტად ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ დანამდვილებით არ ვიცი.

- რა გარანტია გაქვთ, რომ „თეთრი ხიდი“ ისევ არ იქნება დაზიანებული? თავის დროზე არ ფიქრობდნენ, ხელოვნური ფილა რომ პრობლემატური იქნებოდა?

- დიდი ბოდიში, მაგრამ შვილმა მამის ცოდვაზე პასუხი არ უნდა აგოს. რატომ მოხდა ხიდის ჩანგრევა და მისი რეაბილიტაცია, მე ვერ გეტყვით. ამაზე ჩემი წინამორბედია პასუხისმგებელი.

- რაც შეეხება ქვაფენილს, მართალია, იგება, მაგრამ რამდენიმე კვირაში ისევ გასაკეთებელია...

- ქვაფენილი მხოლოდ წმ. ნინოს ქუჩაზე, ერთ ადგილზეა ამოყრილი(?!). სხვაგან ნამდვილად არ მინახავს. ჩემი მუშაობის პერიოდში, არც ეს გზა მოპირკეთებულა. მე ნამდვილად არ ვიცი, ადრე რა იყო და ჩემი წინამორბედი რას აკეთებდა. პასუხს იმაზე ვაგებ, თუ ახლა რა და როგორ კეთდება. გეტყვით იმასაც, რომ დაზიანებულ ადგილს აღვადგენთ, მაგრამ არა - ბიუჯეტის ხარჯით. კეთილი ხალხი მრავლადაა ქალაქში, რომელიც შეძლებს ამის გაკეთებას. საქმე მართლა შეიძლება მალე გააკეთო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - უხარისხოდ. ჩვენ ხარისხს ყველაზე მეტ ყურადღებას ვანიჭებთ. არ მაინტერესებს, როგორ იყო ჩემამდე. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე უხარისხოდ გაკეთდება, შემსრულებლის მიერ თავიდან იქნება ყველაფერი გაკეთებული, ყოველგვარი ზედმეტი თანხის გადახდის გარეშე.

- სამომავლოდ კიდევ რას გააკეთებთ?

- ქალაქის მასშტაბით ვაპირებთ გარეგანათების დამონტაჟებას 100%-ით, ანუ არცერთი ჩიხი არ იქნება დარჩენილი გაუნათებელი. ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. ქალაქში არა მხოლოდ ასფალტირებული გზა, არამედ ბეტონის ფილებიც დაიგება.

- ეს ყოველივე რა თანხებთანაა დაკავშირებული?

- დაახლოებით ერთ მილიონ ლარამდე.

- ხარისხს რაც შეეხება?

- პირობას გაძლევთ, ჩემი ხელმძღვანელობის დროს. ყველაფერი ხარისხიანად იქნება გაკეთებული.

 

ნანა კუკულავა

ნოდარ ჯოჯუა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1662
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია